როგორ გავიაროთ სავალდებულო ტექდათვალიერება: ერთი ავტომობილის მაგალითი

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ქუჩები
თბილისის ქუჩები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ინსპექტირებაზე მანქანას მიიყვანთ

თემურ იოსელიანი

სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებას, მოწინააღმდეგეებთან ერთად, საკმაოდ ბევრი მომხრეც აღმოაჩნდა. მათ მიაჩნიათ, რომ ინსპექტირების შემდეგ ავტომობილი ნაკლებად დააბინძურებს ჰაერს და გზებზე მხოლოდ ტექნიკურად გამართული მანქანები იმოძრავებს, ამიტომ მგზავრობაც და გარემოც ბევრად უსაფრთხო გახდება.

რამდენად რეალურია ასეთი შედეგის მოლოდინი, მოგვიანებით დათვალონ ტექდათვალიერების მომხრეებმა. მანამდე კი იოლად დასათვლელია ის თანხა, რასაც ავტომფლობელები შემოწმებისას იხდიან. მსუბუქი და 3,5 ტონამდე სატვირთო ავტომობილების შემოწმება – 60 ლარი ღირს, 8-ზე მეტი ადგილის მქონე, ასევე 3,5 ტ-ზე ზემოთ სატვირთოების ინსპექტირება – 100 ლარი. თუ ქვეყანაში არსებულ დაახლოებით მილიონ მსუბუქ ავტომობილს ვიანგარიშებთ, მათ ინსპექტირებაზე წელიწადში 60 მილიონი ლარი გამოდის გადახდილი. ამას ემატება სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის გადახდილი თანხაც.

ტექდათვალიერება - Sputnik საქართველო
ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების წესებში ცვლილებები შევიდა

პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე შეამოწმეს სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3.5 ტ-ის ზემოთ) ავტომობილები; 1 ივლისიდან - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები; 1 ოქტომბრიდან 3 000 სმ3 და უფრო დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები. ყველა დანარჩენმა ავტომობილმა კი სავალდებულო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან წლის ბოლომდე უნდა გაიაროს.

ტექდათვალიერების გავლის თარიღი ავტომობილის რეგისტრაციაზეა დამოკიდებული (თუ ავტომობილი, მაგალითად, 10 მაისის თარიღით არის რეგისტრირებული, ტექდათვალიერებაც 10 მაისამდე უნდა მოასწროს). ნებისმიერი ავტომობილის სავალდებულო ინსპექტირების ბოლო ვადის გაგება შესაძლებელია www.pti.ge-ზე, სადაც ავტომობილის სახელმწიფო ნომრის ჩაწერის შემდეგ გამოჩნდება, რა დროს უწევს ტექდათვალიერება კონკრეტულ ავტომობილს.

თუ პტი (პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება) ცენტრში ავტომობილს რამე ხარვეზი აღმოაჩნდება, მფლობელმა 1 თვის ვადაში ხარვეზი უნდა გამოასწოროს და იმავე ცენტრში მივიდეს შემოწმებაზე. ამ შემთხვევაში ხელახალი ინსპექტირება უფასოა. სხვაგან თანხა ისევ იქნება გადასახდელი.

ტექინსპექტირება - Sputnik საქართველო
ყველა ტექდათვალიერებაზე!

ვინც დადგენილ დრომდე ავტომობილი ტექდათვალიერებაზე არ მიიყვანა, აჯარიმებენ – ფიზიკურ პირებს 50, იურიდიულ პირებს 200 ლარით. შსს-ს მონაცემებით, მხოლოდ 14-31 იანვრის პერიოდში ტექდათვალიერების არგავლის გამო 13 982 ჯარიმა გამოიწერა. 98%-ზე მეტი ჯარიმა ე.წ. „ჭკვიანმა კამერებმა“ გამოწერეს. თუ მძღოლმა ავტომობილი ტექდათვალიერებაზე კვლავ არ გაატარა, მომდევნო თვეში ისევ ჯარიმდება და ა.შ.

როგორ გაიარა ჩემმა მანქანამ ტექდათვალიერება

სავალდებულო ტექდათვალიერების ბოლო ვადა მიახლოვდებოდა. პტი ცენტრში ერთი კვირით ადრე მივედი. სად შევამოწმებინებდი ჩემ მარჯვენასაჭიან, 2007 წელს გამოშვებულ „ნისან ტიიდას“, რომელიც ორიოდე წლის წინ იაპონიიდან გამოვიწერე, წინასწარ არ მქონდა გადაწყვეტილი. ავტონაწილების ბაზრობაზე ერთ-ერთ გამყიდველს ვკითხე და მიმასწავლა უახლოესი პტი ცენტრი. აღმოჩნდა, რომ ცენტრი რომელიმე ქსელს არ ეკუთვნოდა და ცალკე არსებული შპს იყო. რიგში 3-4 მსუბუქი ავტომობილი იდგა, გვერდით რიგში დაახლოებით ამდენივე მოძველებული „მარშრუტკა“ იცდიდა. როგორც გავიგე, ამ ავტომობილებიდან რამდენიმე განმეორებით შემოწმებაზე ჰყავდათ მოყვანილი.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გარემო და ჯანმრთელობის დაცვა: ხელისუფლება სამოქმედო გეგმაზე მუშაობს

სანამ წინა ავტომობილებს სპეციალურ დანადგარებზე შეამოწმებდნენ, ცენტრის წარმომადგენელმა მომაკითხა და ჩემი მანქანის ვიზუალური შემოწმება ეზოშივე დაიწყო. გარედან დაათვალიერა, საბარგულის ახდა და სათადარიგო საბურავის ჩვენება მომთხოვა. საბარგული კი ავხადე, მაგრამ სათადარიგო საბურავი ვერ ვაჩვენე, რადგან ავტომობილს ასეთი საბურავისთვის განკუთვნილი ადგილი ქარხნულად არ გააჩნია. სამაგიეროდ ახლავს კომპრესორი – საბურავის დასაბერად და ასევე სპეციალური თხევადი წებო, რომელიც გახვრეტილ საბურავს კომპრესორის მეშვეობით „აკერებს“ და უახლოეს ვულკანიზაციამდე მანქანის მისვლას უზრუნველყოფს. შემმოწმებელმა – რაც ავტომობილს ქარხნულად არ მოჰყოლია, იმას არავინ მოგთხოვთო. შესაბამისად, სათადარიგო საბურავის უქონლობას პრობლემა არ შეუქმნია.

შემდეგ კაპოტი ამახდევინა და ძრავი დაათვალიერა. არ დამინახავს – შეიძლება აკუმულატორის დამაგრებაც შეამოწმა, რადგან მსმენია, რომ აკუმულატორის დაუმაგრებელობა დახარვეზების მიზეზი გამხდარა.

სალონში შეამოწმეს უსაფრთხოების ღვედების გამართული მუშაობა როგორც წინა, ასევე უკანა სავარძლებზე.

შემდეგ შეამოწმეს ყველა ნათურა და ე.წ. „ავარიული“ რეჟიმის ნათება. შეამოწმეს საქარე მინის მთლიანობა და მინის საწმენდების გამართული მუშაობა წყლის მისხურების ჩათვლით. წინა ფარების დეტალური შემოწმება სტენდთან ხდება – რამდენად სწორად არის ნათების სხივი მიმართული და უქმნის თუ არა შემხვედრი ავტომობილის მძღოლს პრობლემას. ცნობილია, რომ იაპონური მანქანების უმეტესობა შემხვედრ მძღოლს „აბრმავებს“, რადგან მარჯვენასაჭიანი ავტომობილის ფარების ნათების კუთხე მარცხენა მხარეს არის მიმართული. ამ მხრივ ცოტა სანერვიულო მქონდა - არც ფარები „გადამიკეთებინებია“ ხელოსნისთვის და არც სტიკერები დამიკვრევინებია, რასაც მარჯვენასაჭიანების მძღოლები აკეთებენ ხოლმე.

ტექდათვალიერების ცენტრი - Sputnik საქართველო
ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების წესები, შესაძლოა, ოდნავ შემსუბუქდეს

ამასობაში წინა ავტომობილების დანადგარებზე შემოწმება დასრულდა და ჩემი რიგიც მოვიდა. ცენტრის თანამშრომელმა მანქანის გასაღები მომთხოვა და მითხრა ეზოში დავლოდებოდი.

დაქოქა, შეიყვანა შენობაში და სხვადასხვა დანადგარებთან შემოწმებაც დაიწყო. მოწმდება სავალი ნაწილები, მუხრუჭების გამართულობა როგორც „პედალზე“, ასევე სადგომი – ე.წ. „ხელის მუხრუჭი“. ვიზუალურად ათვალიერებენ ქვემოდანაც – სადმე ზეთი ან სხვა რაიმე სითხე ხომ არ ჟონავს. სწორედ ამ დროს ერთ-ერთი თანამშრომელი მოვიდა და – სანამ შემოწმება მიდის, დრო რომ არ დაკარგოთ, წამოდით, ფული გადაიხადეთო. ფულს ხელზე არ იღებენ, ამისთვის სწრაფი გადახდის აპარატი დგას და 61 ლარი უნდა ჩარიცხოთ. 1 ლარი ბანკის საკომისიოა. თუმცა, რადგან ბარათით ვაპირებდი გადახდას, ბუღალტერთან ტერმინალის მეშვეობით 60 ლარის გადახდა საკმარისი აღმოჩნდა – ასეთი გადახდისას ბანკი საკომისიოს არ ითხოვს.

ინსპექტირების საფასურის გადახდის შემდეგ ავტომობილს რომ მივაკითხე, უკვე სტენდთან ამოწმებდნენ ფარებს. მალე გამონაბოლქვის ტესტირებაც დაიწყეს ძრავის სხვადასხვა ბრუნზე.

მთლიანობაში, შემოწმების დაწყებიდან დაახლოებით 20 წუთში მანქანა ეზოში გამოიყვანეს და თანამშრომელს დასკვნაც უკვე ხელში ეჭირა: „გილოცავთ, ერთი წელი თავისუფალი ხართ“. რაც იმას ნიშნავდა, რომ შემოწმება დამაკმაყოფილებელი შედეგით დასრულდა.

ტრანსპორტი თბილისში, სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ექსპერტის მოსაზრება: რამდენი ავტომობილი ჩაბარდება ჯართში წლის ბოლომდე

ვერ შეამჩნიეს თუ „წვრილმანი დარღვევა“ გვეპატიება?

ცხადია, გამიხარდა პირველივე ცდაზე, ყოველგვარი სპეციალურად შემზადების გარეშე რომ გაიარა ჩემმა მანქანამ შემოწმება. თუმცა, სანამ შესამოწმებლად მივიდოდი, ორიოდე პრობლემა მაშფოთებდა. დადგენილი ნორმის მიხედვით, ყველა ავტომობილში თითო ღერძზე აუცილებლად იდენტური ფირმის და პროტექტორის მქონე საბურავები უნდა ეყენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილი ხარვეზდება და მფლობელმა განმეორებით ინსპექტირებამდე უნდა გამოასწოროს პრობლემა. ჩემ მანქანაზე სწორედ ეს პრობლემა იყო – სამი YOKOHAMA-ს, ხოლო მეოთხე HANKOOK-ის საბურავი დგას. პროტექტორები მსგავსია, თუმცა „შარის მოსადებად“ მიზეზი საკმარისი იყო. ამიტომ გაუგებარი დარჩა – ვერ შეამჩნიეს თუ ეს „წვრილმანი დარღვევაა“, რომლის პატიება შეიძლება მანქანის საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე?

ფარები – რადგან ჩემი მანქანა მარჯვენასაჭიანია, წესით, „გადაკეთების“ ან სტიკერის დაკვრის გარეშე საეჭვო იყო ტესტირების გავლა, თუმცა, როგორც ჩანს, სალონიდან ვერტიკალური რეგულირება საკმარისი აღმოჩნდა – მაქსიმალურად დაბლა დაწეული ნათების კუთხე დადგენილ ზღვრებში მოექცა. არადა, წინა თვეში ჩემმა მეგობარმა მსგავს ავტომობილზე ხელოსანს „გაასწორებინა“ ფარები, რაშიც 40 ლარი გადაიხადა.

ტექდათვალიერების ერთ-ერთი ცენტრი - Sputnik საქართველო
ავტომობილებს, რომლებსაც ტექდათვალიერება არ გაუვლიათ, „ჭკვიანი" კამერები დააჯარიმებს

მეორე მეგობარი, რომელმაც ავტომობილი ტექდათვალიერებაზე ერთ-ერთი დიდი ქსელის პტი-ცენტრში გაატარა, ამბობს, რომ როდესაც სადგომ მუხრუჭს უმოწმებდნენ, ტროსის გაწყვეტის ხმა გაიგო. თუმცა ცენტრის თანამშრომელმა უთხრა, ავტომობილი გამართულია და შეგიძლიათ ერთი წლის მერე მოხვიდეთ მორიგ შემოწმებაზეო. მეგობარმა კი, სანამ მანქანას დაძრავდა, ნახა – „ხელის მუხრუჭი“ არ მუშაობდა. კი, შემოწმებისას ტროსი გაწყდა, მაგრამ მანამდე მოესწრო და 17% აჩვენაო, – უთხრა ინსპექტორმა. ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური ნორმა 16%-ია. ასე რომ, შემოწმებისას სადგომი მუხრუჭი გაუფუჭეს და გამოუშვეს – თქვენი მანქანა ტექნიკურად გამართულიაო.

ასე ჩაიარა ჩემი ავტომობილის შემოწმებამ. რამდენად გაახარებს სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების მომხრეებს, არ ვიცი, მაგრამ არა მგონია 60 ლარის გადახდის შემდეგ ჩემი ავტომობილი უფრო უსაფრთხო ან ეკოლოგიურად უფრო სუფთა გამხდარიყო. მთლიანობაში კი, იმის მტკიცება, სასარგებლოა თუ მავნებელი მთავრობის მიერ შემოღებული ინიციატივა, ალბათ, წლის ბოლოს უფრო კარგად გამოჩნდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0