პიოტრ აკოპოვი
გასაკვირია, მაგრამ მოსკოვში ვიზიტამდე გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი არ იცნობდა ვლადიმირ პუტინს: საოცარია გერმანიასთან ურთიერთობის მიმართ რუსეთის პრეზიდენტის ინტერესისა და შოლცის პოლიტიკური სტაჟის გათვალისწინებით. ახლა მათ ერთმანეთი გაიცნეს, მაგრამ სამსაათიანი მოლაპარაკების დიდი ნაწილი დაუთმეს არა ორმხრივი ურთიერთობების მრავალრიცხოვანი საკითხების განხილვას, არამედ ომს ევროპაში.
წარმოსახვით ომს – ბოლო დროის განმავლობაში დასავლეთი საკუთარ თავსაც და მთელ მსოფლიოს არწმუნებდა „უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის“ გარდაუვალობაში. მოსკოვში შოლცის ვიზიტის წინ ალიანსელებმა ცოტა ამოისუნთქეს, ისარგებლეს რუსეთის მიერ სამხედრო წვრთნების ერთი ნაწილის დასრულების შესახებ გავრცელებული ცნობებით და დეესკალაციაზე ალაპარაკდნენ. თუმცა რუსული საფრთხის თემის ასე უბრალოდ შეწყვეტა გერმანელებისთვისაც კი უხერხულია. ამიტომ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შოლცი ხშირად იმეორებდა სიტყვებს „ომი“ და „დეესკალაცია“.
„ჩემი ვიზიტი იმართება კრიზისის ფონზე, მრავალი ათწლეულის განმავლობაში ევროპაში ყველაზე მძიმე და სახიფათო კრიზისისა. რუსეთის სამხედრო საქმიანობა და რუსული ჯარების კონცენტრაცია საზღვრების გასწვრივ ჩვენს მოლაპარაკებებში დიდ ადგილს იკავებდა, საუბარი შეეხო ასევე უსაფრთხოების გარანტიების საკითხს... ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ ასი ათასი სამხედრო უკრაინის საზღვართან იმყოფება და ამის თვალსაჩინო მიზეზები არ ჩანს. ამიტომ სასწრაფოდ საჭიროა დეესკალაცია. ამ დაძაბულ ვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია, რომ არ დაიწყოს ომი“.
ომი არც უნდა დაწყებულიყო: მოსკოვი არ აპირებდა კიევზე თავდასხმას, იგი მხოლოდ სერიოზულ მოლაპარაკებებს ითხოვს აღმოსავლეთით ნატოს არგაფართოების საკითხზე, რაზეც მას უარს ეუბნებიან და დასძენენ, რომ ალიანსში უკრაინის მიღების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ამიტომ უცნაურია, რომ ეს თემა საერთოდ განიხილება. გუშინ შოლცმა კიევში თქვა და შემდეგ კრემლში გაიმეორა:
„გაფართოება არ იგეგმება, ის არ განიხილება, დღის წესრიგში არ დგას. ამ თემაზე მსჯელობა არ მოგვიწევს, ვიდრე ყველანი ჩვენ-ჩვენ თანამდებობაზე ვიმყოფებით“.
მაგრამ მორიგი არჩევნები გერმანიაში 2025 წელს ჩატარდება – ისტორიული საზომით, პრაქტიკულად ხვალვე. ის წინადადებებიც კი, რომლებიც ზოგიერთი ალიანსელი ანალიტიკოსის მხრიდან ისმის – მისცენ რუსეთს უახლოეს 20-25 წელიწადში უკრაინის ნატოში არმიღების გარანტიები, არ წყვეტს პრობლემას, რომ არაფერი ვთქვათ რამდენიმე წელიწადზე. მაშინაც კი, თუ შოლცი კანცლერის სავარძელში, მერკელის მსგავსად, 16 წელიწადი დარჩება, ეს სულ რაღაც 2037 წელი იქნება. სწორედ ამიტომ რუსეთი გამოდის წინადადებით, საერთოდ მოიხსნას უკრაინის პრობლემა რუსეთ-დასავლეთის ან, თუნდაც, რუსეთ-ევროპის ურთიერთობების დღის წესრიგიდან უკრაინის ნატოში გაწევრიანების იდეაზე უარის თქმის გზით.
როგორც პუტინმა თქვა, „რუსეთის ძალით შეკავება ჩვენ მიერ აღიქმება ნაციონალური უსაფრთხოებისთვის პირდაპირ და უშუალო საფრთხედ, რომლის მოხსნაც სწორედ ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტების საფუძველზე იურიდიული შეთანხმებების მეშვეობითაა შესაძლებელი. ანუ, მოდით, ახლავე შევთანხმდეთ საერთო უსაფრთხოებაზე იმავე ევროპაში – ვინაა წინააღმდეგი?
გერმანელები ამას სიტყვით მხარს უჭერენ, შოლცმაც განაცხადა: „<…> ჩვენთვის, გერმანელებისთვის და ყველა ევროპელისთვის ნათელია, რომ სტაბილური უსაფრთხოება ვერ შეიქმნება რუსეთის წინააღმდეგ, ეს მხოლოდ რუსეთთან ერთად არის შესაძლებელი. აქ ერთიანი ვართ – ნატოც და ევროკავშირიც“. ლამაზად ჟღერს: არა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ მასთან ერთად. მაგრამ რეალურად იტოვებენ შანსს, ნებისმიერ მომენტში გამოიყენონ უკრაინა (ანუ ისტორიული რუსეთის ნაწილი), როგორც ინსტრუმენტი კრემლის წინააღმდეგ. სხვაგვარად რისთვის სჭირდებათ ნატოში მისი მიღების შესაძლებლობის შენარჩუნება?
როდესაც რუსეთი ამაზე საუბრობს, მას მაშინვე ომის მზადებაში ადანაშაულებენ, ნაცვლად იმისა, რომ ევროპული უსაფრთხოების სისტემური კრიზისიდან გამოსვლის გზები განიხილონ. მაგრამ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ყვირილი ამ დღეებში ჩაცხრება, მშრალ ნარჩენებში კი რა დარჩება?
აქ მნიშვნელოვანია პროპაგანდისა და რეალობის გამიჯვნა. პროპაგანდა გასაგებია. გასაგებია, რომ ბევრს ილაპარაკებენ, თითქოს დასავლეთმა იხსნა უკრაინა და თავიდან აიცილა ომი, სანქციების შიშით მოსკოვმა თავდასხმა გადაიფიქრა. „რუსეთზე გამარჯვების“ ამ პროპაგანდის გაყიდვა გაუჭირდებათ დასავლეთის საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელოვანი ნაწილისთვისაც კი, მაგრამ ამის მცდელობა იქნება, განსაკუთრებით, ანგლოსაქსების პოლიტიკურ წრეებში რთული შიდა პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით.
მეორე პროპაგანდისტული თეზისის მიხედვით, რუსეთთან მაინც საჭიროა მოლაპარაკების წარმოება მისთვის საინტერესო საკითხებზე, მაგრამ მაქსიმალურად მკაცრი პოზიციიდან, ანუ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათმობა უკრაინის მიმართულებით. საჯაროდ არავითარი პირობის მიცემა, არაოფიციალურად კი მინიშნება, რომ უახლოეს წლებში ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დახურულია.
მესამე თეზისი უკვე ჩვენი საზოგადოებრივი აზრისთვისაა – რუსეთი საბოლოოდ წაგებული დარჩა, მისი მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს, ომის წამოწყება კი პუტინმა ვერ გაბედა. ანუ სუსტი რუსეთი დასავლეთმა დაამცირა, არა თავად პუტინმა, რომელმაც წარუმატებლად სცადა ანგლოსაქსების სისუსტით ესარგებლა. ნაცვლად იმისა, რომ დაერბია მტრული მარიონეტული სახელმწიფო, პუტინი მასთან კვლავ მოლაპარაკებას აწარმოებს.
ყველა ამ თეზისს სხვადასხვა კომბინაციაში და მიზნობრივ აუდიტორიაში დავინახავთ, მაგრამ მათზე რეაქციამ არ უნდა დაჩრდილოს მომხდარის არსი. ის კი მარტივია.
დასავლეთმა უკრაინა დატოვა. არა სრულად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა უკან. რუსეთის მტკიცე პოზიციის და რუსული აგრესიის გამოგონილი საფრთხის წინაშე ალიანსელებმა უარი თქვეს უკრაინაზე სტრატეგიული კონტროლის დამყარების პრეტენზიაზე. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ლვოვში აშშ-ის საელჩოს ევაკუაცია იყო – ეს პრაქტიკულად იქცა განაჩენად უკრაინის მმართველი კლასის ბოლო იმედისთვის – „დასავლეთი დაგვეხმარება“.
რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებდა, პუტინი კი არ ელოდა, რომ ამერიკელები მაშინვე დათანხმდებოდნენ ნატოში უკრაინის არგაწევრიანების გარანტიების მოცემას, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო იმის ჩვენება, რომ მოსკოვი პრინციპულად არ დაუშვებს ნატოში მეზობელი ქვეყნის გაწევრიანებას. ეს აზრი გაიგონეს, რეაქციის სახით კი მოაყოლეს არა მხოლოდ საინფორმაციო კამპანია „რუსეთის შეჭრის“ თაობაზე, არამედ სამხედრო ინსტრუქტორებისა და საელჩოების ევაკუაცია. ჩვენი მხრივ, ეს იყო წვრთნები, მაგრამ არა უკრაინაზე თავდასხმის, არამედ იქიდან დასავლელი „მფარველების“ გაძევების მიზნით. და ეს წვრთნები მეტად წარმატებულად ჩატარდა.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე