ბუდაპეშტის პრაიდზე ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში მკაცრი კრიტიკა მოჰყვა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2026
გამოწერა
ბუდაპეშტის პრაიდის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება თბილისში შეაფასეს, როგორც ევროკავშირის უფრო ფართო ღირებულებითი დღის წესრიგის ნაწილი.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადების პასუხად სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლგბტ-პროპაგანდა არის იარაღი, რათა გარყვნილი ცხოვრების წესი ცხოვრებისეულ მორალად იქცეს.
მანამდე ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ამაყობს ბუდაპეშტის პრაიდით და იმით, რომ LGBTIQ+ თემმა უნგრეთში შეძლო საკუთარი პოზიციის თავისუფლად გამოხატვა. საპასუხოდ მეგრელიშვილმა დაწერა, რომ მსგავსი განცხადებები, ფაქტობრივად, აყალიბებს საერთო ევროპულ „დირექტივას“, რომელსაც სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან.
„ლგბტ-პროპაგანდა არის იარაღი, რათა გარყვნილი ცხოვრების წესი ცხოვრებისეულ მორალად იქცეს. ზნეობასა და უზნეობას შორის ზღვარის წაშლა ის ომია, რომელშიც ყველა ქვეყანა სხვადასხვა ხარისხითაა ჩართული", -დაწერა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, ამ პროცესებში ჩართულია საქართველოც, თუმცა, ხელისუფლება ახერხებს ბალანსის შენარჩუნებას.
მეგრელიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში სწორი და დროული აქცენტები გაკეთდა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიებზე, ასევე გაძლიერდა შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები. სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას სხვათა უფლებების დარღვევის გარეშე, დასძინა მან.
„ზნეობასა და უზნეობას შორის ომში გადარჩება მხოლოდ ის, ვინც მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის, დაიცავს უფლებებს, გამოკვეთავს ისტორიულ, კულტურულ თუ რელიგიურ ღირებულებებს, რაზედაც დგას სახელმწიფო. უზნეობის პროპაგანდაში ჩართულნი არიან სხავადასხვა სახელმწიფოს დაბალი და მაღალი რანგის მეთაურები და ისინი ერთი ხელწერითა და გეგმით მოქმედებენ", - დაწერა მეგრელიშვილმა.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევასა" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ეროვნული იდენტობა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0