პიოტრ აკოპოვი
გარეშე ძალებს უფლება არ აქვთ, ჩაერიონ კონტინენტის საქმეებში, ხოლო ყველა სადავო საკითხს რეგიონის სახელმწიფოები თავად მოაგვარებენ, აღუდგებიან რა წინ მათი დაპირისპირებისა და გადამტერების მცდელობებს, ირწმუნება РИА Новости-ს კოლუმნისტი.
სწორედ ეს არის უმთავრესი მიზანი 20 წლის წინ შექმნილი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა, რომელიც ახლა დუშანბეში სამიტს მართავს. სამიტი უნდა ყოფილიყო სახელმწიფოთა მეთაურების პირველი პირისპირ შეხვედრა ორი წლის შემდეგ, მაგრამ საკარანტინო შეზღუდვების გამო ის შერეული ფორმატით ჩატარდება: სტუმრების დიდი ნაწილი დუშანბეში შეიკრიბება, ვლადიმერ პუტინი, სი ძინპინი და ნარენდრა მოდი კი შეხვედრაში ვიდეოკავშირით ჩაერთვებიან.
მაგრამ სამიტის მნიშვნელობა ამით არ შემცირდება: რომ აღარაფერი ითქვას იმაზე, რომ დუშანბეში ჩაფრინდნენ ნიკოლაი პატრუშევი, სერგეი ლავროვი და სერგეი შოიგუ, სამიტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება ორგანიზაციის შექმნის დღიდან.
ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გასვლის შემდეგ სრულდება რეგიონის საქმეებში პირდაპირი გარეშე ჩარევის ეპოქა - და სწორედ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია აიღებს მის უსაფრთხოებაზე სრულ პასუხისმგებლობას. ეს ყველა მონაწილის ინტერესებს პასუხობს, რადგან ავღანეთის თემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ორგანიზაციისთვის მისი არსებობის განმავლობაში.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია აშშ-ის შეჭრაზე რეაგირებისთვის არ შექმნილა: ის ჯერ კიდევ 2001 წლის ივნისში ჩამოყალიბდა, თუმცა პრაქტიკული საქმიანობა 1996 წლიდან დაიწყო, როდესაც იმავე ქალაქში შეიქმნა „შანხაის ხუთეული“ ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მონაწილეობით. მალე ხუთეულს უზბეკეთი შეუერთდა და თანამშრომლობა ხელშეკრულებით გაფორმდა. რუსეთ-ჩინეთის ალიანსი გაფართოებას არ ჩქარობდა - რამდენიმე სახელმწიფომ დამკვირვებლის სტატუსი მოიპოვა, დანარჩენები „დიალოგის პარტნიორები“ გახდნენ.
და მხოლოდ ათიანი წლების შუა პერიოდში, როდესაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობა კონფრონტაციაში გადაიზარდა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ გაფართოება დაიწყო: 2015 წელს დაიწყო სრულფასოვან წევრებად ინდოეთისა და პაკისტანის მიღების პროცედურა და ორ წელიწადში „ექვსეული“ „რვიანად“ გადაკეთდა. მალე კი „ცხრიანად“ გარდაიქმნება, რადგან დაწყებულია ირანის მიღების პროცედურა.
ეჭვგარეშეა, რომ დროთა განმავლობაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია „ათიანად“ გარდაიქმნება, რადგან ავღანეთსაც მიიღებს.
თუმცა ამჟამად ეს ქვეყანა დუშანბეს სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება: პროამერიკული მთავრობა დამხობილია, ახალი, თალიბანური კი ჯერ არ არის აღიარებული ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან. მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს მომავალში ქაბულის ახალი ხელისუფლება მეზობლების უმრავლესობის აღიარებას მოიპოვებს (ყველა მათგანი, თურქმენეთის გარდა, შანხაის ორგანიზაციის წევრია) - და სწორედ ეს ორგანიზაცია შეასრულებს დიდ როლს როგორც ავღანეთის მიმართ პოლიტიკის შემუშავებაში, ისე გარესამყაროსთან ახალი ავღანური ხელისუფლების დიალოგის წარმართვაში.
შანხაის ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსის მქონე ავღანეთი დროთა განმავლობაში შეიძლება და უნდა გახდეს მისი სრულფასოვანი წევრი. ამ გზისკენ მთავარი დაბრკოლება - გარეშე ოკუპაცია - აღარ არსებობს. გარდა ამისა, თალიბებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ აღარ დაემუქრებიან და დაარღვევენ მეზობლების უსაფრთხოებას. ასე რომ, ახლა მნიშვნელოვანია, არ განახლდეს სამოქალაქო დაპირისპირება ქვეყნის შიგნით. არც გარეშე ძალებს მიეცეთ ამის შესაძლებლობა. ავღანეთში არეულობა მხოლოდ დასავლელ მოთამაშეებს აძლევს ხელს, რადგან ავღანეთის არცერთი მეზობელი არ არის დაინტერესებული იქ ბრძოლების განახლებით. პირიქით, პრაქტიკულად ყველა მათგანი დაეხმარება მეზობელს ქვეყნის აღორძინებაში ხელსაყრელი კონტრაქტებისა და თავიანთი პოზიციების განმტკიცების მიზნით.
მართალია, ეს პოზიციები და ინტერესები ხშირად განსხვავებულია, ზოგჯერ კი საპირისპიროც (როგორც პაკისტანსა და ინდოეთს აქვთ ავღანეთის მიმართ) - მაგრამ მათ შესათანხმებლად და კომპრომისის მოსაძებნად სწორედაც რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია სამხედრო ბლოკი არ არის, მას თამამად შეიძლება ეწოდოს გეოპოლიტიკური ალიანსი, თანაც არა ცენტრალურ-აზიური, არამედ პან-აზიური. ირანის გაწევრიანების შემდეგ ორგანიზაცია არაბული სამყაროდან შორეულ აღმოსავლეთამდე გადაიჭიმა და აზიის ორი-მესამედი მოიცვა - პრაქტიკულად დედამიწის მოსახლეობის ნახევარი გააერთიანა.
მთელ აზიაში ორი მნიშვნელოვანი რეგიონია, რომელიც შანხაის ორგანიზაციაში არ შედის, მაგრამ ეკვრის მას: ესაა არაბული სამყარო (რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაშიც გრძელდება) და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის სახელმწიფოთა ასოციაციაშია გაერთიანებული. მაგრამ შანხაის ორგანიზაცია მათთანაც ამყარებს ურთიერთობას: დამკვირვებლის სტატუსის მიღება სურთ ვიეტნამს, სირიას, ეგვიპტეს, ყატარსა და საუდის არაბეთს. ბოლო სამ ქვეყანას დუშანბეს სამიტზე დიალოგის პარტნიორის სტატუსი მიენიჭება (ამ სტატუსს ფლობს ისეთი მნიშვნელოვანი აზიური ქვეყანა, როგორიც თურქეთია).
გასაგებია, რომ მონაწილეთა რაოდენობის ზრდის შემთხვევაში არსებობს ეუთოს მსგავს აზიურ, ანუ ფორმალურ ორგანიზაციად გარდაქმნის რისკი, რომელიც არაფერს წყვეტს. მაგრამ საქმე ისაა, რომ შანხაის ორგანიზაცია მიზნად არ ისახავს არც ტერიტორიულ ექსპანსიას, არც ნატოდ ანუ სამხედრო ალიანსად გარდაქმნას. შანხაის ორგანიზაცია არის დამოუკიდებელი სახელმწიფოების გეოპოლიტიკური დიალოგის ფორმატი, მიმართული აზიაში აზიური ქვეყნების ძალისხმევით ინტერესების შეთანხმებისა და კონფლიქტების მოგვარებისკენ.
როგორი დიდი წინააღმდეგობაც არ უნდა იყოს მის ცალკეულ წევრებს შორის, პრაქტიკულად ყოველთვის არის შესაძლებელი ურთიერთხელსაყრელი გადაწყვეტილების თუ არა, კონფრონტაციის გამომრიცხავი ვარიანტის გამონახვა - განსაკუთრებით, თუ გარეშე, არააზიურ ძალებს არ მიეცემათ კონფლიქტების პროვოცირების შესაძლებლობა. რასაც ამჟამად ცდილობს აშშ ინდოეთში, QUAD-ის (უსაფრთხოების საკითხებზე ოთხმხრივი დიალოგი აშშ-ის, იაპონიის, ავსტრალიისა და ინდოეთის მონაწილეობით) ოთხეულის ფორმატში მისი ჩათრევის გზით, ფორმატში, რომელსაც მკვეთრად გამოხატული ანტიჩინური მიზნები ამოძრავებს. იმედია, შტატების ავღანური ეპოპეა ინდოეთს (რომელიც მხარს უჭერს განის და უარს ამბობს თალიბებთან დიალოგზე) დაანახვებს რეგიონულ საკითხებზე ამერიკელებთან ერთად მუშაობის მთელ საფრთხეს. დელის პაკისტანის ეშინია? მაგრამ საკმარისია იმის დანახვა, როგორ შეიცვალა ისლამაბადის გეოპოლიტიკური პრიორიტეტები ამ საუკუნეში: თუ ავღანეთის ომის დასაწყისში შტატები მას, ძირითადად, მოკავშირე ქვეყნად მიიჩნევდა, ახლა პაკისტანელების ნდობა ამერიკელების მიმართ პრაქტიკულად მთლიანად გამქრალია.
შანხაის ორგანიზაციის პირველი 20 წელიწადი დიდი გზის მხოლოდ დასაწყისი იყო. ახლა, ატლანტიკური საუკუნის დასრულებასთან ერთად, მას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება აზიის ბედზე, მსოფლიო დონის საქმეებში სამყაროს უდიდესი ნაწილის მნიშვნელობის გათვალისწინებით კი - მთელ პლანეტაზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!