საქართველოს დაცული ტერიტორიები ტყის ხანძრებთან ბრძოლისთვის დრონებით აღიჭურვება

© photo: Sputnik / Stringerთუშეთის პეიზაჟები
თუშეთის პეიზაჟები - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2026
გამოწერა
თუშეთის, ფშავ-ხევსურეთის, ვაშლოვანის, კოლხეთისა და ალგეთის დაცული ტერიტორიების, ასევე ჭაჭუნას აღკვეთილის ადმინისტრაციებისთვის ტყის ხანძრების მართვის გეგმები შემუშავდება. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმდებარე მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციები მიიღებენ სპეციალიზებულ დრონებს, რომლებიც ტყის ხანძრების მონიტორინგისა და მათი გავრცელების პრევენციისთვის იქნება განკუთვნილი.
ამის შესახებ ცნობილი გახდა ტყის ხანძრების მართვის საკითხებზე სამიზნე დაცული ტერიტორიების მიმდებარე მუნიციპალიტეტების, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და კავკასიის ბუნების ფონდის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ. დრონები გადაეცემა სააგენტოს პროექტის Co-NatureGuard ფარგლებში.
პროექტი Co-NatureGuard ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს ტყის ხანძრების პრევენციას და ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვას შავი ზღვის აუზის ქვეყნების დაცულ ტერიტორიებზე. პროექტში ჩართულია საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის და საბერძნეთის ორგანიზაციები, რომლებიც ტყის მართვის და ბუნების დაცვის სფეროში მოღვაწეობენ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თუშეთის, ფშავ-ხევსურეთის, ვაშლოვანის, კოლხეთისა და ალგეთის დაცული ტერიტორიების, ასევე ჭაჭუნას აღკვეთილის ადმინისტრაციებისთვის ტყის ხანძრების მართვის გეგმების შემუშავება. ამასთან, სამიზნე ადმინისტრაციები აღიჭურვება დრონებით, რაც გააუმჯობესებს ხანძრის რისკების მონიტორინგის, შეფასებისა და მართვის შესაძლებლობებს.
სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში, დამზადების ნარჩენებისგან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავი მერქნის განთავსების ადგილებში, ასევე ტორფიან და გამხმარბალახიან ტერიტორიებზე.
ტყის სხვა ტერიტორიებზე კოცონის დანთება დასაშვებია მხოლოდ წინასწარ მოწყობილ ბაქანზე, რომელიც ცეცხლის კერიდან არანაკლებ 1,5 მეტრის რადიუსში გაწმენდილია ადვილად აალებადი მასალებისგან - თივისგან, ხმელი ბალახისგან, ფოთლებისა და ფიჩხისგან.
ყველა ახალი ამბავი
0