„ჭკვიანმა კამერებმა" ტექდათვალიერების არგავლის გამო ოთხ დღეში ათასობით მძღოლი დააჯარიმა

© Sputnik / Alexander Imedashviliტექდათვალიერების ცენტრი
ტექდათვალიერების ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტექინსპექტირების პროცესში „ჭკვიანი კამერების" ჩართვის შემდეგ, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა რამდენჯერმე გაიზარდა

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობისთვის 14 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით 6 ათასზე მეტი ჯარიმა გამოიწერა, იუწყება ტელეკომპანია Imedi საქართველოს შინაგან სამინისტროს კვლევისა და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელის ბექა ლილუაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით.

შუქნიშანი და ვიდეოკამერა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს გზებზე 1 441 ვიდეოკამერა დამონტაჟდა

14 იანვრიდან ე.წ. „ჭკვიანი კამერები" ავტომატურ რეჟიმში აჯარიმებენ იმ ავტომობილების მძღოლებს, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. პირველ ჯერზე ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 50 ლარია, იურიდიულისთვის კი 200 ლარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში მძღოლები ყოველ 30 დღეში დაჯარიმდებიან.

რამდენი მძღოლი დაჯარიმდა ტექნიკური ინსპექტირების გამო>>>

შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 1 441 ვიდეოკამერა, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი – ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა. ამ დროისთვის ვიდეოკამერები თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა გადანაწილებული.

„ჩვენი მიზანი იყო აღსრულების ეფექტიანობის გაზრდა. ხშირად იყო შემთხვევები და ამას საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმებიც აჩვენებდა, რომ უამრავ ავტომობილს ჰქონდა კანონით ვალდებულება, რომ ტექნიკური ინსპექტირება გაევლო, თუმცა, ასე არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მხრიდან გადამოწმების დროს მხოლოდ მათ ნაწილზე იწერებოდა ჯარიმა და ეს პროცესი ეფექტიანობის გაზრდას მნიშვნელოვნად საჭიროებდა", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ასევე, ტექინსპექტირების პროცესში „ჭკვიანი კამერების" ჩართვის შემდეგ, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა რამდენჯერმე გაიზარდა.

„14 იანვრის შემდეგ მიმართვიანობის მაჩვენებელი ფაქტობრივად, რამდენჯერმე გაიზარდა. მათ შორის გასამმაგდა, გაოთხმაგდა მიმართვიანობა. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებიდან ჩვენს საინფორმაციო ბაზაში დღე-ღამის განმავლობაში თუ 600 ჩანაწერი მოდიოდა, ახლა ეს მაჩვენებელი ფაქტობრივად, გახუთმაგდა", - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება.

პირველ ეტაპზე, 1 იანვრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო იყო სამგზავრო (8 ადგილზე მეტი) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილებისთვის. 1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო. შემოწმებას დაექვემდებარა სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები. 1 ოქტომბრიდან კი მესამე ეტაპი დაიწყო - სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას დაექვემდებარა ძრავის დიდი მოცულობის (3,0 და მეტი) მქონე ავტომობილები. 2019 წლის 1 იანვრიდან კი ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0