ჩვენი დღევანდელი სტუმარი მხატვარ-დიზაინერი, სამხატვრო სტუდია RestArt-ის დამფუძნებელი თამარ ხორხელია. მოგეხსენებათ, ყველა ხელოვანს თავისი საყვარელი თემა აქვს. სწორედ ასეთი თემებიდან იქმნება ის ჰარმონია, რაც ადამიანებს ისევე სჭირდებათ სულის საკვებად, როგორც ჰაერი - საარსებოდ. თამარის შემოქმედების ძირითადი თემა ურბანული და ქალის სილამაზის აღქმაა. მისი ყველა ნახატი ერთი ამოსუნთქვით არის დახატული და მხატვრის ემოცია თითოეულ მათგანში იგრძნობა.
- ჩემი ნიჭი აღმოაჩინა დეიდაჩემმა. მაშინ სამი წლის ვიყავი. მე, ჩემი ძმა და დეიდაშვილი დაგვსვა დასახატად, სამივეს ერთი და იმავე სირთულის დავალება უნდა შეგვესრულებინა. აღმოჩნდა, რომ ჩემი ნამუშევარი გამორჩეულად კარგი იყო. მას შემდეგ მთელი ოჯახი ცდილობდა ეს ნიჭი განმევითარებინა, რისთვისაც უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა მათ.
- რა გზა გაიარეთ, სანამ დღემდე მოხვიდოდით?
- პირველ რიგში იყო საჯარო სკოლა, სადაც დღემდე ყველა დერეფანში ჩემი პატარაობის ნახატებია გამოფენილი. ეს ისე ძალიან მსიამოვნებს, მავსებს და მახარებს, ვერ წარმოიდგენთ. პარალელურად ჩავაბარე ათონელზე არსებულ სამხატვრო ათწლედში. ეს იყო უდიდესი გამოცდილება, აქ ცოდნა მივიღე არა მხოლოდ ხატვის კუთხით, საერთოდ. ეს პერიოდი ძალიან დადებითად მახსენდება. სამხატვრო აკადემიაში უკვე გრაფიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, შემდეგ იყო ხატვის მაგისტრატურა. ასე მოვედი დღემდე. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი აღმოჩენა მაქვს გასაკეთებელი და უფრო მეტი - სასწავლი. ეს ის სფეროა, სადაც სულ ძიებაში უნდა იყო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაკარგო შენი ხელწერა და ინდივიდუალიზმი, პირიქით, რაც უფრო ბევრი იცი, მით უფრო გამორჩეული ხდება შენი ხელწერა, სახასიათო, შეხედავენ და იციან, რომ შენია.
- დღეს რა ადგილი უკავია ხატვას თქვენ ცხოვრებაში და სხვა ჰობიც თუ გაქვთ?
- ხატვა ჩემი პროფესიაა და არასდროს გამიცვლია სხვა საქმეში. ყოველთვის მქონდა მიზნად, თუ ვიმუშავებდი, მხოლოდ ჩემი პროფესიის გარშემო. სხვაგან კომფორტულად ვერ ვგრძნობ თავს, ამიტომ სადაც სიყვარული არ არის, იქ საქმეც ვერ გამოდის ხარისხიანი. რაც შეეხება ჰობის, ხატვის გარდა, ვარ გიჟი ავტომოყვარული, ასევე მიტაცებს ცურვა, ცეკვა და მუსიკა, რაც საერთოდ არ უშლის ხელს ჩემს პროფესიას.
- ყველაზე ხშირად რა თემები ჩნდება თქვენს ნახატებში?
- თემა ძირითადად ორია: ურბანული და ქალის სილამაზის აღქმა.
- ისინი თქვენი სულის გამოძახილია? გიფიქრიათ, რას გამოხატავთ თქვენი ნამუშევრებით?
- ჩემი ყველა ნამუშევარი ერთი ამოსუნთქვით არის დახატული. ეს ემოცია თითოეულ მათგანში იგრძნობა და ეს განასხვავებს მათ სხვა ნამუშევრებისაგან. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც ჩემს ნახატებს ათვალიერებს, თავისებურად ხედავს რაღაც ისეთს, რაც მის სულთან უფრო ახლოსაა, საკუთარ ემოციებს.
- ხელოვნება და კომერცია როგორ უკავშირდება ერთმანეთს თქვენ შემთხვევაში?
- ვფიქრობ, ამ სფეროში საკმაოდ ბევრი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე და ხელზე, რომ შენზე მოთხოვნა იყოს. ახლა საკმაოდ ბევრი არხი და საშუალებაა, რომ ბევრად ადვილად მიაწოდო საზოგადოებას შენი ნამუშევარი და შენი ხედვა. რამდენადაც კომუნიკაცია გაადვილდა, კონკურენციაც გაიზარდა. მხოლოდ მე ხომ არ ვხედავ ამ არხებს? ამ ეტაპზე ის, რასაც ვაკეთებ და მე მომწონს, მოსწონთ სხვებსაც, ტილოები იქნება ეს, ფასადის მოხატვა, ინტერიერის თუ სხვა შეთავაზებები, არ ჩერდება. შესაბამისად, არც მე ვჩერდები, მით უფრო, როცა შედეგი გაძლევს მოტივაციას, აკეთო იმაზე მეტი, ვიდრე აკეთებ.
- როგორც ვიცი, გახსენით სკოლა. როგორ გაჩნდა იდეა და როგორ მოიყვანეთ სისრულეში?
- იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა, გაიელვა და გაიარა. მერე ზუსტად ერთ კვირაში განხორციელდა. სანამ გახსნამდე მივედი, იყო მუშაობა საკუთარ თავთან, ასევე სამსახური, სადაც ვმუშაობდი გრაფიკულ დიზაინერად და მიყვარდა ჩემი საქმე, მაგრამ ხატვისთვის ნაკლები დრო მრჩებოდა. ამიტომ გადაჭრით გადავწყვიტე, რომ უნდა გამეხსნა სამხატვრო სტუდია, სადაც იქნებოდა არტ-თერაპია ასაკის შეუზღუდავად. რადგან ჩვენს გარემოში და დღევანდელ ყოფაში განტვირთვა არამც თუ სასურველი, არამედ აუცილებელია. გავაკეთე ერთჯერადი ვიზიტები როგორც პროფესიული წრეების, აბიტურიენტების, ისე პატარებისთვის სამი წლიდან. აი, ასე დავიწყეთ ყველაფერი. შემდეგ იყო ტელევიზიების ინტერესი, რამაც ხალხის ინტერესიც გამოიწვია, რადგან არ გვაქვს ფუფუნება იმისა, რომ იყოს ადგილები დიასახლისებისთვის, თუნდაც ერთი დღე განიტვირთონ, შვილებთან ერთად თუ მარტო, განუვითარონ შვილებს მოტორიკული უნარ-ჩვევები. ამ ყველაფრის შემდეგ ვატყობდი როგორ ფასდებოდა ჩემი შრომა და ვხვდებოდით ერთი დიდი ოჯახი. თავისთავად ბედნიერებაა შრომის ნაყოფის დანახვა.
- ალბათ მარტივი არ იყო ეს ყველაფერი. რა სირთულეებს წააწყდით?
- მარტივი ნამდვილად არ იყო. თუმცა, თუ ხარ მიზანდასახული და მონდომებული, ყველაფერს შეძლებ. ყველაფერი საკუთარი ხელებით გავაკეთე, გავარემონტე, მოვხატე, ისეთი გარემო შეიქმნა, დიდი და პატარა ყველა ბედნიერია და თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში.
- რას სთავაზობთ პატარებს, როგორი გარემო ხვდებათ თქვენთან და რით არის თქვენი სკოლა გამორჩეული?
- ჩვენთან პატარები სწავლობენ პირველ რიგში ურთიერთობას, რაც კომპიუტერის და პლანშეტების ეპოქაში ცოტა დაგვაკლდა. აქ ისეთი მეგობრული და მხიარული გარემოა, პედაგოგიც ისეთი მზრუნველია და ისეთ დავალებებს აძლევს, მშობლები ამას ხედავენ. ჩვენი გამოცდილი პედაგოგი ელინა მიმონოშვილი მოტორიკულ, გონებრივ განვითარებაზე მიმართული დავალებებით ბავშვებისთვის ძალიან საყვარელ პედაგოგად იქცა.
- რა გრძნობაა, როცა საკუთარ გამოცდილებას მომავალ თაობას უზიარებთ? ალბათ ეს გარკვეულწილად დიდი პასუხისმგებლობაცაა...
- მე უშუალოდ აბიტურიენტების და 16 წლიდან (ასაკის შეუზღუდავად) ჯგუფების პედაგოგი ვარ, ამიტომ დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია პირველ რიგში აბიტურიენტებთან, ვისი მომავალიც მაბარია და არ უნდა გავუცრუო იმედები. ამ პერიოდს წლების წინ მეც გავდიოდი და მახსოვს, რა სტრესი იყო მოლოდინის რეჟიმი. მნიშვნელოვანია შემართება არ დაუკარგო მოსწავლეს და მაქსიმალური შედეგი მიაღებინო გამოცდაზე. როდესაც გამოცდის შემდგომ მათ ბედნიერ სახეებს ვხედავ, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ხოლო როცა ქულების გაგების მერე სიხარულისგან ატირებულები მირეკავენ, მეც პატარა ბავშვივით ვივსები და ახლიდან ვიბადები. ამიტომ ეს საქმე არის დიდი პასუხისმგებლობა, სიყვარული და ბედნიერება.
- სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ...
- სტუდიას რაც შეეხება, ვაპირებთ გასვლით ტურებს, პლენერებს, ანუ ბუნებაში ხატვას ჩვენივე ინვენტარით. მოსწავლეებს წავიყვანთ და მივცემთ საშუალებას უშუალოდ ბუნებაში არსებული სურნელით, ემოციით ხატონ, იგრძნონ თავისუფლება. ფერთა აღქმა ისწავლონ უკეთ და აიმაღლონ ცოდნა, განიტვირთონ ჩვენთან ერთად.