თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის „საქართველოსთვის" მიზანია სიმართლის დადგენა შოვში განვითარებული მოვლენების შესახებ, რათა მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს მომავალში, ხოლო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა პროცესს მხოლოდ პოლიტიკურ დაპირისპირებად აქცევს, ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
კომისიის შექმნის ინიციატივით, რომელიც გამოიძიებდა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს, გამოავლენდა პასუხისმგებელ პირებს, ასევე იმას, შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, ოპოზიციის ნაწილი გამოვიდა, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", პარტია „ლელო საქართველოსთვის" და პარტიის „ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე. კომისიის შექმნის წინააღმდეგია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".
„ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია შოვის ტრაგედიაზე დადგინდეს სიმართლე, ობიექტურად შეფასდეს სახელმწიფოს რეაგირება, გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები და მომავალში თავიდან ავირიდოთ მსგავსი ტრაგედიები... რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, იმისათვის, რომ კომისიის გზით დადგინდეს სიმართლე, ეს თანაბრად უნდა იყოს ყველას ინტერესში, რასაც სამწუხაროდ დღეს ვერ ვხედავთ", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ნაცმოძრაობა" კომისიის შექმნას იყენებს ადამიანური ტრაგედიიდან მორიგი პოლიტიკური სარგებლის მისაღებად, ხოლო „ქართული ოცნება" – „ნაციონალური მოძრაობის" ამ მავნებლურ პოლიტიკას სიმართლის, თავად კომისიის და დაზარალებულების დისკრედიტაციისთვის, რითაც ნებისმიერ, პირველ რიგში კი, მორალურ პასუხისმგებლობას არიდებს თავს.
„მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა პროცესის პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაყვანაა, რაც სიმართლის დადგენას კი არ მოემსახურება, არამედ დაეხმარება „ოცნებას", ჰიბრიდული საინფორმაციო ომი აწარმოოს საკუთარ მოქალაქეების წინააღმდეგ, აბსურდული ნარატივით დაუპირისპირდეს ოპოზიციას და სტიქიით დაზარალებულ ადამიანებსაც კი, და საბოლოოდ მოიხსნას ნებისმიერი პასუხისმგებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ექს-პრემიერის პარტიაში აღნიშნავენ, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე დაიწყებოდა საუბარი, მათ დაიწყეს საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით წინასაგამოძიებო პროცესი და ათობით კითხვით მიმართეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს.
„საზოგადოებას დღეს აინტერესებს სიმართლე და არა „ნაცმოძრაობის" და „ოცნების" მიერ დადგმული მორიგი პოლიტიკური ფარსი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანიც არის სიმართლის დადგენა და მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე სრულყოფილი პასუხების გაცემა ნორმალური ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნათელი გახდება ხელისუფლების ბრალეულობაც და პასუხისმგებლობისგან დამალვის მცდელობაც, რაც შეიძლება ლოგიკურად გახდეს საგამოძიებო კომისიის შექმნაზე შინაარსობრივი მსჯელობის ერთ-ერთი საფუძველი.
„ამავე დროს, თუ „ნაცმოძრაობა" არ შეწყვეტს მავნებლურ პოლიტიკას და კვლავ მოევლინება მაშველ რგოლად „ოცნებას", რის შედეგადაც „ოცნება" მოახერხებს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, „ნაცმოძრაობა" „ოცნებასთან" ერთად თანაბრად გაიზიარებს პასუხისმგებლობას შოვის ტრაგედიის ირგვლივ სიმართლის დადგენის და გაკვეთილის გამოტანის პროცესის ჩაშლაზე და ორივე ძალას მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა ადამიანების ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის სულ ცოტა 50 დეპუტატია აუცილებელი. ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობაში 140-დან 84 დეპუტატი შედის.
ბოლო მონაცემებით, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 8. მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.