„ავტომობილების ძირითადი ნაწილი, რომლის ხარჯზეც საქართველოში ჩვენ მივიღეთ მილიონ ორასი ათასამდე ავტომობილი, მატულობს ორი მიზეზის გამო. ერთი ეს არის სოციალური გაჭირვება… სესხით ყიდულობენ 20 წელზე მეტი „ასაკის“ ავტომობილს, რომლის ადგილზე ღირებულებაც შეიძლება იყოს 500, 600 ან 1000 აშშ დოლარი და შემდეგ მას „ტაქსაობისთვის“ იყენებენ. და მეორე — ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. წარმოიდგინეთ, რომ 2-3 კილომეტრის გასავლელად დღეს დედაქალაქში ადამიანები ავტომობილებს ყიდულობენ, რაც არის იმის შედეგი, რომ ტრანსპორტის პოლიტიკა არაა სწორად განსაზღვრული, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სამგზავრო ადგილების რაოდენობა, სამწუხაროდ, არასაკმარისია", — აღნიშნა დავით მესხიშვილმა.
საქართველოში, ავტომობილების რაოდენობის ზრდაზე 2016 წლის იანვარ-ივლისის თვის სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. ამ პერიოდში ქვეყანაში 50 ათას 520 ავტოსატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდა.
„ფრანგული კომპანია „სისტრას“ კვლევის მიხედვითაც, ჩვენი მოქალაქეების 72 %, კითხვაზე — როგორც კი გაუჩნდება ფული, თუ რას შეიძენს — პასუხობს, რომ ავტომობილს. ეს არ არის, უბრალოდ, მოდა“, — განაცხადა მესხიშვილმა.
ექსპერტის აზრით, აუცილებელია ქვეყანაში სატრანსპორტო პოლიტიკის მართებულად დაგეგმვა, რათა თავიდან ავიცილოთ საცობები, რომელიც საზოგადოებას დიდ პრობლემას უქმნის.