პიოტრ აკოპოვი
ავღანეთი სიურპრიზების წარმოდგენას განაგრძობს — არა, საუბარი არ არის თალიბების მიერ პანჯშირის სწრაფ დაპყრობაზე, რომლისგანაც გარე ძალები ახალი მთავრობის წინააღმდეგობის ცენტრის შექმნას ცდილობდნენ. ავღანეთის თემას დასავლეთი რუსეთთან და ჩინეთთან თამაშებისთვის იყენებს — თანაც პრიმიტიულ-უტაქტო ფორმით.
უეცრად ირკვევა, რომ ხვალ, 8 სექტემბერს G7-ის შეხვედრაა დაგეგმილი ავღანეთში შექმნილი ვითარების განსახილველად. ის ონლაინ რეჟიმში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ორგანიზატორი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იქნება.
ამაში თითქოს არაფერია უცნაური. პროამერიკული რეჟიმის დაცემისა და დასავლეთის ჯარების გაყვანის შემდეგ ავღანეთი მართლაც გახდა ნომერ პირველი თემა მთელი მსოფლიოსთვის და მისი განხილვის სურვილი დასავლური ძირითადი კლუბის ფორმატში სავსებით ლოგიკურია. თანაც ორი კვირის წინ G7-მა საგანგებო სამიტიც კი ჩაატარა უმაღლეს დონეზე (ასევე ონლაინ ფორმატში), რომელიც სპეციალურად ამ ქვეყნისადმი იყო მიძღვნილი. დაე, კიდევ მეტი იმსჯელონ, მით უმეტეს, რომ დასავლეთს პრაქტიკულად არანაირი გავლენა აღარ შერჩა იქ არსებულ ვითარებაზე.
მაგრამ საქმე ისაა, რომ ამჯერად დასავლეთს სურს ესაუბროს მათ, ვისაც გავლენა აქვს: როგორც იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოშიმიცუ მოტეგიმ თქვა, კონსულტაციისთვის ოცზე მეტი ქვეყნის დიპლომატი შეიკრიბება.
„ავღანეთში არსებული ვითარების განსახილველად G7 მოლაპარაკებებს გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. მას ასევე უნდა დაესწრონ რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები“, — მოტეგიმ ხაზი გაუსვა შეხვედრაში რუსეთისა და ჩინეთის დელეგაციების მონაწილეობის მნიშვნელობას, „რომლებსაც გარკვეული გავლენა აქვთ ავღანეთზე“.
მაგრამ ეს რაღაც ახალია მსოფლიო დიპლომატიაში — გამოცხადდეს რუსეთისა და ჩინეთის მონაწილეობა ისე, რომ მათ ამის შესახებ არ იცოდნენ.
საქმეც ისაა, რომ არც მოსკოვი და არც პეკინი არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ დასავლური კლუბის, ანუ G7-ის შეხვედრაში. რადგან ეს სხვისი კლუბია.
„დიდი რვიანის“ ფორმატი, რომელშიც რუსეთიც მონაწილეობდა, 2014 წელს მოკვდა (ყირიმის მოვლენების შემდეგ დასავლეთმა შეაჩერა), ხოლო ჩინეთი არც არასდროს შედიოდა „რჩეულთა კლუბში“. რუსეთის მასში დაბრუნებაზე საუბარიც არ შეიძლება იყოს — და ამის შესახებ არაერთხელ განაცხადეს ვლადიმირ პუტინმა და სერგეი ლავროვმა.
ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ახლაც მოსკოვში, რბილად რომ ვთქვათ, გაუკვირდათ. რუსეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა განაცხადა: „პარტნიორები არასისტემურ მიდგომას ავლენენ. ორი დღის წინ ბერლინისა და პარიზისგან სიგნალი მივიღეთ რაღაც შეხვედრასთან დაკავშირებით, მაგრამ „შვიდიანზე“ საუბარი არ ყოფილა. ამას ტოკიოს განცხადება მოჰყვა — უკვე „შვიდიანის“ კონტექსტში. ყოველივე ეს „შვიდიანის“ რუსეთთან დაკავშირებული სხვადასხვაგვარი განცხადებების ფონზე ხდება — ფორმატში ხან მისი მონაწილეობის და ხან არმონაწილეობის თაობაზე... მოცემული სიტუაცია ადასტურებს, რომ პარტნიორებს მკაფიოდ არ ესმით, რა სურთ საკუთარი თავისა თუ გარე სამყაროსგან“.
პრობლემა ის კი არ არის, რომ რუსეთს დასავლეთთან ავღანეთზე მსჯელობა არ სურს, საკითხავი ისაა, როგორ ფორმატში უნდა მოხდეს ეს. და ეს საკითხი სულაც არ არის პროტოკოლური მასშტაბისა. რუსეთს კატეგორიულად არ აწყობს დასავლურ კლუბში კონსულტაციაზე მიწვევა: ეს ის არ არის, რაც რუსეთს ან ჩინეთს ხელს აძლევს. ერთი კვირის წინ თურქმა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მონაწილეობა მიიღო მსგავს ვიდეოკონფერენციაში, მაგრამ თურქეთი ხომ ნატოშიც შედის. მოსკოვისა და პეკინის გამოძახება კი უცხო კლუბში კონსულტაციებზე უბრალოდ უსარგებლო კი არ არის, არამედ შეურაცხმყოფელიც.
სწორედ ამიტომ ცდილობდნენ, რომ შეხვედრა რაღაც სხვა სახით შეენიღბათ — ანუ ბერლინიდან და პარიზიდან მოსკოვს ავღანეთის შესახებ მრავალმხრივი კონსულტაციების თაობაზე აცნობეს და წინასწარი თანხმობაც მიიღეს, რის შემდეგაც რეალურ ფორმატზე უკვე იაპონელი მინისტრი ალაპარაკდა.
რა მოხდება? არის ორი ვარიანტი. პირველი: „დიდი შვიდიანი“ რუსეთისა და ჩინეთის გარეშე შეიკრიბება, თუმცა სხვა ქვეყნების მონაწილეობით, რომელთა შორის ნამდვილად იქნებიან პაკისტანიც, თურქეთიც, საუდის არაბეთიც, კატარიცა და ინდოეთიც. როგორ წავა ავღანეთის თემაზე მსჯელობა ასეთ შემთხვევაში?
შესაძლოა ისე, როგორც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ აცხადებდა ჟოზეპ ბორელი: რომ „ევროკავშირმა არ უნდა მისცეს უფლება რუსეთსა და ჩინეთს, კონტროლი აიღონ ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე და ქაბულის სპონსორებად იქცნენ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“.
თუმცა ბორელმა ასევე აღიარა, რომ ევროპამ „აქტიურად უნდა ითანამშრომლოს საკვაძო საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებსაც გავლენა აქვთ ავღანეთზე.
თურქეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა ახალი შესაძლებლობები მიიღეს ავღანეთში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად. ირანს, პაკისტანსა და ინდოეთს ასევე აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა რეგიონზე“. ანუ ამერიკელების წასვლის შემდეგ სწორედ ევროპელებს სურთ დასავლური ინტერესების დაცვა ავღანეთში, მაგრამ ამასთან ავღანეთის მეზობლებთან, რეგიონის გავლენიან სახელმწიფოებთან და რუსეთთან თანამშრომლობით. გასაგები სურვილია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთს დამოუკიდებლად მოქმედება ახალ ავღანეთში პრაქტიკულად არ შეუძლია: თალიბები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში აღიქვამენ ამერიკელებსა და ევროპელებს ოკუპანტებად.
თუმცა ავღანეთის საკითხების განხილვით რუსეთისა და ჩინეთის გარეშე, მაგრამ გავლენიანი მუსულმანური ქვეყნებისა და ინდოეთის მონაწილეობით, G7 მას ნებისმიერ შემთხვევაში თავის საწინააღმდეგოდ განაწყობს. იმიტომ რომ რუსეთისა და ჩინეთის დარწმუნება იმაში, თითქოს კონსულტაციების მთავარი თემა ავღანეთზე მათ გავლენასთან ბრძოლის საუკეთესო ვარიანტის განხილვა არ იყო, ძალიან ძნელი იქნება. ეს მოსკოვისა და პეკინის შეკავების პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა. თანაც მათგან, ვინც ოცი წლის განმავლობაში იკავებდა ავღანეთს და წარმოშვა კიდეც დღევანდელი კრიზისი.
ამიტომ ერთადერთი კონსტრუქციული ვარიანტი გლობალური კონსულტაციების ჩასატარებლად – „დიდი შვიდიანისა და მისი სტუმრების“ ფორმატზე უარის თქმაა. შეიძლება მოეწყოს კონსულტაციები „დიდი ოცის“ ფარგლებში, მით უმეტეს, რომ სწორედ ამას სთავაზობს ამჟამინდელი თავმჯდომარე იტალია. პრემიერი მარიო დრაგი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ამის თაობაზე მსოფლიო დედაქალაქებთან. თუმცა გაირკვა, რომ ასეთი შეხვედრის მოწყობა მხოლოდ 27 სექტემბრის შემდეგაა შესაძლებელი, როდესაც გაეროს გენასამბლეა დაამთავრებს მუშაობას, რომელშიც ბევრი მსოფლიო ლიდერი მონაწილეობს.
„დიდი ოცეული“ იდეალურად უხდება დიდი სახელმწიფოების მრავალმხრივი კონსულტაციების ფორმატს. ეს ხომ სწორედ მათი კლუბია. მასში შედიან არა მხოლოდ „დიდი შვიდიანის“ ქვეყნები, არამედ ჩინეთიც, რუსეთიც, ინდოეთიც, საუდის არაბეთიც, თურქეთიც. ხოლო პაკისტანის, კატარისა და ირანის მიწვევა დამატებითაა შესაძლებელი. ირანის გარეშე საერთოდ შეუძლებელია ავღანეთის თემაზე მსჯელობა, „დიდი შვიდიანის“ ფორმატში კი ის ნამდვილად ვერ იქნება.
რუსეთმა არაერთხელ თქვა, რომ G20 არის მთავარი საერთაშორისო ფორმატი. და ავღანური თემა არის კარგი მიზეზი ამ ყოველწლიური კლუბის გასაძლიერებლად, რომელიც თავდაპირველად მსოფლიო ეკონომიკის პრობლემების განსახილველად შეიქმნა (მაგრამ უკვე დიდი ხანია, რაც უმნიშვნელოვანეს მსოფლიო სამიტად გადაიქცა).
არსებობს მსოფლიო მასშტაბით, უფრო სწორად, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კონსულტაციების ჩატარების კიდევ ერთი ვარიანტი. აქ G7-ის გამოყენებაც კი შეიძლება, თუ შეხვედრა „შვიდიანისა“ და SCO-ს (შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია) ერთობლივი შეხვედრის ფორმატში მოეწყობა (დასაწყისისთვის — საგარეო საქმეთა მინისტრები, შემდეგ კი შეიძლება სახელმწიფოს მეთაურებიც). დიახ, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია უბრალოდ აერთიანებს ყველას, ვისთვისაც ავღანეთის საკითხი მართლაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხია — რუსეთს, ჩინეთს, პაკისტანს, ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ინდოეთს. ამასთან მალე ირანიც, რომელიც ახლა SCO-ს დამკვირვებელია, მუდმივი წევრი გახდება. ფაქტობრივად, მთელი რეგიონიდან მხოლოდ ავღანეთი რჩება დამკვირვებლად, და მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკული ოკუპაციის დროს რუსეთსა და ჩინეთს არ სურდათ ქაბულის ხელისუფლების ხილვა ორგანიზაციის ნაწილად, რომლის მთავარი მიზანი აზიაში თვით აზიური სახელმწიფოების ძალებით მშვიდობის შენარჩუნებაა. სხვათა შორის, SCO-ს შემდეგი სამიტი — თანაც პირისპირ ფორმატში — დუშანბეში ათი დღის შემდეგ გაიმართება.
ასე რომ, დასავლეთს და აღმოსავლეთს ბევრი შესაძლებლობა აქვთ მოლაპარაკებებისა და კონსულტაციებისთვის — არა მარტო ავღანეთის პრობლემაზე. მთავარი ის არის, რომ მათი მომზადებისას დასავლეთი პრეტენზიას არ აცხადებდეს მასპინძლის სტატუსზე. იმიტომ რომ ცალმხრივი თამაში, ისევე, როგორც ატლანტიკური სამყარო, დიდი ხანია დასრულებულია და პროტოკოლური ფორმალობები უნდა ასახავდეს მსოფლიოს მთავარი მოთამაშეების რეალურ სტატუსს და არა მათ წარმოდგენას საკუთარ სიდიადეზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს