სკოლებთან საგზაო მოძრაობის წესები მკაცრდება: 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა აიკრძალება

© Sputnik / Viktor Kaminskyტრანსპორტი
ტრანსპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2026
გამოწერა
ცვლილების მიზანი, სასკოლო ზონებში გადაადგილების საშუალო სიჩქარის შემცირება და არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დონის გაზრდაა.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე საგზაო მოძრაობის წესები მკაცრდება, რის შედეგადაც სასკოლო ზონებში ავტოტრანსპორტის გადაადგილება მაქსიმუმ 30 კმ/სთ სიჩქარით იქნება დაშვებული. ამის შესახებ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, არასრულწლოვანების უსაფრთხოებასთან არსებული გამოწვევების საპასუხოდ, დაიწყება მუშაობა საქართველოში სკოლის მიმდებარე ზონების შესაბამის რეგულირებასთან დაკავშირებით.
„კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობაში სასკოლო ზონის ცნების განსაზღვრა, აღნიშნულ ზონებში სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარის მაქსიმალური ზღვრის 30 კმ/სთ-ის სახით დადგენა და სიჩქარის გადაჭარბების მოქმედი 15 კმ/სთ-იანი ტოლერანტობის სასკოლო ზონებში გავრცელების გადახედვა", - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, გადაიხედება სიჩქარის გადაჭარბების მოქმედი 15 კმ/სთ-იანი ტოლერანტობის სასკოლო ზონებში გავრცელება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, თუ სიჩქარის ლიმიტი არის 30 კმ/სთ, მძღოლს რეალურად 45 კმ/სთ-მდე სიჩქარით გადაადგილებისას არ აჯარიმებენ (ე.წ. +15 კმ/სთ შეღავათი). ახალი სტრატეგიით, სასკოლო ზონებში ეს ტოლერანტობა სრულად გაუქმდება ან მკაცრად გადაიხედება.
ასევე სასკოლო ზონის ცნების განსაზღვრამდე შეფასდება ყველა მოქმედი საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის შესაბამისობა საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
როგორც 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაშია ნათქვამი, აღნიშნული საკანონმდებლო ინტერვენციები ხელს შეუწყობს სასკოლო ზონებში გადაადგილების საშუალო სიჩქარის შემცირებას და საგრძნობლად გაზრდის არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დონეს.
დოკუმენტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა სასკოლო ზონებსა და მათ მიმდებარე არეალებში ქვეითთა უსაფრთხოების გაძლიერებაზე ორიენტირებული კომპლექსური ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელებისათვის.
საქართველოს მთავრობამ „2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია“ და სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ავარიების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვის 25%-ით შემცირებას, მიმდინარე წლის აგვისტოში დაამტკიცა.
ყველა ახალი ამბავი
0