საქართველო და ჩინეთი წელს განათლების სფეროში ახალ შეთანხმებას მოაწერენ ხელს

© Ministry of Education and Science of Georgiaგივი მიქანაძე და ჟენ იოუცუნი
გივი მიქანაძე და ჟენ იოუცუნი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2026
გამოწერა
უახლოეს მომავალში განათლების სფეროში პარტნიორობის გაძლიერების სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართება, რომელზეც ორივე ქვეყნის განათლების უწყების წარმომადგენლები შეიკრიბებიან.
თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. საქართველოსა და ჩინეთის განათლების მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წელს უწყებებს შორის გაფორმდება ახალი ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს, იუწყება განათლების სამინისტროს პრეს-სამსახური.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილე ჟენ იოუცუნთან შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული - მიქანაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთს 4 ივნისს ეწვია.
მხარეებმა, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში განათლების სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით, პირველ შეხვედრას გამართავს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორი ქვეყნის სამინისტროების წარმომადგენლებს აერთიანებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო უნივერსიტეტებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გამყარების ხელშეწყობა, ერთობლივი საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკების ჩატარება, განათლების ყველა საფეხურზე სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასა და სხვა აქტუალურ საკითხები.
დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების მზაობა გამოთქვეს და სამომავლო შეხვედრები დაგეგმეს.
საქართველო და ჩინეთი
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათან ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ფოკუსირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე — სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით 2025 წლის ნოემბერში ეწვია. რამდენიმე თვის შემდეგ, 2026 წლის გაზაფხულზე, ჩინეთს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ეწვია.
ყველა ახალი ამბავი
0