ცოცხანა, ანუ „ისიდას ცრემლი" - მაგიური სამკურნალო მცენარის სასარგებლო თვისებები

ცოცხანა უამრავ დაავადებას შველის, მათ შორის, აყუჩებს თავისა და კბილის ტკივილს, კარგი საშუალებაა შაკიკის, რევმატიზმის, პოდაგრის, ჰიპოტონიის, ანემიის, იმპოტენციის, ზოგადი სისუსტის, ღვიძლის, თირკმელებისა და სხვა დაავადებების დროს.
Sputnik
ცოცხანა (Verbena) — მცენარეთა გვარი ცოცხანასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია 200-ზე მეტი სახეობა. საქართველოში გვხვდება სამი სახეობა, აქედან ერთი ენდემურია.
ცოცხანას, სხვაგვარად ცოცხობას სინონიმებია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: კარაზანა, მოზვრიკუდე, ცახა-ცახა, ცოცხა-ცოცხა, ცოცხი შავი, ციცხმაგარა, სამაჭრია, შავი ცოცხი.
ცოცხანა გავრცელებულია ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე სიმაღლეზე, უპირატესად თბილი კლიმატის ქვეყნებში: კავკასიაში, შუა აზიაში, უკრაინაში, ამერიკაში და ა.შ.
ძველ ეგვიპტეში ცოცხანა ქალღმერთ ისიდას კურთხეულ მცენარედ მიიჩნეოდა და „ისიდას ცრემლი" ეწოდებოდა.
ძველ რომაელებსა და ბერძნებს მიაჩნდათ, რომ ცოცხანას ბედნიერება მოაქვს. მცენარე, ტრადიციულად, სახლში ჰქონდათ, რათა ავი სულებისგან დაეცვათ თავი. მისი ტოტებით წმენდნენ საკურთხეველს და ჩუქნიდნენ მას, ვისთვისაც სიკეთე სურდათ. ცოცხანას ყვავილებს კი ვაჭრობისა და გამდიდრების ღმერთს, მოგზაურთა მფარველ მერკურის უძღვნიდნენ.
წყლის კაკალი - იდუმალი, ლამაზი, მივიწყებული სამკურნალო მცენარე
ცოცხანასგან ამზადებდნენ დამცავ თილისმებს, რომელსაც რომაელი მეომრები ატარებდნენ. მათ სწამდათ, რომ ის ჭრილობებისგან დაიცავდა. გალები მიიჩნევდნენ, რომ მცენარე ჯადოებისგან იცავდა ადამიანს და მას „ეშმაკის შხამს" უწოდებდნენ.
ცოცხანას სამეცნიერო დასახელება Verbena (ვერბენა) ძველრომაული დასახელებიდან მოდის, რომელსაც მსხვერპლშეწირვისა და ქურუმების რიტუალებში მონაწილე მცენარეებს ანიჭებდნენ. სიტყვა Verbena, თავის მხრივ, ლათინურად „სიტყვას" ნიშნავს, რადგან ასეთ მცენარეებთან ფიცს დებდნენ.
ჯონჯოლი და მისი უცნობი უნიკალური თვისებები>>
მცენარეს სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებდნენ.
ცოცხანას შემადგენლობა
სამკურნალოდ იყენებენ ყვავილებს, ყლორტებსა და ხანდახან - ფესვებს.

ცოცხანას ყველა ნაწილი შეიცავს მწარე ნივთიერებებს, ეთერზეთებს, კაჟმჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს, ემულსინს, ლორწოს, გლიკოზიდებს, სტეროიდებს, საპონინებს, კუმარინებს, ფლავონოიდებს, კაროტინს, მიკროელემენტებს. აყვავებული ტოტები შეიცავს ალკალოიდებს, დიდი რაოდენობით სალიცილის მჟავას. ფოთოლი მდიდარია ფიტონციდებითა და С ვიტამინით.
კრიალოსანა და მისი სამკურნალო თვისებები
ცოცხანას სასარგებლო თვისებები
ცოცხანას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, კუჭში შემკვრელი, მატონიზირებელი, ოფლმდენი, დამამშვიდებელი თვისებები. ხელს უწყობს ნაღვლის დენას, ახასიათებს ორგანიზმის ზოგადი გამაჯანსაღებელი, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, არის კარგი ამოსახველებელი, ანტიალერგიული, სიცხის დამწევი საშუალება. მწარე ნივთიერებები აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, მადას, ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, ააქტიურებს ნერვების საქმიანობას.

ცოცხანას იყენებენ თავისა და კბილის ტკივილის დროს, შაკიკის, რევმატიზმის, პოდაგრისას. ასევე გამოიყენება ჰიპოტონიის, ზოგადი სისუსტის, ანემიის, შემცირებული მენსტრუაციის დროს. ის ასტიმულირებს ლაქტაციას, საშვილოსნოს შემცირებას. მამაკაცებისთვის რეკომენდებულია, როგორც სქესობრივი ფუნქციის მოსაწესრიგებელი საშუალება.

ცოცხანას პრეპარატებს შინაგანად იყენებენ გაციების, ხველების, ბრონქიტის, ლარინგიტის, ქრონიკული გასტრიტის დროს დაბალი მჟავიანობით, ღვიძლის დაავადებების დროს, ასევე თირკმლების, შარდმდენი გზების, ფილტვების ანთების, ელენთის პრობლემების, თრომბოზების, ათეროსკლეროზის დროს.
არ გადაყაროთ მანდარინის ქერქი - ის მრავალ დაავადებას ებრძვის>>

შუა საუკუნეებში ცოცხანათი მკურნალობდნენ ეპილეფსიას, კეთრს, თმის ცვენას, თვალების ანთებას. ღვინოზე დამზადებულ ფოთლის ნაყენს კი სვამდნენ გველის ნაკბენის დროს.

ცოცხანას ნაყენსა და ნახარშს გარეგნულად იყენებენ კომპრესების, აბაზანის სახით გამონაყარის, კანის ანთებითი დაავადებების, ძირმაგარას, წყლულების დროს, ჭრილობების შესახორცებლად, საყმაწვილოს, ეგზემების, ნეიროდერმიტის, აკნეს, ფსორიაზის, დაჟეჟილობის სამკურნალოდ. ახალი ფოთლებისგან დამზადებულ ფაფისებრ მასას იყენებენ ჰემატომის გასაწოვად, ჭრილობების შესახორცებლად.
ხალხურ მედიცინაში ცოცხანას იყენებენ ნერვული გამოფიტვის დროს, სისხლის გასაწმენდად. მისი ფესვების ნახარშს – ციებ-ცხელების, ღვიძლის დაავადებების, თავის ტკივილის, ძირმაგარას, ათეროსკლეროზის დროს.
ექინაცეა, ანუ „ოქროს ყვავილი" - ნომერი პირველი იმუნიტეტის ასამაღლებლად
ნაყენის სახით, გამოსავლებად, ცოცხანა შველის ღრძილების, ხახისა და ყელის ანთებას, აქრობს უსიამოვნო სუნს პირიდან. კორეულ, ტიბეტურ და ჩინურ მედიცინაში ცოცხანა გამოიყენება, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, ხოლო ინდოეთში, როგორც კონტრაცეპტული საშუალება.

ცოცხანა ასევე გამოიყენება კულინარიაში – მის სხვადასხვა ნაწილს ამატებენ მარინადებში.
ცოცხანას ხალხური რეცეპტები
ნაყენის დამზადების წესი ათეროსკლეროზის, თრომბოზის, თრომბოფლებიტის, მაღალი ტემპერატურის, ძალების დაქვეითების, გამოფიტვისა და ნერვული „აფეთქებების", უძილობის, თავის ტკივილის, შაკიკის, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების, მენსტრუალური ციკლის აღდგენის, ლაქტაციის გაძლიერების, თირკმელების, ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების მუშაობის გაუმჯობესებისთვის: 2 ჩაის კოვზ ცოცხანას დაასხით 250 მილილიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1/3 ჭიქის ოდენობით. ამ ნაყენის გამოყენება შეგიძლიათ გარეგნულადაც: პირის ღრუში გამოსავლებად, ანგინის, სტომატიტის დროს, ეგზემის, ფსორიაზის და კანის სხვა დაავადებებისას.
თხილი, მისი ნაჭუჭი, ფოთოლი და ქერქი – სასარგებლო თვისებები
ცოცხანას ნაყენი ხველებისთვის: 1 ჩაის კოვზ მშრალ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ და შემდეგ გადაწურეთ. ეს ერთი ჭიქა 3-4 პორციად გაანაწილეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში თბილი სახით.

ცოცხანას ნაყენი შაკიკის, ნერვული გამოფიტვის დროს: 3 ჩაის კოვზ ცოცხანას დაასხით ანადუღარი და გაციებული 2 ჭიქა წყალი. გააჩერეთ 6-8 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ დღის განმავლობაში ყლუპ-ყლუპად.

ცოცხანა კანის დაავადებების სამკურნალოდ და ჭრილობების შესახორცებლად: 4 სუფრის კოვზი მცენარე დოლბანდში გადაახვიეთ და 30 წამის განმავლობაში ჩაუშვით მდუღარე წყალში. შემდეგ გააციეთ მისაღებ ტემპერატურამდე და დაიდეთ კანის დაზიანებულ ადგილებზე ერთი საათის განმავლობაში, დღეში ორჯერ.
გრეიპფრუტი და მისი სასარგებლო თვისებები>>
ცოცხანას მიღება არ შეიძლება
ორსულობის დროს, რადგან ნაადრევი მშობიარობის ან ორსულობის შეწყვეტა შეიძლება გამოიწვიოს;
მცენარის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობის დროს;
ჰიპერტონიით დაავადებულებისთვის;
14 წლამდე ბავშვებისთვის.
გასათვალისწინებელია, რომ ცოცხანა სუსტად შხამიანი მცენარეა, ამიტომ მისი მიღება აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს. არ შეიძლება მცენარის მიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ასევე სიფრთხილეა საჭირო, თუ ნაღვლის ბუშტში ან თირკმელებში კენჭებია.
P.S. ცოცხანას სამკურნალო მიზნით მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ სპეციალისტს.