ვიქტორია ნიკიფოროვა
ტერმინი „უცნაური ომი“ (იგივე „სასაცილო ომი“ ან, როგორც დღეს ამბობენ, „ფეიკ ომი“), როგორც წესი, გამოიყენება 1939-1940 წლებში მაჟინოს ხაზის გასწვრივ საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივი ჯარების დუნე მოქმედებების აღსაწერად. იმის დასახასიათებლად კი, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ის ნამდვილად არ გამოდგება. მეტისმეტად სუსტი ნათქვამია. იქ დღეს „მეტისმეტად უცნაური ომია“.
ყველაფერი გაქცევით დაიწყო. პირველები უკრაინიდან ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები გაიქცნენ. მათ გაბედული ბრიტანელები მიჰყვნენ. დასავლურ პრესაში ეს მეორე დიუნკერკადაა წარმოჩენილი (ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ბრიტანეთში ჰიტლერისგან ინგლისის ჯარების დიუნკერკიდან გაქცევა მეორე მსოფლიო ომის მთავარ მოვლენად მიაჩნიათ).
გაუგებარია ერთი: ვის გაურბიან დასავლელი სამხედროები? რისგან უნდა იხსნან თავიანთი კონტინგენტი აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ მილიმ და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა? ადგილობრივი „გორილკისგან“, შავთვალება ოქსანებისგან თუ მხირული კიევური სტრიპ-ბარებისგან?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ბენ უოლესმა სცადა, რომელიც იძულებული გახდა, შვებულება შეეწყვიტა და ლონდონში დაბრუნებულიყო. ეს ბრიტანული ელიტისთვის დიდი პროგრესია. გასული წლის აგვისტოში მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს დომინიკ რააბს კრეტაზე დასვენება არ შეუწყვეტია ისეთი წვრილმანის გამო, როგორიცაა ავღანეთიდან ნატოს გაქცევა.
მოკლედ, როგორც კი ლონდონში დაბრუნდა, ბენ უოლესმა გაზეთ Sunday Times-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ ჰაერში „მიუნხენის სუნს“ გრძნობს (whiffof Munich in the air). არ ვიცი, რისთვის დასჭირდა მას თანამემამულეებისთვის ინგლისის ისტორიის ამ სამარცხვინო ფურცლის შეხსენება. ჰიტლერთან მოლაპარაკება და მისთვის ჩეხოსლოვაკიის ჩაბარება ნამდვილად არ იყო კარგი საქციელი. ეს არ უნდა გაეკეთებინათ.
შესაძლოა უოლესმა მიანიშნა, რომ დღეს ნაცისტური გერმანიის როლის შესრულებას რუსეთი აპირებს, ბრიტანეთი კი მეტისმეტად პასიურად იქცევა — „აგრესორს“ ამშვიდებს. მაგრამ საქმე ისაა, რომ მთელი მსოფლიო ხედავს, რუსეთი არსად იჭრება და არაფერს იპყრობს. ამას რა მოვუხერხოთ?
და აქ უოლესმა შარვლის ფართო ჯიბეებიდან ბრიტანელების საყვარელი არგუმენტი ამოაფრიალა. ალბათ უკვე მიხვდით, ეს ჩვენი საყვარელი highly likely გახლავთ. „სავსებით მოსალოდნელია“, „დიდი ალბათობით“, „შესაძლოა დიახ, შესაძლოა — არა“ . ბენ უოლესის აზრით, Highly likely, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.
მაგრამ ეს ხომ ვიღაც ჟურნალისტი ან სამხრეებიანი ექსპერტი არ არის, ის თავად თავდაცვის მინისტრია. ასეთი ხალხი იშვიათად საუბრობს, მაგრამ საუბრობს კონკრეტულად. ეს კი, უკაცრავად პასუხია და, ანეკდოტური ქერა ლამაზმანის ლაქლაქს უფრო ჩამოგავს: „ორმოცდაათი ორმოცდაათზე. დინოზავრს ან შევხვდები, ან არა“. Highly likely - შევხვდები.
მთელი კვირა დღე ბრიტანეთისა და ამერიკის პოლიტიკური ელიტა ამ შემართებით განაგრძობდა საუბარს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევიდან აშშ-ის საელჩოს ევაკუაცია ბრძანა. იგივე გააკეთა ბრიტანეთმაც. მათმა ზოგიერთმა ვასალმა თავიანთ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება ურჩია. მაგალითად, ბაჰამის ხელისუფლება ძალიან შეშფოთდა უკრაინაში ბაჰამელების ბედით.
ტრადიციულად ასეთი რამ ომის წინ ხდება. მაგრამ ომი არა და არ ჩანს. ორი გამოცხადებული მოწინააღმდეგიდან ომში არცერთი არ გამოცხადდა — ეს მსოფლიო ისტორიაში უნიკალური შემთხვევაა.
გასაგებია, როგორი დამოკიდებულება აქვთ რუსებს დასავლეთის საინფორმაციო ისტერიაზე. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამაზე უკრაინელები? ზოგიერთმა პროგრესულმა გამოცემამ საგანგაშო ჩემოდნის ჩალაგებისა და შინაური ბინადრის სპეციალური გადასაყვანის შექმნის ინსტრუქცია გამოაქვეყნა. მაგრამ რიგით უკრაინელებზე ამას არავითარი გავლენა არ მოუხდენია.
გავისეირნოთ კიევის ქუჩებში გაზეთ The Guardian-ის ჟურნალისტთან ერთად. იქ ხომ ნამდვილად არ მუშაობენ რუსულ პროპაგანდაზე. კვირის რეპორტაჟში შონ უოკერი გაკვირვებული აღნიშნავს, რომ კიევში პარასკევს, საღამოს ძალიან „მხიარული“ ატმოსფერო იყო, მოქალაქეები კი რუსეთის შეჭრის იდეას „უცნაურსა და წარმოუდგენელს“ უწოდებდნენ.
შონ უოკერი სიყვარულით აღწერს იაფ და წარმტაც კიევურ გართობებს. კერძოდ, ამბობს, რომ რუსული ბომბებისგან დამალვას კიეველები ადგილობრივ სტრიპტიზ კლუბებში გეგმავენ — ეს, ალბათ, იქაური გოგონების ხუმრობა იყო, მან კი დაიჯერა. კარგად ჩანს, რომ ინგლისელ რეპორტიორს ძალიან მოსწონს უკრაინაში ყოფნა და არსადაც არ აპირებს ევაკუაციას.
მაგრამ ვიდრე უბრალო ხალხი ერთობა, ქვეყნის ხელმძღვანელობა შფოთავს. რაღაც მომენტში პრეზიდენტ ზელენსკის ნერვებმა ისე უმტყუნა, რომ დასავლელ ჟურნალისტებს მიმართა თხოვნით, წარედგინათ მისთვის „რუსეთის მოსალოდნელი შეჭრის ასპროცენტიანი მტკიცებულებები... 15-ში თუ 16-ში... კეთილი ინებეთ“.
მისთვის პასუხი დღემდე არავის გაუცია. არც ჟურნალისტებს, არც დასავლური მასმედიის მფლობელებს, არც ბაიდენს, არც ჯონსონს. დაზვერვის ცენტრალურ ბიუროსაც არ დაურეკავს, თუმცა კი შეეძლო. ასე იტანჯება უკრაინის პრეზიდენტი გაურკვევლობით. უკვე იბრძვის თუ ჯერ არა? ის ატყუებს თავის ელექტორატს თუ მას ატყუებენ უფროსი პარტნიორები? და რით დასრულდება ეს ყველაფერი?
თუმცა ზელენსკის ამერიკელი კონტრაგენტების გაგებაც შეიძლება. მისთვის არ ეცალათ. ისინი მთელი უქმეების განმავლობაში დემოკრატიული უკრაინისთვის იბრძოდნენ. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავი ამ მიზნით რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შეცურდა კურილის კუნძულების მახლობლად. მეთაური, ალბათ, ოდნავ ასცდა კურსს. „უკრაინა“, „კურილია“ — ისე ერთნაირად ჟღერს, შეიძლება გაგაგიჟოს ამ რუსულმა სახელწოდებებმა.
რუსულმა ფრეგატმა „მარშალ შაპოშნიკოვმა“, სპეციალური საშუალებების გამოყენებით, ამერიკული ნავი უკანვე გააბრუნა. იმედია, ის უკრაინის სტეპებში აღარ დაიკარგება. სინამდვილეში, კურილიდან იქამდე არც ისე შორი გზაა. ჯერ პანამის არხი უნდა გადაცურო ატლანტიკაში, შემდეგ პირდაპირ, მარცხნივ, მარჯვნივ და უკრაინაც იქვეა, არ დაიკარგებით.
პარასკევს, ვიდრე ბრიტანელი ჟურნალისტი შონ უოკერი კიევის სტრიპტიზ-კლუბებში მასალას აგროვებდა, ამერიკელმა პოლიტოლოგმა დევიდ ჰენდრიქსონმა გამოაქვეყნა პასუხის საკუთარი ვერსია კითხვაზე „რატომ ღელავს ასე ვაშინგტონი უკრაინის გამო“.
ექსპერტმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ზელენსკი შიგადაშიგ ბედავს იმგვარი რეპლიკების წამოძახებას, რომლებიც ვაშინგტონის სცენარს ეწინააღმდეგება. ის უკრაინის პრეზიდენტის მიმართ CNN-ის საკმაოდ კრიტიკულ სარედაქციო სტატიას ციტირებს და თეთრი სახლის ანონიმი წარმომადგენლის სიტყვებიც მოჰყავს. „ჩვენ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე ვართ, ის კი არად გვაგდებს და დაუფარავ საბოტაჟს ეწევა“, — ასე საკმაოდ უტაქტოდ მოიხსენია დამოუკიდებელი უკრაინის ლიდერი ვაშინგტონის სახელისუფლო წრეების წარმომადგენელმა.
ჰენდრიქსონის აზრით, ამერიკული რეჟიმი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გამო „ჭკუიდან შეიშალა“. მის შესაჩერებლად ვაშინგტონი ნებისმიერი პროვოკაციისთვის მზადაა.
თუმცა მთელი საშინელება ისაა, რომ შესაძლოა ყველაფერი მხოლოდ „ფეიკ“ ევაკუაციითა და საინფორმაციო ისტერიით არ დამთავრდეს. ამერიკელები ბრიტანელებთან ერთად შეგნებულად აღვივებენ სამხედრო კონფლიქტს, რომელიც რამდენიმე დღესა თუ საათში შესაძლოა მსოფლიო ომში გადაიზარდოს.
და რაც მართლაც გაუგებარია: რატომ უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა მილიონობით უკრაინელმა? ზოგჯერ ამ უბედური ქვეყნის მოსახლეობა ჩამოჰგავს ადამიანს, რომელიც კაზინოში მაგიდასთან მივიდა, ფული დადო, წააგო, მერე კიდევ გაიმეორა. თითქოს გვერდზე უნდა გამდგარიყო, დარჩენილი ფული შეენარჩუნებინა. მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლია. ის თამაშს განაგრძობს და კვლავ აგებს.
ის დროა, უკრაინელებმა აღიარონ, რომ 2014 წელს წარუმატებლად ითამაშეს. არ უნდა დაედოთ ფსონი ბრიუსელსა და ვაშინგტონზე, ეს ცუდი სვლა იყო. თუმცა საქმის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია, ვიდრე სიცოცხლე არ წაუგიათ — უკანასკნელი, რაც ჯერ კიდევ დარჩათ.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე