10:47 07 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
აქტუალური თემები
მოკლე ბმულის მიღება
255 0 0

მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა და თავდაყირა დააყენა. ერთ დღესაც ადამიანებმა სულ სხვა, მათთვის უჩვეულო რეალობაში გაიღვიძეს. ამ რეალობასთან შეგუება კი არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

ამ ყველაფრის აღქმა და გააზრება განსაკუთრებით ბავშვებს გაუჭირდათ. როგორ შეუძლიათ მშობლებს დაეხმარონ ბავშვებს, რომ მათ შეინარჩუნონ ემოციური და ფსიქოლოგიური სტაბილურობა, სიმშვიდე, ამის შესახებ ფსიქოლოგი მარიამი შოვნაძე საუბრობს.

მარიამ შოვნაძე
მარიამ შოვნაძე

 

- რა უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს ხანგრძლივმა შიდა იზოლაციამ ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე?

- ჩვენ ერთ დღეს სრულიად ახალ რეალობაში აღმოვჩნდით. ვიღვიძებთ და აღარსად მივდივართ. ეს ხდება არა მარტო ჩვენს საცხოვრებელ უბანში ან ქალაქში, არამედ მთელ მსოფლიოში. ხშირად საუბრობენ, რომ ახლა განსაკუთრებით სტრესულია ყოველი დღე. ადამიანები მნიშვნელოვანი და მოულოდნელი ცვლილებების წინაშე აღმოვჩნდით, მაგალითად, ახლა ის გვაქვს ძალიან ბევრი, რაც ადრე უფრო დეფიციტური იყო ჩვენს ცხოვრებაში - თავისუფალი დრო, რომელიც თავისთავად მრავალ ფაქტორთან არის დაკავშირებული და უფრო კომპლექსურ ცვლილებებს იწვევს.

არა მარტო ზრდასრულების, არამედ ბავშვების ყოველდღიურობაც რადიკალურად შეიცვალა. ისინი აღარ მიდიან ბაღში, სკოლაში, აღარ აქვთ ძველი ინტენსივობით ფიზიკური და სოციალური აქტივობები, შეეცვალათ დღის რუტინა, ძილის განრიგი და კვებითი ჩვევები. იზოლაციის პერიოდში განსაკუთრებით რთულია პირადი სივრცის დაცვა, ემოციების კონსტრუქციული ფორმით გამოხატვა და დღის მრავალფეროვნად გატარება. ამ პერიოდში ხშირად ვისმენ ბავშვებისგან (8-9 წლიდან), რომ არიან მოწყენილები, მათი თქმით, არაფერი კარგი არ ხდება, გრძნობენ მობეზრებას, რადგან ყოველი დღე ერთნაირად იწყება და მთავრდება, უფრო მარტივად ღიზიანდებიან ან ტირიან. აქვთ კითხვები, რატომ ხდება ეს ყველაფერი და უფრო მეტი კითხვის ნიშნები აქვთ მომავალთან - როდის დაბრუნდებიან სკოლაში, მეგობრებთან. 5-7 წლის ბავშვებისგან უფრო დადებით ფრაზებს ვისმენ, უხარიათ, რომ მშობლები მათთან ერთად არიან და ერთად ატარებენ დროს. თუმცა აუცილებლად უნდა გამოვყოთ, რომ შიდა იზოლაციის პერიოდში არსებობს საშიშროება გამოვლინდეს ემოციური და ქცევითი სირთულეები, რაც ზემოთ ნახსენები ფაქტორებით არის განპირობებული.

- როგორ უნდა დაეხმარონ მშობლები ბავშვებს, რომ შეინარჩუნონ ემოციური სტაბილურობა?

- პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ზრდასრულებმა ვიზრუნოთ საკუთარ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. ხშირად ბავშვებს ვეუბნებით ერთს, მაგრამ ვაკეთებთ სრულიად საწინააღმდეგოს. ბავშვები გაცილებით მეტ ინფორმაციას იღებენ ჩვენი ქმედებებიდან, ვიდრე საუბრის დროს. მაგალითად, თუ მშობელი ბავშვს ეუბნება, რომ არაფერია საშიში, მაგრამ რამდენიმე წუთში ის შფოთვას იწყებს და მეგობარს ესაუბრება ტელეფონზე იმის შესახებ, თუ როგორ ღელავს, ნერვიულობს, რა თქმა უნდა, ბავშვს დაავიწყდება მშობელმა რა უთხრა, ის სრულიად სააწინააღმდეგო სურათს ხედავს. არა მარტო ქმედება, არამედ ჩვენი, ზრდასრულების ემოციები გადადის ბავშვებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება.

· მშვიდად და თავდაჯერებულად ვესაუბროთ ბავშვებს, ჩვენი ქმედებები კი შეესაბამებოდეს ჩვენს ტექსტებს (მესიჯებს);

· მივცეთ ბავშვებს დრო და სივრცე საკუთარი ემოციების გასაზიარებლად. ავუხსნათ, რომ ისინი ახლა რასაც გრძნობენ, ეს სრულიად ბუნებრივია, თუნდაც ეს იყოს შიში, ბრაზი ან მობეზრება. განსაკუთრებით აუცილებელია მოზარდებს დავუტოვოთ პირადი სივრცე.

· მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა დასვან კითხვები, ჩვენ ამ პუნქტის საშუალებით გავიგებთ რეალურად ისინი რა დოზის ინფორმაციას ფლობენ და რამდენად სწორი წყაროებიდან, აქედან გამომდინარე შევძლებთ საჭიროების შემთხვევაში სწორი ფორმით ჩავერიოთ.

· საინფორმაციო გამოშვებების ყურება შევზღუდოთ მაქსიმალურად, დღის განმავლობაში ეს შეიძლება იყოს ერთი საათი.

· გავწეროთ დღის რუტინა, თუ რას ვაკეთებთ დღის განმავლობაში. უფრო მეტი დრო დაეთმოს საოჯახო აქტივობებს, თამაშებს, სახლის განახლებას, თუნდაც კულინარიას და ახალ ინტერესებს. დღის ბოლოს შეაჯამეთ, თუ როგორ წარმატებით შეასრულეთ დღის გეგმის ყველა პუნქტი, თქვენ ნახავთ, რომ დრო სულაც არ გადის ტყუილად და თქვენ ისევ ქმედითი ხართ.

- სკოლა გადავიდა დინსტანციური სწავლების მეთოდზე, ამასთან, ბავშვები ერთობიან სოციალურ  სივრცეში, უყურებენ ფილმებს, თამაშობენ სხვადასხვა თამაშებს და ა.შ. როგორ ფიქრობთ, ზედმეტად ბევრ დროს ხომ არ ატარებენ ისინი ეკრანთან? რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ბავშვებზე და ამ მხრივ სიმკაცრე უნდა გამოიჩინონ თუ არა მშობლებმა, როგორ უნდა დაარეგულირონ მათ ეს საკითხი?

- ამ პერიოდში საშიშროება არსებობს ეკრანზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების, ან კიდევ უფრო მეტად გამძაფრების, ამიტომ დღის რუტინაში ცალსახად უნდა იყოს გაწერილი დისტანციური გაკვეთილების შემდეგ დასვენების დრო, მეგობრებთან კონტაქტის და სხვა აქტივობების დრო, რომელიც ეკრანთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სახლში ვართ, აუცილებელია არსებობდეს დღის რუტინა არა მარტო ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის. ეკრანთან დაკავშირებული რეკომენდაციები მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის. მნიშვნელოვანია თავად მშობელიც აკონტროლებდეს დროს ეკრანთან, სოციალურ ქსელში.

- იმისთვის, რომ მშობლებმა შვილებს შეუნაჩუნონ ფსიქიკური მდგრადობა, პირველ რიგში, აუცილებელია მათ საკუთარ ემოციურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე იზრუნონ. როგორ უნდა მოახერხონ ეს, რას ურჩევთ მათ?

- ბავშვებს რა მიმართულებასაც ვაძლევთ და რა მითითებების შესრულებასაც ვთხოვთ, ჩვენ ზრდასრულებმაც ზუსტად იგივე უნდა გავაკეთოთ.

· ყოველ დილით გავწეროთ დღის რუტინა, დღის ბოლოს კი შევაჯამოთ. აღმოვაჩენთ, რომ იზოლაციის პერიოდში ისევ პროდუქტიულები ვართ;

· საინფორმაციო გამოშვებების ყურება და სოციალური ქსელის მოხმარება უმჯობესია ვაკონტროლოთ;

· დავიცვათ ძილის ჰიგიენა;

· მოვაწესრიგოთ კვების რეჟიმი, მივირთვათ ფიზიოლოგიური შიმშილის მიხედვით და არა მადის გათვალისწინებით;

· თავი ავარიდოთ სხვადასხვა სახის დამოკიდებულების ჩამოყალიბებას (საკვები, თამბაქო, ალკოჰოლი და ა.შ.);

· აღმოვაჩინოთ სიახლეები - ეს შეიძლება იყოს კულინარია, მებაღეობა, ახალი ენის ან პროგრამის შესწავლა;

· დავგეგმოთ საოჯახო აქტივობები, მაგალითად, სამაგიდო თამაშები, სახლში გამოფენის მოწყობა და ა.შ;

· ვცადოთ ფიზიკური აქტივობების დაწყება, თუნდაც მცირე დოზით;

· ვეკონტაქტოთ დისტანციურად მეგობრებს, ახლობლებს, თანამშრომლებს და გავუზიაროთ ჩვენი ემოციები;

დიახ, ვერ გავექცევით მოცემულობას, რომ დღეს სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანები ვირუსს ებრძვიან, ჩვენ კი სახლში ვართ. ეს რეალობაა, რომელიც უნდა მივიღოთ, რათა არსებულ მოცემულობასთან ადაპტირება შევძლოთ. სანამ ერთ დღეს მსოფლიო შეიცვლებოდა, ბევრი ქმედების განხორციელება გვსურდა, თუმცა ვერ ვახერხებდით და მიზეზი დეფიციტური დრო იყო. ახლა შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი სურვილები და ხანდახან, როცა ვამბობთ „არ ვიცი რა გავაკეთო“, ამ თავისუფალ დროში დავინახოთ შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს, მეგობრებს არა მხოლოდ ფიზიკური თავლსაზრისით, არამედ გავაძლიეროთ ემოციურადაც.

 

მთავარი თემები