საქართველოსა და თურქეთის პოლიციის აკადემიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

© Courtesy of Ministry of Internal Affairსაქართველოსა და თურქეთის პოლიციის აკადემიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და თურქეთის პოლიციის აკადემიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2026
გამოწერა
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიასა და თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას შორის საგანმანათლებლო და აკადემიურ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგა მუსტაფა ჩიფთჩისთან ერთად გაკეთებული ერთობლივი განცხადების დროს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მინისტრ სულხან თამაზაშვილის მოწვევით თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მუსტაფა ჩიფთჩი დელეგაციასთან ერთად თბილისს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. თამაზაშვილი თურქ კოლეგას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.
„აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიასა და თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, ეს შეთანხმება კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას პროფესიული განათლებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით“, – განაცხადა თამაზაშვილმა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები და განსაზღვრეს კონკრეტული მიმართულებები მისი შემდგომი გაღრმავებისთვის.
თამაზაშვილის თქმით, თურქეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.
„ჩვენს ქვეყნებს მრავალწლიანი მეგობრობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები და თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ კვლავ დავადასტურეთ მზადყოფნა შემდგომშიც გავათრმაოთ ორ ქვეყანის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობა“, – აღნიშნა თამაზაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თურქულ მხარესთან თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან, უკანონო მიგრაციასთან, კიბერდანაშაულსა და ნარკოტრაფიკთან ბრძოლაში, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სფეროებში.
თავის მხრივ, მუსტაფა ჩიფთჩიმ ქართველი კოლეგა თურქეთში მიიწვია.
„მე ვიგრძენი ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა. მადლობას ვუხდი ძვირფას მინისტრს. ასევე ბედნიერი ვიქნები, თუ ბატონი მინისტრი ეწვევა თურქეთს და მე შევძლებ მის მასპინძლობას“, – განაცხადა ჩიფთჩიმ.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0