თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში ცვლილებები დღეიდან ამოქმედდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მძღოლები ვალდებული იქნებიან, საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიონ>>>
საქართველოში ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო 2019 წლის 1 იანვრიდან გახდა.
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ" ტექნიკურ რეგლამენტში შესული ცვლილებების მიხედვით, ზოგიერთი რეგულაცია გამკაცრდა, ზოგიერთზე კი გარკვეული შეღავათები დაწესდა.
გარკვეული საშეღავათო პერიოდი დაწესდა იმ ავტომობილებზე, რომელთაც საქარე მინაზე ბზარები აქვთ. კერძოდ, 2020 წლის 1 იანვრამდე ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, მინამწმენდის მოქმედების არეში დაშვებული იქნება სამი წერტილოვანი დაზიანების (ნაკენჭურის) არსებობა, თუ მისი დიამეტრი 5 მმ-ს არ აღემატება. ხოლო 2020 წლის 1 იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე მინამწმენდის მოქმედების არესა და სარკეებზე დაუშვებელი იქნება როგორც ბზარების, ასევე ლაქების არსებობა.
ცვლილებები შეეხება ინსპექტირების ღირებულებასაც, თუმცა მხოლოდ ელექტრომობილების შემთხვევაში. მათი მფლობელებისთვის სტანდარტული გადასახადი 20%-ით, 60 ლარიდან 48 ლარამდე შემცირდება.
რაც შეეხება ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირებისას რეგულაციების გამკაცრებას, ცვლილებების მიხედვით, საწვავის არასწორი წვის შედეგად ჭარბი გამონაბოლქვის დაფიქსირების შემთხვევაში ავტომობილი ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლის. კერძოდ, მკაცრდება ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის კონტროლი, არსებულ რეგულაციას გამონაბოლქვის მოჭარბებული კვამლიანობის კონტროლის კომპონენტი დაემატა.
ბენზინისძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ხარვეზიანად მიიჩნევა, თუ ვიზუალური შემოწმებისას მოჭარბებული კვამლის შეფერილობა იქნება შავი, ნაცრისფერი ან/და ლურჯი. ანალოგიურად შემოწმდება დიზელისძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც.
ექსპერტის მოსაზრება: რამდენი ავტომობილი ჩაბარდება ჯართში წლის ბოლომდე>>>
ამას გარდა, განმეორებით ინსპექტირებისას დახარვეზებული დეტალის გარდა ავტომობილი ტექნიკურ დათვალიერებას თავიდან, სრულად გაივლის. განმეორებით ინსპექტირებაზე კონკრეტული ხარვეზის აღმოსაფხვრელად მისულ ავტომობილებს, ამ ხარვეზის აღმოფხვრის გარდა, ვიზუალურადაც შეამოწმებენ.
საუბარია ავტომობილის ფარის, ბამპერის, საბურავის, საქარე მინის, გამონაბოლქვი აირების მოჭარბებული კვამლიანობის, ძარისა და ძარის სხვა ელემენტების გარეგნულ დათვალიერებაზე.
რეგულაციები განსაკუთრებით მკაცრდება ტაქსის მძღოლებისთვის. კერძოდ, ისინი პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან ავტომანქანის გამოშვების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ, ყოველ ექვს თვეში ერთხელ.
მიმდინარე წლის 14 იანვრიდან ტექინსპექტირების პროცესში ე.წ. „ჭკვიანი კამერები" ჩაერთო, რომლებიც ავტომატურ რეჟიმში აჯარიმებენ იმ ავტომობილების მძღოლებს, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. პირველ ჯერზე ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 50 ლარია, იურიდიული პირისთვის კი 200 ლარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტექნიკური ინსპექტირებისგან თავის არიდების შემთხვევაში მძღოლები ყოველ 30 დღეში დაჯარიმდებიან.
ამჟამად საქართველოში 40 სერვის-ცენტრი ფუნქციონირებს, რომლებშიც მთლიანობაში ავტომობილების შემოწმების 89 ხაზია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრები იმგვარად არის განაწილებული, რომ ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს.
ტექდათვალიერების საფასური მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის 100 ლარია. ნორმების შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში მძღოლს კონკრეტული ხარვეზის აღმოსაფხვრელად ერთთვიანი ვადა ეძლევა. ტექდათვალიერების ხელახლა გავლა უფასოა.