ხურტკმელი (ლათ.Grossularia reclinata) მრავალწლიანი და უხვნაყოფიანი, კენკროვანი, თაფლოვანი, ეკლიანი ბუჩქია. არსებობს მისი სხვადასხვა სახეობა. საქართველოში ბევრგანაა ბუნებრივად გავრცელებული, კარგად ხარობს ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლემდე, მშრალ, თხელ ხირხატ (ქვიანი და ქვიშიანი) ნიადაგებზე. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას სხვადასხვანაირად უწოდებენ: გორგოშა, ეკალხუნწა, ეკალხუნწაი, კუნკრუხელა, კრიკინა, კინკრიჟა, კვრიხი, ორყუნწა, თეთრეკალა, რუსული მოცხარი, ღორღოშინა, ღორღოშო, ურუსი ყურზენ.
გამოიყენება როგორც მწიფე, ისე მკვახე ხურტკმელი.
ხურტკმელის ნაყოფი შეიცავს 13,5 პროცენტამდე შაქრებს, 2 პროცენტამდე ლიმონის, ვაშლის და სხვა მჟავებს, 1 პროცენტზე მეტ პექტინოვან ნივთიერებებს, C, P, B და A ვიტამინებს.
გარდა ამისა, ხურტკმელში შედის ფოსფორი, სპილენძი, რკინა, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, იოდი, მაგნიუმი, კობალტი, თუთია.
ხურტკმელი ეფექტური საშუალებაა ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, სისხლძარღვებისა და სხვა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურალობისთვის. მცენარეში შემავალი P ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე ლითონების გამოდევნას, ხოლო ნაყოფის ნაყენს ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინი გამოაქვს.
კენკრის მწიფე ნაყოფი 1,8-3,8 მგ სეროტონინს შეიცავს, რომელსაც სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. მომწიფებულ ხურტკმელში ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) ორჯერ მეტია, ვიდრე მკვახეში.
ხურტკმელს ახასიათებს მუბუქი გამხსნელი, ნაღველ და შარდმდენი მოქმედება, ამიტომ ის რეკომენდებულია ადამიანებისთვის, რომლებსაც თირკმლების, შარდის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებები აქვთ. მცენარეს ახასიათებს სისხლდენის შეჩერების, ანთების საწინააღმდებო და, ზოგადად, ორგანიზმის გამაძლიერებელი მოქმედება.
ხურტკმელის წვენი თაფლთან ერთად სასარგებლოა სისხლნაკლებობის, კანზე გამონაყარის, სისხლჩაქცევების დროს. წვენის გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე ლითონების მარილების გამოდევნას და ამსუბუქებს იმ ადამიანების მდგომარეობას, ვინც რადიაციული დასხივება მიიღო – ის ორგანიზმიდან რადიონუკლეიდების გამოყვანაში ეხმარება, ხოლო წყალში გახსნილი (1:2 თანაფარდობით) ხურტკმელის წვენი ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას ეხმარება.
მცენარის ფოთლები მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს შეიცავს.
ხურტკმელის ნაყენი, ასევე ცოცხალი ნაყოფი ძალზე ეფექტურია გახანგრძლივებული კლიმაქტერიული სისხლდენისა და მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებისთვის.
ხურტკმელი, როგორც ცოცხალი, ისე ნაყენის სახით გამოიყენება ჰიპოვიტამინოზის, ორგანიზმში რკინის, ფოსფორის, სპილენძის ნაკლებობისას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის (მაგალითად, სიმსუქნე), ქრონიკული შეკრულობის, გასტროენტეროკოლიტების, სისხლდენის დროს.
მცენარის ნაყოფს ზამთრისთვის ახმობენ, ან ამზადებენ მარინადს ან ჯემს, ასევე ჭყლეტენ, შაქარს აყრიან და ისე ინახავენ.
მისგან ასევე ამზადებენ მურაბას, კომპოტს, მარმელადს, ღვინოს და ა.შ.