პაპუაშვილი: სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - რა აზრი აქვს ევროკავშირის წევრობას?

© Courtesy of Shalva Papuashviliშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2026
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო, რომელსაც არ შეუძლია დაბლოკოს მისთვის საზიანო გადაწყვეტილება და ვალდებულია შეასრულოს თავსმოხვეული გადაწყვეტილებები, თანდათან კარგავს საკუთარი პოლიტიკის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობას.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღებისას კონსენსუსის პრინციპის გაუქმება პატარა სახელმწიფოებს ეროვნული ინტერესების დაცვის მთავარ მექანიზმს ართმევს, ასეთ პირობებში კი გაერთიანების წევრობამ, შესაძლოა, დაკარგოს თავისი პოლიტიკური მიმზიდველობა, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
25 ივლისს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა. როგორც დიპლომატმა განაცხადა, აღნიშნულ ინიციატივას ევროკავშირის 12 ქვეყანა უკვე შეუერთდა. ამასთან, მან წამოაყენა წინადადება ევროკავშირის გაფართოების პროცესის რეფორმირების შესახებ, რაც ახალი წევრების ეტაპობრივ ინტეგრაციას ითვალისწინებს.
„თუ ეს ინიციატივა განხორციელდა, ევროკავშირი, თითქმის გარანტირებულად, თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა", დაწერა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდოარემ აღნიშნა, ევროკავშირის წევრობა არასდროს ყოფილა თვითმიზანი არც მოქმედი წევრებისთვის და არც კანდიდატი ქვეყნებისთვის. წევრობა არის საშუალება, რომ ქვეყანამ უფრო საიმედოდ დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები, გააფართოოს შესაძლებლობები და გავლენა მოახდინოს საერთაშორისო გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, დასძინა პოლიტიკოსმა.
პაპუაშვილის განცხადებით, სწორედ კონსენსუსის პრინციპი აძლევს პატარა სახელმწიფოებს შესაძლებლობას დაბლოკონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ მათ ეროვნულ ინტერესებს.
მისი შეფასებით, თუ გადაწყვეტილებები მხოლოდ უმრავლესობით იქნება მიღებული, პატარა ქვეყნები დაკარგავენ გავლენის მთავარ ინსტრუმენტს და ვეღარ შეძლებენ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვას, თუ ისინი უმრავლესობის პოზიციას არ დაემთხვევა.
„ასეთ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანებით სუვერენიტეტის ნაწილის გაზიარებაზე კი აღარ იქნება საუბარი, რაც დღეს უფრო ფართო ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად ნებაყოფლობითი და დაბალანსებული არჩევანია. საუბარი იქნება რეალური სუვერენიტეტის თითქმის სრულ დაკარგვაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო, რომელსაც არ შეუძლია დაბლოკოს მისთვის საზიანო გადაწყვეტილება და ვალდებულია შეასრულოს თავსმოხვეული გადაწყვეტილებები, თანდათან კარგავს საკუთარი პოლიტიკის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობას. მისი თქმით, ასეთი სისტემა შეიძლება ხელსაყრელი იყოს დიდი სახელმწიფოებისთვის, რადგან მათი პოლიტიკური და ეკონომიკური წონა ისედაც აძლევს მათ უპირატესობას.
თუმცა, პატარა ქვეყნებისთვის ასეთ ცვლილებებს უკიდურესად უარყოფითი შედეგები მოჰყვება. ამ ფონზე, პაპუაშვილის თქმით, ბუნებრივად ჩნდება კითხვა ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ.
„რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ? თუ სახელმწიფოს ართმევენ საკუთარი ინტერესების დაცვის შესაძლებლობას, მაშინ გაწევრიანების მთავარი პოლიტიკური მოტივაციაც ქრება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც სპიკერმა დასძინა, მსგავს პირობებში მცირე სახელმწიფოებისთვის ევროკავშირის მიღმა ყოფნა,შესაძლოა, უფრო მომგებიანი აღმოჩნდეს, რადგან ეს მათ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების თავისუფლებას შეუნარჩუნებს.
გარდა ამისა, პაპუაშვილმა არ გამორიცხა, რომ გადაწყვეტილების მიღების სისტემის რეფორმის განხილვა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ევროკავშირის შემდგომი გაფართოების შეჩერების განზრახვას.
მისი თქმით, კანდიდატ-ქვეყნებს სთავაზობენ გაწევრიანებას არა იმ ევროკავშირში, რომელიც დღეს არსებობს, არამედ შეცვლილ სისტემაში, სადაც მათ, წევრობიდან გამომდინარე, ვალდებულებები სრულად დაეკისრებათ, ხოლო უფლებები და გავლენის ბერკეტები შეეზღუდებათ.
„მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში. მთავარი კითხვაა: რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით? რადგან წევრობა, რომელიც ქვეყანას სახელმწიფოებრივ უფლებებს ართმევს და მათი დაცვის მექანიზმებს არ აძლევს, ინტეგრაცია კი არა, სუვერენიტეტის გაუქმებაა“, –დაწერა პაპუაშვილმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0