სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა: გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი

© photo: Sputnik / The First Channel შსს-ის შენობა
შსს-ის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2026
გამოწერა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ ფუნქციონირება მიმდინარე წლის 1-ელ ივნისს დაიწყო.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ შექმნიდან ერთი თვის განმავლობაში 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ის ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირებაა, ფუნქციონირება 1-ელ ივნისს დაიწყო. სამმართველოს უფროსად იურისტი თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა, საწყის ეტაპზე სტრუქტურა 10 საშტატო ერთეულით დაკომპლექტდა.
უწყების ცნობით, 1-ელი ივნისიდან დღემდე სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებს 150 საქმე წარედგინა. აქედან შემაჯამებელი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია 33 საქმეზე, საიდანაც 31 შემთხვევაში სახდელის სახით გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო 2 შემთხვევაში - სიტყვიერი შენიშვნა.
როგორც ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამმართველოს შექმნის შემდეგ დასტურდება, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში გინების, შეურაცხყოფისა და ბულინგის ფაქტები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შს სამინისტროს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ეფექტიანად მუშაობს.
სიძულვილის ენით საუბარსა და საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე რეაგირება არ არის დამოკიდებული კონკრეტული პირის საჩივარზე ან პოზიციაზე. მასზე რეაგირება შს სამინისტროს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, მიიჩნია თუ არა შეურაცხყოფილმა პირმა თავი დაზარალებულად.
სამმართველოს ფუნქციაა სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს.
ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურად ფასდება. სამმართველო შეისწავლის გამონათქვამის მიზანს, მის ფორმას და იმას, თუ რამდენად ახდენს ის აგრესიის წაქეზებას საზოგადოებაში. საბოლოო სამართლებრივი ვერდიქტი კი — დაირღვა თუ არა კანონი — სასამართლოს გამოაქვს.
სიძულვილის ენის მონიტორინგის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის სანქციები, მათ შორის ფულადი სახდელი და ადმინისტრაციული პატიმრობა.
საქართველოში საჯარო მოწოდებები ზეპირი, წერილობითი ან გამოხატვის სხვა საშუალებებით ძალადობრივი ქმედებებისკენ, რაც მიზნად ისახავს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნით პირთა ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს თუ ეს მოწოდება ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ან პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის, საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირის და/ან მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუქარა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან შესრულებასთან დაკავშირებით ან მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 12 წლამდე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეურაცხმყოფელი ქცევა ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება ან იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან, ისჯება ჯარიმით 1,5-დან 4 ათას ლარამდე ან პატიმრობით 45 დღემდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0