რამდენით და რატომ გაგვიძვირდა ცხოვრება?

სტატისტიკური მონაცემებით, წლიური ინფილაცია კვლავაც მზარდია და მიზნობრივ მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება. ფასები გაიზარდა ფაქტობრივად ყველა მიმართულებით. რატომ და სად არის ზღვარი?
Sputnik
ცხოვრება ძვირდება, რასაც ყოველი ჩვენგანი საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. შესაძლოა, მკითხველი ჩამეძიოს − გააჩნია, ვინ როგორ. საპასუხოდ ვიტყვი, რომ ეს შემოსავლებზეა დამოკიდებული. ვიღაცა მეტად და ვიღაც – ნაკლებად, თუმცა ფაქტია, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად პრობლემად და გამოწვევად მოსახლეობის დიდი ნაწილი, უკვე მრავალი წელია, სწორედ ფასების ზრდას ასახელებს.
რა რის ფასად? ანუ 75 მილიონი ევროს ამბავი
ტრადიციულად ყოველი თვის დასაწყისში სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს. რა თქმა უნდა, სხვა საკითხია, უწყების მონაცემები რამდენად ზუსტად ასახავს ფასების ზრდის მასშტაბებს, მაგრამ ერთი უდავოდ შეგვიძლია ვთქვათ, კარგა ხანია, ოფიციალური მონაცემებით, ინფლაცია მზარდია და დღეს თითქმის ორჯერ აღემატება ეროვნული ბანკის მიერ აპრილში 3 პროცენტიდან 6,5 პროცენტამდე კორექტირებულ, გაზრდილ მიზნობრივ მაჩვენებელს.
ბუნებრივია, გამონაკლისი არც სექტემბრის დასაწყისი იყო. გასულ კვირაში „საქსტატმა“ აგვისტოს ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ წლიური ინფლაციის დონემ 12,8 პროცენტი შეადგინა. აქვე შეგახსენებთ, რომ ივლისში ეს მაჩვენებელი 11,9 პროცენტი იყო.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ჰქონდა ფასების ზრდას ფაქტობრივად ყველა მიმართულებით.
სამი მეზობლის ყოფის ამბავი, ანუ სად რამდენი და როგორ?
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 16,2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5,09 პროცენტული პუნქტით აისახა. წინა თვეების მსგავსად ყველაზე მეტით, 43,9 პროცენტით გაძვირდა ზეთი და ცხიმი. ფასები ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე მომატებულია 42,2 პროცენტით. გაძვირდა: რძე, ყველი და კვერცხი 17,3 პროცენტით, შაქარი, ჯემი, ტკბილეული 16,9 პროცენტით, პური და პურპროდუქტები 13,0 პროცენტით, თევზეული 11,9 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 11,5 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 8,3 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო 6,8 პროცენტით, ხილი და ყურძენი 5,4 პროცენტით;
ტრანსპორტი: ფასები გაიზარდა 22,5 პროცენტით, რაც 2,69 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის წლიურ მაჩვენებელზე. ფასები გაზრდილია: პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 32,5 პროცენტით, ხოლო სატრანსპორტო მომსახურებაზე 4,6 პროცენტით, სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე კი 2,9 პროცენტით;
საით გადაიხრება ლარი?..
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ფასები მომატებულია 11,6 პროცენტით, რაც 1,75 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. გაძვირდა: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 13,5 პროცენტით, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება 7,1 პროცენტით, წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება 4,5 პროცენტით;
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 10,9 პროცენტით. ეს ინფლაციის წლიური ინდექსის 0,85 პროცენტული პუნქტია. გაძვირდა: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა 17,9 პროცენტით, საავადმყოფოების მომსახურება 5,3 პროცენტით, ხოლო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 5,0 პროცენტით.
წლიური ინფლაციის ინდექსზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონდა, მაგრამ ასევე გაძვირდა:
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 12,6 პროცენტით,
სასტუმროების კაფეებისა და რესტორნების მომსახურება – 11,7 პროცენტით,
დასვენება, გართობა და კულტურა – 3,4 პროცენტით.
ეკონომიკა ციფრებში, ანუ რა, რამდენი და რატომ
განათლება გაძვირდა 1,6 პროცენტით, ყველაზე ნაკლებად, 1,1 პროცენტით ფასები მომატებულია ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე. ერთადერთი სფეროა კავშირგაბმულობა, სადაც ფასებმა კი არ მოიმატა, არამედ დაიკლო. მართალია, უმნიშვნელოდ, სულ რაღაც 0,4 პროცენტით.
ერთი სიტყვით, ინფლაცია თვიდან თვემდე მზარდია. აგვისტოს მაჩვენებელი კი ბოლო 10 წლის მაქსიმუმია. ინფლაციის უფრო მაღალი დონე ქვეყანაში 2011 წლის მაისში დაფიქსირდა − 14,3 პროცენტი. თუმცა, როგორც ანალიტიკოსი სოსო არჩვაძე იხსენებს, ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი − 14,5 პროცენტი 2006 წლის ივლისში იყო.
„შესაბამისად, სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოს „ადგილი აქვს ჯერ არნახულ, ჯერ არგაგონილ“ ინფლაციის დონეს, როგორც ამას პოლიტიკური სპექტრის ოპოზიციური ნაწილის, განსაკუთრებით კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, არ არის სწორი, რადგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში საქართველოში არაერთგზის დაფქსირებულა ორნიშნა ინფლაცია“, − წერს ანალიტიკოსი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში და იქვე მიანიშნებს მაღალი ინფლაციის გამომწვევ ძირითად მიზეზებზე.
რატომ გაძვირდა საქართველოში ფული?
„ეს არის: პირველი − გლობალურ ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო წარმომავლობის პროდუქციაზე ფასების ზრდა. საქართველო დიდწილად იმპორტდამოკიდებული რჩება, მათ შორის მარცვლეულზე, რომლის მსოფლიო ფასები ბოლო 12 თვის განმავლობაში უკვე 1,3-ჯერ და მეტად გაიზარდა, შაქარზე – 1,5-ჯერ, ხოლო ზეთზე თითქმის 1,6-ჯერ; მეორე − ფასების ზრდა ნავთობპროდუქტებზე. ნავთობის მსოფლიო ფასმა ერთ წელიწადში 1,6-ჯერ მოიმატა. შედეგად – იმავე რაოდენობის ნავთობპროდუქტის იმპორტი ქართულ მხარეს თითქმის 200 მილიონი ამერიკული დოლარით უფრო ძვირი დაუჯდა; მესამე − გადაზიდვების ხარჯების, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების ფრახტისა და კონტეინერების ფასის ზრდა. მხოლოდ კონტეინერების ფრახტი 2020 წლის აგვისტოს შემდეგ 5,3-ჯერ გაძვირდა; მეოთხე − შრომის ბაზრის კონიუნქტურის გაუმჯობესებამ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნამ, ხოლო მანამდე დროებით შეჩერებული სამუშაო ადგილების აღდგენამ ეროვნულ მეურნეობაში გაზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, მათ შორის მხოლოდ მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით 85 ათასი კაცით, რამაც მოსახლეობის შემოსავლები რამდენიმე ასეული მილიონი ლარით გაზარდა. დასაქმებისა და შემოსავლების ზრდამ ობიექტურად გამოიწვია ერთობლივი მოთხოვნის ზრდა. ასე რომ, ინფლაციის დაახლოებით 60-65 პროცენტი საერთაშორისო ბაზრებზე ხსენებული გაძვირებითაა გამოწვეული, 35-40 პროცენტი კი საქართველოს მოსახლეობის ერთობლივი მოთხოვნის ზრდით“, − წერს სოსო არჩვაძე.
COVID-19-ის მძევალი ეკონომიკა და უპასუხისმგებლო მომხმარებელი
აკადემიური წრეების წარმომადგენელთა უმრავლესობა მაღალი ინფლაციის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდას ასახელებს, თუმცა ასევე სხვა ფაქტორებზე მიანიშნებს.
„მთავარი მიზეზი არის ნავთობის ფასების ზრდა, რამაც გააძვირა სატრანსპორტო მომსახურება. ამას დაერთო ზეთისა და სხვადასხვა პროდუქციის ძალიან გაძვირებაც. მსოფლიოში ფასები იზრდება და ეს აისახა საქართველოზეც. ჩვენთვის მტკივნეულია ის მომენტი, რომ ფასები გაიზარდა სურსათზე. რეფინანსირების განაკვეთი არის ბერკეტი, რომელსაც ეროვნული ბანკი იყენებს იმისთვის, რომ ინფლაცია მოთოკოს. რამდენადაც ვიცი, სექტემბერშიც იგეგმება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. შესაძლოა, რეფინანსირების განაკვეთი ისევ გაიზარდოს, რადგან თუ მოლოდინი იქნება მაღალი ინფლაციის, განაკვეთი ისევ გაიზრდება, რაც ძალიან პრობლემური იქნება 125 ათასზე მეტი მომხმარებლისთვის, რომლის იპოთეკური კრედიტიც რეფინანსირების განაკვეთზე არის მიბმული“, − აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლის დეკანი, ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი. მისი თქმით, ამას ემატება წინასაარჩევნოდ ლარში თანხების ხარჯვა, ფულის მასის ზრდა, რაც, რასაკვირველია, ინფლაციაზე ცუდად აისახება.
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლის მთავარ მიზეზად სხვა ფაქტორებთან ერთად ეკონომიკის მონოპოლიზებას ასახელებს.
საბანკო სექტორის წინასაზაფხულო მონაგარი...
„რატომ გამორიცხავთ იმ ფაქტს, რომ მთავრობა აქტიურად ხარჯავს საგარეო ვალს? რატომ არ უშვებთ, რომ მაღალი კორუფციის გამო მთავრობის კაპიტალური დანახარჯების გარკვეული ნაწილი სასაქონლო ბაზარზეც ხვდება? რატომ ვერ ხედავთ, რომ ნედლეულზე ფასები იზრდება საერთაშორისო ბაზარზე და, განსაკუთრებით, ნავთობზე? რატომ ვერ ამჩნევთ, რომ ჩვენი ნედლეულის ექსპორტი იზრდება, მათ შორის ხორცის, ხილის. თუ ფიქრობთ, რომ ეს ფაქტი არ ზრდის ფასებს? რატომ ვერ ხედავთ, რომ ტრანსპორტის შეზღუდვა ნებისმიერი ფორმით წარმოშობს ლოჯისტიკის პრობლემებს, რაც საკმაოდ აძვირებს პროდუქციას?..“ − წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი აკაკი ცომაია.
და, ბოლოს, როგორც ანალიტიკოსთა უმრავლესობა აღნიშნავს, აპრილის თვიდან მოყოლებული ლარის გამყარება და მეტ-ნაკლები სტაბილურობა რომ არა, ინფლაციის მაჩვენებელი დღეს უფრო მაღალი იქნებოდა...
სამსონ ხონელი