პირველკლასელებს საკუთარი ნერგის დარგვა შეეძლებათ

© photo: Sputnik / Stringerპირველკლასელები
პირველკლასელები - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2026
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ ახალი სახელმწიფო პროგრამა – "ჩემი პირველი ნერგი" დაამტკიცა.
თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს მასშტაბით ყველა პირველკლასელს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ნერგი დარგოს და მის შემდგომ განვითარებაზე დაკვირვებაში ჩაერთოს.
ამას ახალი სახელმწიფო პროგრამა – „ჩემი პირველი ნერგი" ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახისძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, პროექტის მთავარი მიზანი ახალგაზრდების ჩართულობით ტყისა და მწვანე სივრცეების გაფართოება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ნიადაგის დეგრადირების პრევენცია და მოზარდებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაა.
დოკუმენტის თანახმად, პროგრამაში ჩაერთვება 15 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყველა პირველკლასელი. მოსწავლეები არა მხოლოდ უშუალოდ დარგავენ ნერგებს, არამედ ჩაერთვებიან მათი ზრდის პროცესზე დაკვირვებაშიც.
ნერგების სახეობები გარემო პირობების, შესაბამისი კლიმატური სარტყელისა და ბიომრავალფეროვნების პრინციპების მიხედვით შეირჩევა, რის საფუძველზეც დარგვის ოპტიმალური ვადები განისაზღვრება.
პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული გარემოსდაცვითი პროგრამიდან უზრუნველყოფს.
პროგრამა რამდენიმე სახელმწიფო უწყებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების კოორდინაციით განხორციელდება:
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პასუხისმგებელია ნერგების შესყიდვაზე, ლოგისტიკასა და მათ კონკრეტულ ლოკაციებამდე ტრანსპორტირებაზე, პროცესის მონიტორინგსა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების წარმართვაზე;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უზრუნველყოფს პირველკლასელთა ჩართულობას და მათ უსაფრთხო ტრანსპორტირებას გამწვანების ლოკაციებამდე;
რეგიონული განვითარების სამინისტრო და მუნიციპალიტეტები ადგილზე შეარჩევენ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებს გამწვანებისთვის, უზრუნველყოფენ დარგვის პროცესის ორგანიზებას და დარგული ნერგების შემდგომ მოვლა-პატრონობას.
2026-2027 სასწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში ოფიციალურად 15 სექტემბერს დაიწყება - კანონმდებლობის თანახმად, პირველ კლასში დარეგისტრირება შეუძლიათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ. თუმცა, წელს გამონაკლისის სახით, პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა მიეცათ იმ ბავშვებსაც, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უსრულდებათ.
ყველა ახალი ამბავი
0