ევროკომისია: შეფასება - საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით არის, ძალაში რჩება

© photo: Sputnik / Алексей Витвицкийევროკომისიის შენობა
ევროკომისიის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2026
გამოწერა
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის გრძელვადიანი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი რჩება, ისევე როგორც მისი ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია ქვეყნების პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
საქართველომ 2023 წელს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო იმ პირობით, რომ მოლაპარაკებების დასაწყებად ცხრა პუნქტს შეასრულებდა. კომისიის შეფასებით, პუნქტების ნაწილი ან საერთოდ არ შესრულებულა, ან შესრულდა ნაწილობრივ, რის გამოც ქვეყანას უარი ეთქვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. საქართველოს ხელისუფლება ამგვარ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს.
„საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული ფუნდამენტური მაჩვენებლების განგრძობადი უკუსვლა ადასტურებს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ ნომინალურად რჩება და აგრძელებს იმ უპირატესობების ხელიდან გაშვებას, რომლებსაც ეს სტატუსი და გაწევრიანებისთვის მომზადების პროცესი იძლევა“, — ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, ანგარიში შეიცავს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მწვავე კრიტიკას.
„საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზის ძირგამომთხრელ საქმიანობას დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმების გაგრძელებით, ასევე ხელს უწყობს სახელმწიფოს შემდგომ მიტაცებას. სულ უფრო რეპრესიული კანონმდებლობის შედეგად, სამოქალაქო სივრცე კიდევ უფრო და სერიოზულად შეიზღუდა“, — ნათქვამია ანგარიშში.
ევროკომისიამ საქართველო იმაშიც დაადანაშაულა, რომ იგი კვლავაც არ ასრულებს ცხრა ნაბიჯს, რომლებიც ასახული იყო კომისიის რეკომენდაციაში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
„საქართველოს ხელისუფლებას არ მოუხდენია რეაგირება იმ შეშფოთებაზე, რომელიც ეხება ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობას, რამაც გამოიწვია ის, რომ ევროკავშირმა შეუჩერა უვიზო რეჟიმი საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რაც, ზოგადად, საფრთხის ქვეშ აყენებს უვიზო რეჟიმს“, — ნათქვამია ანგარიშში.“
ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის გრძელვადიანი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი რჩება, ისევე როგორც მისი ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი.
„თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს კურსის შეცვლას და კვლავ დაადასტურებს თავის ერთგულებას ევროკავშირში გაწევრიანების ფუნდამენტური პრინციპების — დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი უფლებების მიმართ — ქვეყნის გზა ევროკავშირისკენ შესაძლოა განახლდეს“, - ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის შეშფოთების ძირითადი ნაწილი ეხება გაუარესებას ან პროგრესის არარსებობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა.
ევროკომისია ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობა კანდიდატი ქვეყნის სტრატეგიული ორიენტაციის ძლიერი სიგნალია.
„ევროკავშირის პოლიტიკასთან სრული თავსებადობა, მათ შორის ევროკავშირის სანქციების შესრულება, წევრობისთვის საკვანძო მოთხოვნაა. ეს მოიცავს ზომების მიღებას ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლის აღსაკვეთად“, — აღნიშნულია ანგარიშში. ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობის დონე შემცირდა.
ამასთან, ევროკომისია აღნიშნავს ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და მისი ეკონომიკის სტაბილურობას.

ამჟამად საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელმძღვანელობს არა ევროკომისიის ცხრა პუნქტით, არამედ 2017 წელს ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების საგზაო რუკით.
ყველა ახალი ამბავი
0