მათიკაშვილი: ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა

© photo: Sputnik / Stringerდავით მაიკაშვილი
დავით მაიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2026
გამოწერა
დეპუტატის თქმით, თუ ვეტოს უფლება და კონსენსუსის წესი გაუქმდა, ევროკავშირი თანასწორუფლებიან წევრთა გაერთიანებიდან გადაიქცევა კავშირად, სადაც გადაწყვეტილებებს მხოლოდ რამდენიმე მსხვილი და გავლენიანი სახელმწიფო მიიღებს.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა, ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გერმანიის ინიციატივას, რომელიც ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმებას გულისხმობს.
25 ივლისს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა. როგორც დიპლომატმა განაცხადა, აღნიშნულ ინიციატივას ევროკავშირის 12 ქვეყანა უკვე შეუერთდა. ამასთან, მან წამოაყენა წინადადება ევროკავშირის გაფართოების პროცესის რეფორმირების შესახებ, რაც ახალი წევრების ეტაპობრივ ინტეგრაციას ითვალისწინებს.
მათიკაშვილის თქმით, თუ ვეტოს უფლება და კონსენსუსის წესი გაუქმდა, ევროკავშირი თანასწორუფლებიან წევრთა გაერთიანებიდან გადაიქცევა კავშირად, სადაც გადაწყვეტილებებს მხოლოდ რამდენიმე მსხვილი და გავლენიანი სახელმწიფო მიიღებს.
„თუ არ მოხდა ყველა ქვეყნის ნება-სურვილის გათვალისწინება, რის საფუძველზეც შეიქმნა ევროკავშირი, გამოდის, რომ მმართველობის იმ ფორმას ძალიან უახლოვდება, რომელიც საბჭოთა კავშირს ჰქონდა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სწორედ კონსენსუსის პრინციპი აძლევს პატარა სახელმწიფოებს შესაძლებლობას დაბლოკონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ მათ ეროვნულ ინტერესებს.
თუ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივა განხორციელდა, ევროკავშირი თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა.
„ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ არის, რომლისკენაც სწრაფვა არის თავისუფალი, ღირსეული ერის სურვილი, რომ იყოს რაღაცა სუვერენიტეტჩამორთმეული და მოქცეული ისეთ კალაპოტში, რომელიც მის ღირსებას ნამდვილად არ შეესაბამება. ამიტომაც მეტი დაფიქრება მმართებს ყველას გადაწყვეტილებების მიღების დროს", — განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0