საქართველოს მთავრობა ხარისხიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზეა ორიენტირებული

© Сourtesy of Georgian Governmentლევან ჟორჟოლიანი
ლევან ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2026
გამოწერა
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. მასშტაბური რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოში ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნაა, რომელიც მოქალაქეებს მრავალი წლის განმავლობაში მოემსახურება, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
ჟორჟოლიანი, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესა და მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ გურამ დუმბაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
„ქართული ინფრასტრუქტურა უნდა იყოს დაკავშირებული ხარისხთან. არ შეიძლება, კონკრეტული პროექტის განხორციელებიდან რამდენიმე თვეში ან წელში იმავე ინფრასტრუქტურას სჭირდებოდეს რეაბილიტაცია. მას უნდა სჭირდებოდეს მხოლოდ მოვლა-პატრონობა", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, მთავრობამ დანერგა ისეთი სიახლეები, როგორიცაა ინდექსაცია, ასევე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სერიოზული მუშაობის შედეგად დადგინდა მანქანა-მექანიზმების, მასალების ფასები.
„არ შეიძლება, რომ სახელმწიფოს და ბიზნესს სხვადასხვა ფასი უჯდებოდეს ერთიდაიმავე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდულის დანერგვის შედეგად ბოლო ერთ წელიწადში გავასწორეთ ბაზრის კვლევასა და შესყიდვებთან დაკავშირებული არასწორი პრაქტიკა“, – აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
შეხვედრაზე განიხილეს ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები, რომლებიც სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისა და შესრულების პროცესში არსებული გამოწვევების ეფექტიან გადაჭრას ემსახურება.
აღინიშნა სამშენებლო მასალების, ტრანსპორტირების, შრომის ანაზღაურებისა და მანქანა-მექანიზმების ღირებულების საბაზრო ღირებულებასთან დაახლოებისა და ფასთა ინდექსაციის მექანიზმის დანერგვის მნიშვნელობა სექტორისთვის, ასევე ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდულის როლი, რაც ყველა დაინტერესებულ პირს ბაზრის კვლევის პროცესში მონაწილეობის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მნიშვნელოვან როლს რეფორმების შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში და განაცხადა, რომ რეფორმა სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, კონკურენტულ გარემოში მიიღოს მაღალი ხარისხის პროდუქტი, ხოლო კერძო სექტორს სამართლიანი და პროგნოზირებადი პირობებით უზრუნველყოფს.
შეხვედრაზე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სხვადასხვა ინიციატივაზე ისაუბრეს. ლევან ჟორჟოლიანმა კერძო სექტორის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა და მათთან თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. აღინიშნა, რომ სამშენებლო სექტორის ხელშეწყობისა და სფეროს გაჯანსაღების მიზნით რეფორმები გაგრძელდება.
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ არაერთხელ წამოჭრა სახელმწიფო სახსრებით მშენებარე ობიექტების გვიან ჩაბარების საკითხი და განაცხადა, რომ მშენებლობისას მთავარი პრობლემა სამუშაოების შესრულების დადგენილი ვადების დარღვევა, კონტრაქტორი კომპანიების გადატვირთულობა და საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული უზუსტობებია.
პრეტენზიების პასუხად, სამშენებლო კომპანიებმა აქცენტი მასალების გაძვირებასა და ტენდერებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გააკეთეს.
ყველა ახალი ამბავი
0