თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. დაახლოებით სამასამდე ავტომობილისტმა საპროტესტო აქცია გამართა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის წინ, სადაც საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
მძღოლების უკმაყოფილება მთავრობის იმ გადაწყვეტილებით იყო გამოწვეული, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებულ ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაზრდას მოიაზრებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, აქციზი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტზე აქციზის სამმაგი რაოდენობით განისაზღვრება მანქანის გამოშვების წლის გათვალისწინებით.
რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, წინასწარი მონაცემებით, აქციზი ერთ ტონა ბენზინზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება, ხოლო ერთ ტონა დიზელზე — 150-დან 400 ლარამდე.
„რაც ახლა კეთდება, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ადამიანების ცხოვრებას და განსაკუთრებით, მძღოლებისას. მხედველობაში მაქვს საწვავზე და მარჯვენასაჭიან მანქანებზე აქციზის გაზრდა“, — განაცხადა აქციის მონაწილე თამაზ ბაკურაძემ.
საპროტესტო აქციას შეუერთდნენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მძღოლებიც, რომლებიც დეპუტატებთან შეხვედრას მოითხოვდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
ანალოგიური აქცია გაიმართა ბათუმშიც, სადაც მძღოლები ქუჩებში პროტესტის ნიშნად ხმოვანი სიგნალებით მოძრაობდნენ. ისინი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
ავტომობილებზე აქციზის გაზრდა სახელმწიფო ბიუჯეტს 2017 წელს 45 მილიონ ლარ მოგებას მოუტანს, ხოლო ავტომობილებზე გადასახადის დაწესება, კიდევ 3 მილიონი ლარით გაზრდის ბიუჯეტის შემოსავალს.