ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების წესები, შესაძლოა, ოდნავ შემსუბუქდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliტექდათვალიერების ცენტრი
ტექდათვალიერების ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცვლილებები მთავრობის სხდომაზე მხარდაჭერის შემთხვევაში ამოქმედდება.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესებში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელის ვაჟა იორდანიშვილის განცხადებაზე დაყრდნობით.

„ჭკვიანმა კამერებმა" ტექდათვალიერების არგავლის გამო ოთხ დღეში ათასობით მძღოლი დააჯარიმა>>>

იორდანიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შექმნილია ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ტექნიკური რეგლამენტის გამარტივების კუთხით მუშაობს. მისი თქმით, ცვლილებებს ჯერ მხოლოდ კანონპროექტის სახე აქვს და ის მთავრობის სხდომაზე მხარდაჭერის შემთხვევაში ამოქმედდება.

„ცვლილებებზე იმუშავა ტექნიკურმა ჯგუფმა, რაც განპირობებულია იმით, რომ პრაქტიკამ დაგვანახა უკვე არსებული რეგლამენტის სიმკაცრე. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა უკვე მიღებული ნორმების შერბილების აუცილებლობა მხოლოდ იმ კუთხით, რაც უსაფრთხოების ნაწილს არ შეეხება", – აღნიშნა იორდანაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ე.წ. გაშპაკლული ავტომობილები და ამის გამო ავტომობილის საკამათო ფერი ინსპექტირებისას ხარვეზად აღარ ჩაითვალოს. გარდა ამისა, მანქანის დაწუნებისა და ხელახალი ინსპექტირების საფუძველი აღარ გახდება 5 მილიმეტრამდე დაზიანება საქარე მინაზე. 

ტექდათვალიერების ცენტრი - Sputnik საქართველო
„ჭკვიანმა კამერებმა" ტექდათვალიერების არგავლის გამო ოთხ დღეში ათასობით მძღოლი დააჯარიმა

ამ ეტაპზე მოქმედი რეგულაციების თანახმად, პერიოდული სავალდებულო ინსპექტირება მინიმუმ რამდენიმე ელემენტს უნდა შეიცავდეს. მათ შორისაა: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭე აღჭურვილობა; საჭის მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; სხვა მოწყობილობები; უარყოფითი ზემოქმედება.

ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო 2019 წლის 1 იანვრიდან გახდა. მანამდე ტექდათვალიერება ეტაპობრივად ხორციელდებოდა. 2018 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო იყო სამგზავრო (8 ადგილზე მეტი) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილებისთვის. 1 ივლისიდან სავალდებულო შემოწმებას დაექვემდებარა სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები. 1 ოქტომბრიდან კი  სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას დაექვემდებარა ძრავის დიდი მოცულობის (3,0 და მეტი) მქონე ავტომობილები.

მიმდინარე წლის 14 იანვრიდან ტექინსპექტირების პროცესში ე.წ. "ჭკვიანი კამერები" ჩაერთო, რომლებიც ავტომატურ რეჟიმში აჯარიმებენ იმ ავტომობილების მძღოლებს, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. პირველ ჯერზე ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 50 ლარია, იურიდიული პირისთვის კი 200 ლარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტექნიკური ინსპექტირებისგან თავის არიდების შემთხვევაში მძღოლები ყოველ 30 დღეში დაჯარიმდებიან.

ამჟამად საქართველოში 40 სერვის-ცენტრი ფუნქციონირებს, რომლებშიც მთლიანობაში ავტრომობილების შემოწმების 89 ხაზია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრები იმგვარად არის განაწილებული, რომ ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს.

ტექდათვალიერების საფასური მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის 100 ლარია. ნორმების შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში მძღოლს კონკრეტული ხარვეზის აღმოსაფხვრელად  ერთთვიანი ვადა ეძლევა. ტექდათვალიერების ხელახლა გავლა უფასოა, რა დროსაც მხოლოდ იმ კომპონენტის შემოწმება განხორციელდება, რომელიც არ შეესაბამებოდა ნორმას.

 

ყველა ახალი ამბავი
0