ვიქტორია ნიკიფოროვა
ამ ხუმრობამ ერთგვარი აბსურდული განწყობა შესძინა მარადიულ ქალაქში გამართულ ყველა ღონისძიებას, მათ შორის ბაიდენის შეხვედრას ევროპული ქვეყნების ლიდერებთან G20-ის ორდღიან სამიტზე.
ყველაფერი კი მარადიული ქალაქის ქუჩებში პრეზიდენტის კორტეჟის სრულიად სიურრეალისტური გავლით დაიწყო. ის „ახალი ნორმალურობის“ ემბლემასავით გამოიყურებოდა. რომის მუდმივად გადავსებული ქუჩები დაცარიელდა. ტროტუარებზე ძალოვანების დაუსრულებელი მწკრივები გაიჭიმა, ხოლო ქვაფენილებზე აუჩქარებლად „მიცურავდა“ დაჯავშნული ავტომობილების წარმოუდგენელი ქარავანი: აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ამალა ვატიკანში რომის პაპთან შესახვედრად 82 მანქანით მიდიოდნენ. და, რაო, რას ამბობენ ნახშირბადოვან კვალზე? მას, ეტყობა, მხოლოდ პლებეები ტოვებენ თავის გზაზე.
უკვე მრავალი წელია, რაც ყველა უთოდან გვიხსნიან, რომ მსოფლიოს ბაზრის უხილავი ხელი მართავს. მაგრამ ამერიკის პრეზიდენტის აქტიურობა ბოლო სამ დღეში ისეთი იყო, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს დასავლეთს სწორედ მისი ხელი მართავს − ბებრული „წიწიბურებით“ სრულად დაფარული მისი ხელი.
ვატიკანში ბაიდენი პაპ ფრანცისკს კი არ შეხვდა მხოლოდ, არამედ მასზე სასტიკად ნაწყენ (თანაც არაერთხელ) ემანუელ მაკრონთანაც აღადგინა ურთიერთობა. საფრანგეთის პრეზიდენტს სრული უფლება ჰქონდა, გაბრაზებულიყო. ჯერ იყო და, ავღანური აფრონტის გამო − ბაიდენმა ისე გამოიყვანა ქვეყნიდან ჯარები, რომ თავაზიანობის გამოც კი არ მოლაპარაკებია ნატოში ევროპელ მოკავშირეებს. მერე მეორე დარტყმა: შტატებმა ახალ სამხედრო კავშირ AUKUS-ში ავსტრალია მიიწვია და ამით აიძულა ქვეყანა, უარი ეთქვა ფრანგული წყალქვეშა ნავის მრავალმილიარდიან კონტრაქტზე. იმავდროულად ფრანგებს მიანიშნეს, რომ ამიერიდან მათ ტრადიციულ ქვიშის ყუთში − ინდოჩინეთის ქვეყნებში − ამერიკელები, ინგლისელები და ავსტრალიელები იბატონებენ. მაკრონი მაშინ ისე განრისხდა, რომ ისტორიაში პირველად გამოიწვია ელჩი ვაშინგტონიდან.
მაგრამ ვატიკანში საფრანგეთის საელჩოში შეხვედრისას პრეზიდენტებმა მიანიშნეს, რომ კონფლიქტი ამოწურულია. ბაიდენმა ძალიან წარმატებით შეასრულა ასაკში შესული რამოლას როლი, რომელიც არაფერზე არ აგებს პასუხს და ცუდად ესმის, სად იმყოფება. „არ ვიცოდი. მეგონა, რომ საფრანგეთს ინფორმაცია მიაწოდეს [AUKUS-ის შექმნის თაობაზე]“, − ამოილუღლუღა მან რეპორტიორის კითხვაზე პასუხად.
პრეზიდენტ მაკრონს არანაირი ბოდიშის მოხდა არ ღირსებია. პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერზე კარგად ჩანს, როგორაა ის გაღიზიანებული და როგორ უჭირს თავის შეკავება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ისეთი არცთუ მარტივი საკითხის მოგვარებაც სცადა, როგორიც ევროპის ენერგოუზრუნველყოფაა. კანცლერ მერკელს მიეცა მითითება, „მხარი დაუჭიროს უკრაინას“. საქმე ისაა, რომ გაზსადენის გარეშე ეს ტერიტორია უსახელურო ჩემოდნად იქცა. ამერიკელები და ევროპელები ერთმანეთს სტენიან მას და არ იციან, რა მოუხერხონ.
სექტემბერში გერმანიისა და აშშ-ის ლიდერებმა თითქოს დადეს გარიგება. მერკელი (ან მისი შემცვლელი კანცლერის პოსტზე) მიაღწევს რუსეთისგან, რომ მან უკრაინა გაზით 2034 წლამდე უზრუნველყოს. ამის ნაცვლად კი ამერიკელები გერმანელებს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ით გაზის მიღების უფლებას მისცემენ.
და, აი, ამ ყველაფერს ოდესღაც „თავისუფალ ბაზრად“ წარმოგვიდგენდნენ. გახსოვთ, როგორ ისწრაფვოდა ოდესღაც რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, როგორი იმედი ჰქონდა მარტივი და გამჭვირვალე წესებისა, რომლებსაც რუსეთისთვის გლობალურ ეკონომიკაში ჩართვის შესაძლებლობა უნდა მიეცა? მაგრამ შესვლისთანავე დისკრიმინაციას, პროტექციონიზმსა და ადმინრესურსების ბოროტად გამოყენებას შეეჯახა.
ხან ყველა საბაზრო ნორმის დამრღვევი „მესამე ენერგოპაკეტი“ ევროკავშირისგან, ხან გაუგებარი მიზეზით გამოჭედილი სანქციები. ახლა კი იმისათვის, რომ ჩვენივე აშენებული გაზსადენით გაზით ვაჭრობას შევუდგეთ, რატომღაც საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ უკრაინის შენახვა. თორემ ამერიკელები გერმანელებს რაღაცის უფლებას არ მისცემენ. დიდებული ურთიერთობებია!
რომში აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრამ დასავლელ ლიდერებთან ამერიკის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრობლემა წარმოაჩინა. შტატები სხვა ქვეყნებს სხვადასხვა შეთანხმებებს, კონტრაქტებს, კონვენციებს ახვევს თავს. მერე კი წარმოუდგენლად მარტივად გადის ყველა ამ შეთანხმებიდან და ცდილობს საკითხები „ხელით მართვის რეჟიმით“ მოაგვაროს.
ბოლო წლებში აშშ-თან შეუთანხმებლობით მისი ყველაზე ახლო და ნდობით აღჭურვილი მოკავშირეებიც კი ზარალდებიან. 2015 წელს ვაშინგტონმა მხარი დაუჭირა ირანის ბირთვულ პროგრამაზე ხელმოწერას, 2018-ში გავიდა იქიდან, ახლა კი სურს, ისევ მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას. იგივე ისტორიაა პარიზის კლიმატის შეთანხმებაში. აშშ 2015-ში შევიდა ამ შეთანხმებაში, 2020-ში გამოვიდა, 2021-ში კი ისევ შევიდა. შესანიშნავად შედის და შესანიშნავად გამოდის, როგორც ამას ვინი პუჰი იტყოდა.
ქვეყნები, რომლებიც მსგავს საერთაშორისო შეთანხმებებში მონაწილეობენ, პატიოსნად ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს. მაგალითად, ასუფთავებენ სამრეწველო წარმოებებს, ამცირებენ ნახშირბადოვან გამოფრქვევებს. სხვათა შორის, მათი შემცირების სიჩქარით დღეს რუსეთია ჩემპიონი.
შტატები კი CO2-ის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. ისინი მხოლოდ მოთქვამენ გლობალური დათბობის საშინელებებზე, კაცობრიობისთვის მოსალოდნელ კოშმარებზე, თავად კი არც აპირებენ არანაირ ენერგეტიკულ გადასვლას.
დაე, ევროპელი მოკავშირეები გაიყინონ საკუთარ სახლებში, ბენზინის რიგებში, შეეჯახონ შიმშილის სრულიად რეალურ საშიშროებას. ამერიკაში, თითქოს აქ არც არაფერიო, ნავთობსაც ქაჩავენ, გაზსაც და მოგებასაც ნახულობენ. ვაშინგტონი უსაოცრესად ებრძვის გლობალურ დათბობას სხვისი ხელებით. შტატებს არანაირი ნახშირბადოვანი გადასახადი არ დაუწესებია: ამაზე ევროპელების იძულება ბევრად მომგებიანია.
იმ შეთხვევაში კი, თუ ვასალები უკმაყოფილო ბუტბუტს იწყებენ, პირდაპირი მუქარები ისმის. Financial Times-მა სწორედ ბაიდენის ევროპაში ვიზიტის წინ გამოაქვეყნა ანონიმი ევროპელი წყაროების მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის ქვეყნები აშშ-ს სთხოვენ, არავითარ შემთხვევაში არ თქვას უარი პირველი ბირთვული დარტყმის კონცეფციაზე. აქაოდა, ევროპელებს ამერიკული ბირთვული ქოლგის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათო. ვისგან იცავს ეს ქოლგა? რაღა თქმა უნდა, რუსეთისა და ჩინეთისგან.
კორონავირუსის პანდემიამ, რა თქმა უნდა, თავისი როლი შეასრულა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ჩინეთის ლიდერ სი ცზინპინის გადაწყვეტილებაში, არ წასულიყვნენ არც „ოცეულის“ შეხვედრაზე და არც გლაზგოს კლიმატურ სამიტზე. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორების მხრიდან შეთანხმების პრინციპული უუნარობა. მოვაწერთ ხელს ახალ შეთანხმებებს, დავიწყებთ მათ პატიოსნად შესრულებას, მერე კი ვნახავთ, რომ წამყვანი ევროპული ქვეყნები ამ მატარებლიდან უკვე ჩამხტარან, ვაშინგტონი კი არც არასდროს ასულა მასში. და როგორღაც ისე გამოვა, რომ ყველა ამ მოლაპარაკებიდან სარგებელს ამერიკელები ნახავენ, რაღაც ევროპელებსაც ერგებათ, ხოლო რუსეთს, როგორც ყოველთვის, დააძალებენ, რომ გადაიხადოს და მოინანიოს.
რომის ოცეულის შეხვედრა გლაზგოს კლიმატურ სამიტში გადაიზარდა. ჯო ბაიდენმა იქ დათბობასთან ბრძოლის ახალი ამერიკული პოლიტიკა წაიღო, რომელიც დაწვრილებითაა აღწერილი გავლენიან ჟურნალ Foreign Affairs-ში. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სუვერენული სახელმწიფოები საერთოდ არაა საჭირო, ვინაიდან მათ მთავრობებს „კლიმატური კატასტროფის“ დამარცხება არ შეუძლიათ.
ამიტომ საჭიროა მსოფლიო მთავრობის დაარსება, რომელსაც ამერიკელები უხელმძღვანელებენ, თუმცა ზოგ თანამდებობას ევროპელი მოკავშირეებისთვისაც შემოინახავენ, პირველ რიგში კი დიდი ბრიტანეთისთვის.
ამერიკელების ყველაზე მრავლისაღმთქმელი აღმოჩენა კი ისაა, რომ „სახელმწიფოს რესურსები არ არის მისი ეროვნული მონაპოვარი და ისინი მთელ მსოფლიოს ეკუთვნის“. ხოლო თუ სუვერენული სახელმწიფო საკუთარ ბუნებრივ სიმდიდრეებს არასწორად განკარგავს, ის უცხოურ ინტერვენციას დაიმსახურებს. პირდაპირ ასე წერია.
რაშია ახალი ამერიკული პოლიტიკის სიამოვნება? ის ყველა იმ სახელმწიფოზე ვრცელდება, რომლებმაც ეკოლოგიის საკითხებზე სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო შეთანხმებებს მოაწერეს ხელი. მაგალითად, კონვენციას ბილოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების თაობაზე, რომელიც 1992 წელს მიიღეს. მასზე ხელმომწერთა შორის ბევრი ქვეყანაა − ბურკინა-ფასოდან ჩინეთამდე და რუსეთიდან კუკის კუნძულებამდე. მაშინ ჯერ კიდევ ფიქრობდნენ, რომ ბიომრავალფეროვნება რაღაც საყვარლობაა დელფინებისა და პეპლების შესახებ. ძნელი არ არის მიხვედრა, რომ აშშ-ს ამ კონვენციაზე, ისევე, როგორც სხვა ეკოლოგიურ შეთანხმებებზე, ხელის მოწერა არც უფიქრია. მართლაც გამონაკლისი ქვეყანა, რომელიც თავად იზრუნებს საკუთარ დელფინებსა და პეპლებზე, და იმავდროულად სხვების კუთვნილებსაც მიხედავს.
მთელი კლიმატური დღის წესრიგი იქამდე მიდის, რომ ამერიკელები თავის ევროპელ ვასალებს რუსეთისა და ჩინეთის გაძარცვაში მონაწილეობას სთავაზობენ. ეს ენერგეტიკული გადასვლისთვის კომპენსაციის მაგვარი რამ იქნება. ჩინეთსა და რუსეთს კი გადასახადებსა და ტარიფებს დაუდგენენ. პლუს ამას რუსეთს აქვს საკუთარი რესურსებიც, რომლებიც, როგორც ირკვევა, ახლა მთლად რუსეთისაც აღარ არის. და ეს რესურსები იმდენად ბევრია, რომ მათ გამო რეალური ომით გვემუქრებიან.
რაღა თქმა უნდა, ამ პოლიტიკის განსახორციელებლად არც აშშ-სა და არც ევროპას არანაირი ბერკეტები არ აქვთ. პუტინისა და სის არყოფნა რომსა და გლაზგოში საკმაოდ ხმამაღალ ზარად იქცა. მათ გარეშე მთელ ამ „სალაყბოს“ არანაირი პერსპექტივა არ აქვს.
შესაძლოა, „ჯილის ქმარს“ ეჩვენება კიდეც, რომ ის მთელ მსოფლიოს მართავს. შესაძლოა ფიქრობს, რომ სამყაროს მართავს. მაგრამ როცა სამიტები დამთავრდება და ბაიდენი წავა, ევროპელებს რეალობაში დაბრუნება მოუწევთ. იქ კი პატიოსანი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების აგება მოუწევთ რუსეთთან და ჩინეთთან, ასევე ვაშინგტონიდან გამოძახილების ხშირად იგნორირებაც. იოლი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე შეჩვევის დროა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს