საბანკო რეგულაციები მარტივდება – რა იცვლება სესხის აღების მსურველებისთვის

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესში ცვლილებები 17 მარტს დაამტკიცა. ამ ცვლილებებით მარტივდება უცხოურ ვალუტაში სესხის აღება.
Sputnik

კერძოდ, დღეს მოქმედი პრინციპით, რომელიც მთავრობამ 2019 წლის იანვრიდან აამოქმედა, უცხოურ ვალუტაში სესხის აღება მხოლოდ 200 000 ლარზე მეტის შემთხვევაშია შესაძლებელი. უფრო ნაკლები სესხი ვისაც სურდა, მას მხოლოდ ლარში შეეძლო აღება. ცვლილებების მიხედვით კი უცხოურ ვალუტაზე დაწესებული ლიმიტი 100 000 ლარამდე ჩამოდის და იმ დონეს უბრუნდება, რაც 2019 წლის იანვრამდე იყო ძალაში.

ბანკების ინიციატივა სესხების გადავადებაზე – ვის აძლევს ხელს შემოთავაზებული პირობები

რატომ გაიზარდა ზღვარი 2019 წელს უცხოურ ვალუტაში სესხის აღებისთვის

საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპი 2019 წლის იანვრიდან შემოიღეს. რეგულაციების მიზანი ე.წ. „ჭარბვალიანობის“ შემცირება იყო. მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტეს, რომ, ერთი მხრივ, ხალხისთვის სესხის აღება გაერთულებინათ, რათა „ჭარბვალიანობა“ შემცირებულიყო, იმავდროულად ხელისუფლების მიზანი ე.წ. „დედოლარიზაცია“ იყო, რაც სესხებში დოლარის წილის შემცირებას ნიშნავდა და, შესაბამისად, უნდა გაზრდილიყო ლარის წილი. მაშინდელ რამდენიმე შეზღუდვას შორის ერთ-ერთი იყო ფიზიკურ პირებზე საბანკო სესხის უცხოურ ვალუტაში ლიმიტის დაწესება - 200 000 ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გახდა შესაძლებელი. მანამდე მოქმედი ზღვარი 100 000 ლარი იყო. იმდროინდელ ვალუტის კურსს თუ გავიხსენებთ, 200 000 ლარი 75 000 დოლარს შეესაბამებოდა, 100 000 ლარიანი ზღვარის შემთხვევაში კი მსესხებელს საშუალება ჰქონდა 37 000 დოლარის მოცულობის სესხიც აეღო. შესაბამისად, ვისაც სესხის აღება დოლარში სურდა, მისთვის ეს შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

თბილისის მერიამ „სითი პარკთან“ დავა $4,3 მილიონის გადახდით მოაგვარა

ხელისუფლების ოპონენტები თუ ეკონომიკის ექსპერტების ნაწილი სესხებზე მსგავსი რეგულაციების შემოღებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ და ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, 200 000 ლარიანი ზღვარი შეემცირებინა. სესხებზე ხელმისაწვდომობის შემცირება საბოლოო ჯამში ეკონომიკის ზრდას აფერხებს და ადამიანებს, მათ შორის გადახდისუნარიანებსაც, მნიშვნელოვნად ურთულებს ამა თუ იმ ნივთის თუ უძრავი ქონების შეძენას.

 საბოლოოდ, ხელისუფლებამ მართლაც დადო ზღვრის ჩამოწევის პირობა. პრემიერმა გიორგი გახარიამ 2019 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ მთავრობა განიხილავდა 200 000 ლარიანი სასესხო ზღვრის 100 000 ლარამდე შემცირებას. პრემიერის ინიციატივას მოგვიანებით მთავრობაში განსხვავებული მოსაზრებებიც მოჰყვა. ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის 20 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ უცხოურ ვალუტაში სესხების ზღვარის შემცირების საჭიროებას ვეღარ ხედავს. მისი თქმით, დაკრედიტება ისედაც მაღალი ტემპით მიდიოდა და გამარტივება საჭირო არ იყო. შემდეგ კვლავ გაჩნდა ინფორმაცია, რომ საბანკო რეგულაციები 1 მარტიდან უნდა გამარტივებულიყო, თუმცა ეს დაპირებაც გადაიდო და, საბოლოოდ, ეროვნულმა ბანკმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესში ცვლილებები 17 მარტს დაამტკიცა. ნორმა ძალაში 15 აპრილიდან შედის სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისთვის.

„საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამის მორიგი დეფიციტი

რას ნიშნავს ახალი ცვლილება

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ცვლილებების მიზანია წესებზე დამყარებული მიდგომიდან უფრო მეტად პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომაზე გადასვლა, რაც დაკრედიტების მიკრომენეჯმენტში ნაკლებ ჩარევას გულისხმობს. შედეგად – გადახდისუნარიანი მოსახლეობისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება.

ცვლილებების მიუხედავად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ძირითადი პრინციპი უცვლელი რჩება: სესხის მომსახურებამ ფინანსური სირთულეები არ უნდა შეუქმნას მსესხებელს, ვინაიდან სესხი გაიცემა იმ პირებზე, ვისაც ვალდებულების ადეკვატური შემოსავლები აქვს.

სიგარეტი კიდევ გაძვირდება, კონტრაბანდა კი დღითი დღე იზრდება

უფრო კონკრეტულად ცვლილებები ითვალისწინებს შემდეგს:

იცვლება მსესხებლის შემოსავლის შესწავლის წესი: მსესხებლის შემოსავლების შესწავლა კვლავ სავალდებულოა, თუმცა შემოსავლის დადგენის პრაქტიკა აღარ იქნება წესად გაწერილი (მაგალითად, არაფორმალური დასაქმებისას ადგილზე ვიზიტი) და საფინანსო ინსტიტუტი შეძლებს თავად, შიდა პროცედურებით განსაზღვროს შემოსავლის დადგენის წესი.

სესხის მომსახურების კოეფიციენტების ზღვრების რაოდენობა ოთხიდან ორამდე მცირდება. აქამდე თუ ყოველთვიური შემოსავალი დაითვლებოდა: 1000 ლარამდე; 1000-დან 2000 ლარამდე; 2000-დან 4000 ლარამდე და 4. 4000 ლარიდან ზემოთ, ახლა ამოქმედდება ორი კოეფიციენტი:  შემოსავალი 1000 ლარამდე და შემოსავალი 1000 ლარს ზემოთ.

1000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში იმ მოცულობის სესხის აღება იქნება შესაძლებელი, რომ ყოველთვიურად სესხის მომსახურებას მაქსიმუმ შემოსავლის 20% მოხმარდეს, თუ სესხი დოლარშია, ან შემოსავლის 25%-მდე, თუ კრედიტი ლარშია გამოტანილი.

რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

თუ მსესხებელს თვეში 1000 ლარზე მეტი შემოსავალი ექნება, მაშინ ის შეძლებს მაქსიმუმ იმ მოცულობის სესხის აღებას, რომ ყოველთვიურად შემოსავლის 30% მოახმაროს დოლარში აღებული სესხის მომსახურებას, ან 50% მიმართოს მომსახურებაზე, თუ სესხი ლარშია აღებული.

ამას გარდა, იზრდება იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადიანობა ლარში გაცემული სესხებისათვის 15-დან 20 წლამდე.

საზღვარგარეთიდან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტზე მოთხოვნა მსუბუქდება 60%-დან 70%-მდე. ანუ, იმავე შემოსავლის პირობებში მეტი სესხის აღება იქნება შესაძლებელი.

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, ცვლილებები სესხის გაცემას გაამარტივებს.

„ადამიანებს სესხის აღება პროცედურულად გაუმარტივდებათ. მნიშვნელოვანია ის, რომ წესებზე დამყარებული მიდგომები იცვლება და პრინციპებზე დამყარებულ მიდგომებზე გადავდივართ. მაგალითად, თვითდასაქმებულებთან დაკავშირებით ბანკები ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ იმ ფორმულირებებს, თუ როგორ გავცეთ სესხები. რა თქმა უნდა, ამ პრინციპებს შევათანხმებთ ეროვნულ ბანკთან“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

 

თემურ იოსელიანი