თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. დღეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი დაიწყო.
სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა და დროშა აღიმართა.
საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული, ნაყოფიერი და მშვიდობიანი სასწავლო წელი უსურვა.
„განსაკუთრებით ვულოცავ ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას ჩვენს პატარებს – პირველკლასელებს. მათ დღეს პირველად შეაღეს საკლასო ოთახის კარი, სადაც თითოეულ მოსწავლეს უსაფრთხო, მეგობრული და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო დახვდა“, – ნათქვამია მინისტრის მილოცვაში.
როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, განათლებული თაობა საქართველოს წინსვლისა და განვითარების მყარი საფუძველია, მან იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდები სკოლაში მიღებული ცოდნის რეალიზებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. კერძოდ, დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება საქართველოს ისტორია, ასევე მოსწავლეებს პირველ კლასში სავალდებულო საგნად ჭადრაკი დაემატებათ.
გარდა ამისა, საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. ასევე 150-ზე მეტ სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სპორტის სახეობების ჩამონათვალს რაგბი ემატება.
ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, განათლების სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით სკოლებისთვის განახლებული რეკომენდაციები შეიმუშავა.
რეკომენდაციების მიხედვით, ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში დისტანციური სწავლების რეჟიმი შეიზღუდა. კერძოდ, დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკ-ჯგუფში შედიან.
შესაბამისად, კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში სკოლებზე არ გავრცელდება წერტილოვანი შეზღუდვები – ცალკეული კლასის/კლასების ან სკოლის სრულად დისტანციური სწავლის მოდელზე გადასვლა.