მარჯვენასაჭიანი ავტომობილები: ხელისუფლების მიზანი – ალთას, მიღებული შედეგი – ბალთას

2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ავტომობილების განბაჟების ფასები შეცვლილია, ძირითადად, გაძვირებულია, თუ საქმე ჰიბრიდულძრავიან მანქანებს ან ელექტრომობილებს არ ეხება. სხვა საქმეა მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, რომელთა განბაჟების ტარიფი მარცხენასაჭიანებთან შედარებით 3-ჯერ უფრო გაძვირდა.
Sputnik

ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი ავტოტრანსპორტის მიმართ ხელისუფლების სამომავლო პოლიტიკის შესახებ. შსს-ს მიერ გამოცხადებული „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა“ მოიცავდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას და რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა. ლაპარაკი იყო როგორც ავტომობილთა გაზრდილი რაოდენობით გამოწვეული პრობლემების გადაჭრის გზებზე, ასევე ავტომობილის მართვისას მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევების აღმოფხვრაზე. ითქვა, რომ მთავარი ავტოპარკის „გაახალგაზრდავება“ და გზებზე მოძრაობის უსაფრთხოება იქნება. „სიბერეშიც“ და „საფრთხიანობაშიც“ „მთავარ დამნაშავედ“ კი მარჯვენასაჭიანი მანქანები დასახელდა.

„ხდება ავტოპარკის „გაახალგაზრდავების“ წახალისება, შემოთავაზებულია ტარიფების შემცირება შედარებით ახალ, მარცხენასაჭიან ავტომობილებზე. ასევე შემოთავაზებულია შეიზღუდოს მარჯვენასაჭიანი და საჭე-გადატანილი ავტომობილების რეგისტრაცია 2016 წლის მარტიდან“, – ნათქვამია უსაფრთხოების პროგრამაში.

მარჯვენასაჭიანი მანქანების ჩაძირული ბიზნესის ახალი იაპონური ალტერნატივა საქართველოში

2016 წლის იანვარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების თემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკვე შემოტანილ-რეგისტრირებულ მარჯვენასაჭიანებს არაფერს დაუშავებდნენ, ახლების შემოტანას კი აუცილებლად შეზღუდავდნენ.

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნება და ვთქვა, რომ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და ამ საკითხში ნაბიჯი უკან არ იქნება. ეს ემსახურება, უპირველეს ყოვლისა, თბილისის მცხოვრებლების ინტერესებს, რადგან დედაქალაქში საშინელი მდგომარეობაა. გადატვირთულია მოძრაობა და ეს სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა, სულ უარესი და უარესი მდგომარეობა გვექნება“, – განაცხადა მაშინ კვირიკაშვილმა.

საზღვაო პორტების გავლით შემოყვანილ ავტომობილებზე აქციზი 31 მარტიდან გაიზრდება

ავტომობილების განბაჟების გაძვირებასთან ერთად მთავრობამ აქციზის გადასახადი გაზარდა საწვავზეც და საავტომობილო ზეთებზეც. 1 ტონა ბენზინზე აქციზის განაკვეთი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა, 1 ტონა დიზელზე – 150 ლარიდან 400 ლარამდე, ავტოტრანსპორტის საწვავად გამოყენებულ 1000მ3 ბუნებრივ აირზე 80-დან 200 ლარამდე, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზე 400-დან 800 ლარამდე. მაგრამ გადასახადების ზრდით საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოება იზრდება მეტად თუ საბიუჯეტო შემოსავლები – ცალკე საკითხია.

როგორ შეიცვალა აქციზის განაკვეთი ავტომობილის ძრავის მოცულობისა და წლოვანების მიხედვით, მოცემულია ცხრილში.

როგორ შეიცვალა აქციზის განაკვეთი ავტომობილის ძრავის მოცულობისა და წლოვანების მიხედვით

ხელისუფლებამ დაბეგვრის რეჟიმით პრიორიტეტი ელექტრომობილებსა და ჰიბრიდულძრავიან ავტომობილებს მიანიჭა. მათი აზრით, ასე ხელს უწყობენ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ელექტრომობილებისთვის აქციზი საერთოდ მოხსნილია, ხოლო ჰიბრიდული ავტომობილების განბაჟებისას შეღავათია გათვალისწინებული, თუმცა მხოლოდ იმ ავტომობილებზე, რომლებიც 6 წელზე ძველი არ არის. 0-დან 6 წლის ჩათვლით ჰიბრიდებისთვის აქციზი 60 პროცენტით შემცირდა, ხოლო მარჯვესაჭიანებისთვის აქციზი, შესაბამისი კატეგორიის მარცხენასაჭიან მანქანებთან შედარებით, სამჯერ გაიზარდა.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების დაბეგვრის ასეთ რეჟიმში გადაყვანა კი იმას ნიშნავდა, რომ იაპონიიდან ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი მანქანების შემოტანას ეკონომიკური შინაარსი დაეკარგა.

მძღოლები აქციზის გაზრდას აპროტესტებენ

რატომ იაპონური?

რა თქმა უნდა, ჭკუათმყოფელი ადამიანი ვერ იქნება ავტოპარკის „გაახალგაზრდავებისა“ და გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის წინააღმდეგი. არც ისაა საკამათო არავისთვის, რომ მარცხენასაჭიანი ავტომობილებისთვის დაპროექტებულ საავტომობილო გზებზე მარჯვენასაჭიანი ავტომობილით მოძრაობა მძღოლს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. მაგალითად, გასწრებისას მძღოლს მეტი სიფრთხილე და მეტი მანძილი სჭირდება მანევრის შესასრულებლად. მაშ რატომ ყიდულობდა ხალხი ასეთ მანქანებს და რატომ მიაღწია თითქმის 40%-ს მათმა წილმა საქართველოში? მიზეზი რამდენიმეა: მძღოლებს არ აქვთ იმდენი ფული, რომ ავტოსალონში იყიდონ ახალი, მარცხენასაჭიანი ავტომობილი; არც იმდენი ფული აქვთ, რომ კარგ მდგომარეობაში მყოფი მეორადი ევროპული თუ ამერიკული წარმოების მანქანა 5-6 ათას დოლარად და უფრო ძვირად შეიძინონ; კარგ მდგომარეობაში მყოფი მეორადი იაპონური ავტომობილის ჩამოტანა-განბაჟება კი 2-2.5 ათას დოლარადაც შეიძლებოდა. თანაც, როდესაც საქმე მეორად ავტომობილებს ეხება, მარჯვენასაჭიანი მანქანების მოძულეებიც კი აღიარებენ, რომ იაპონიაში ნაყიდი მეორადი ავტომობილი თითქმის ყოველთვის იდეალურ მდგომარეობაში ჩამოდიოდა, განსხვავებით ევროპიდან თუ, განსაკუთრებით, ამერიკიდან ჩამოტანილისგან, რომელსაც, საქართველომდე ჩამოღწეულს, ხშირად უამრავი „სიურპრიზი-ხარვეზი“ აღმოსჩენია.

მესხიშვილი: „საქართველოში ყოველწლიურად 80 000 ავტომობილი იყიდება“

ავტომობილის განბაჟება მოიცავს აქციზისა და საბაჟო გადასახადს. აქციზის ფასის დასაანგარიშებლად კანონით გათვალისწინებული განაკვეთი უნდა გავამრავლოთ ავტომობილის ძრავის მოცულობაზე. მაგალითისთვის ავიღოთ საქართველოში ერთ-ერთი გავრცელებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილი „ნისან ტიიდა“ და შევადაროთ ძველი და ახალი ტარიფით როგორ იცვლება განბაჟების საფასური.

2007 წელს გამოშვებული, 1500სმ³ ძრავის მქონე „ტიიდას“ განბაჟება ძველი ტარიფით ჯდებოდა: 750 ლარი (აქციზი) + 116,25 (საბაჟო გადასახადი) + 150 ლარი (დეკლარირებული ავტომობილის გაფორმების მომსახურება) + 30 ლარი (საბაჟო დეკლარაციის შევსება) + 20 ლარი (საექსპერტო შემოწმების აქტი) = 1066.25 ლარი.

ახლა დავთვალოთ ახალი ტარიფით რა ჯდება იგივე ავტომობილის განბაჟება: 5850 ლარი (აქციზი) + 116,25 (საბაჟო გადასახადი) + 150 ლარი (დეკლარირებული ავტომობილის გაფორმების მომსახურება) + 30 ლარი (საბაჟო დეკლარაციის შევსება) + 20 ლარი (საექსპერტო შემოწმების აქტი) = 6 166.25 ლარი.

განბაჟების ადრინდელ და ახალ ფასს შორის სხვაობა 5100 ლარია.

მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაცია 2017 წლიდან აიკრძალება

შესადარებლად დავითვალოთ იმავე ასაკისა და ძრავის მოცულობის მქონე მარცხენასაჭიანი ავტომობილის განბაჟება ახალი ტარიფით. 1950 ლარი (აქციზი) + 116,25 (საბაჟო გადასახადი) + 150 ლარი (დეკლარირებული ავტომობილის გაფორმების მომსახურება) + 30 ლარი (საბაჟო დეკლარაციის შევსება) + 20 ლარი (საექსპერტო შემოწმების აქტი) =2 266.25 ლარი.

აქ ძველ ტარიფთან შედარებით განბაჟების ღირებულება 1200 ლარით არის გაზრდილი.

ასე რომ, ხელისუფლების გადაწყვეტილებამ მხოლოდ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟება კი არა, მარცხენასაჭიანებისაც საკმაოდ გააძვირა.

რაც შეეხება ჰიბრიდულ ავტომობილებზე შეღავათებს, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ 6 წელზე ახლებს ეხება. ასეთი მანქანები კი საკმაოდ ძვირი ღირს და, ელექტრომობილების ფასის არ იყოს, თუ ადამიანს ასეთი ავტომობილის შესაძენი ფული აქვს, მაშინ როგორმე შეღავათის გარეშე განბაჟებასაც გასწვდება.

სააქციზო მოსაკრებელი ჰიბრიდულ ავტომობილებზე 50%-ით შემცირდა

ინიციატივის მოწინააღმდეგეები

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვა ბევრმა გააპროტესტა. ერთ-ერთი მათგანია „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე.  მისი თქმით, თბილისში მოძრაობის განტვირთვისთვის და „საცობების“ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია საგზაო ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, პარკირების პრობლემის მოგვარება, შუქნიშნებისა და  საგზაო ნიშნების მოწესრიგება და სხვ.

„ხელისუფლებამ განაცხადა, თუ რატომ უნდა შემოიღონ ეს რეგულაცია. ეს იყო მოძრაობის განმუხტვა ქალაქ თბილისში და სამომავლოდ მოძრაობის პარალიზების, საგზაო კოლაფსის თავიდან არიდება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის აბსურდი. არანაირი კავშირში მარჯვენასაჭიანი ავტომობილები არ არის არც „საცობებთან“, არც მომავალში სატრანსპორტო კოლაფსთან.

არის ტენდენცია ავტომობილების ზრდის და თუ ჩვენ ავკრძალავთ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტს, რომელსაც ერთადერთი მინუსი შეიძლება ის ჰქონდეს, რომ მარჯვენა საჭე აქვს, ამ შემთხვევაში ადამიანი შეიძენს ევროპიდან და ამერიკიდან იმპორტირებულ ძველ ავტომობილს. მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ბევრი დადებითი მახასიათებელი აქვს, არის ბევრად ეკოლოგიური, უსაფრთხო. თუ შევადარებთ ღირებულებას, ევროპა–ამერიკიდან ძველ ავტომობილს ბევრად მეტი საფრთხე აქვს, უფრო ამორტიზებული ძრავა, რაც აისახება ავტომობილის ეკონომიურობაზე, ეკოლოგიურობაზე და უსაფრთხოებაზე“, – აცხადებდა ვასო ურუშაძე.

ელექტრომობილების ან ჰიბრიდული ავტომობილების ტაქსის მძღოლებს შეღავათები ექნებათ

მიზანი – სხვა, შედეგი – სხვა

მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის აქციზის გაძვირებიდან წელიწადზე მეტი დრო გავიდა. „საქსტატის“ მონაცემებით, რომელსაც bpn.ge ავრცელებს, 2017 წელს წინა წელთან შედარებით ავტომობილების იმპორტი 30,2%-ით შემცირდა. 2017 წელს სულ 61 428 მსუბუქი ავტომობილი შემოიტანეს.

2017 წელს იმპორტიორი ქვეყნების სამეულში აშშ ლიდერობდა, საიდანაც შარშან 32 655 ავტომობილი შემოვიდა. შემდეგია იაპონია — 17 280 ერთეულით, ხოლო მე-3 ადგილზეა გერმანია 4 680 ავტომობილით. 2016 წელს იმპორტიორ ქვეყნებში იაპონია ლიდერობდა, საიდანაც 43 377 ათასი ავტომობილი შემოვიდა, შემდეგ იყო აშშ — 21 071 მანქანით და მესამე ადგილზე გერმანია — 14 259 ავტომობილით.

რაც შეეხება იაპონური ავტომობილების იმპორტს 2017 წელს, აქ აბსოლუტური უმრავლესობა ჰიბრიდულძრავიან მანქანებსა და ელექტრომობილებზე მოდის. თავისთავად, ხელისუფლების მიზანი – მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვა აუცილებელია, რადგან ავარიების მაღალ რისკს შეიცავსო – უაზრობა გამოდგა, რადგან იგივე მარჯვენასაჭიანი, მაგრამ ელექტრომობილები სულაც ნულოვანი ტარიფით ბაჟდება და ჰიბრიდულ ძრავზე მომუშავე მარჯვენასაჭიან ავტომობილებზეც 60%-იანი შეღავათი მათ ჩამოტანას აზრს უტოვებს და ხალხს შემოაქვს კიდეც. თუმცა, ცხადია, მაინც ნაკლებად.

საქართველოში შესაძლოა ეკო და ჰიბრიდული ავტომობილების ამწყობი ქარხნა აშენდეს

„მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი უკვე არაკონკურენტუნარიანია. განბაჟების ტარიფი იმდენად მაღალია, რომ კონკურენციის უნარი ამ მანქანებს დაკარგული აქვთ… ამერიკიდან ნაავარიები, შუაზე გადაჭრილი მანქანის ჩამოყვანა და გაკეთება კი ბევრად უფრო საშიშია. ამაზეც უნდა დაფიქრდნენ, რადგან მარტო ერთი მიმართულებით რეგულაციის გამკაცრება შედეგს ვერ მოიტანს“, – ამბობს კომპანია „იამოტოს“ დამფუძნებელი პაატა მაისურაძე.

ერთი სიტყვით, კიდევ გავიმეორებთ, არავინ არის წინააღმდეგი არც პარკის გაახალგაზრდავების და არც მოძრაობის უსაფრთხოების, მაგრამ როცა ხელისუფლება ამა თუ იმ სფეროს რეგულირებას იწყებს, იქნებ, შორეულ თუ არა, თუნდაც ახლო პერსპექტივაზე უკეთ გათვალოს მოსალოდნელი შედეგი?

თემურ იოსელიანი


რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!