სიახლეები უნივერსიტეტებისთვის - განათლების მინისტრმა ახალი კონცეფცია წარადგინა

© Courtesy of Givi Mikanadze გივი მიქანაძე
გივი მიქანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2026
გამოწერა
უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ეფუძნება ორკომპონენტიან სისტემას – საბაზო დაფინანსებასა და შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები დაფინანსების ახალ მოდელზე გადადიან, ასეთ უნივერსიტეტებში სტუდენტებს უფასოდ შეეძლებათ სწავლა, ცვლილებები აბიტურიენტებს მომავალ წლებშიც ელოდებათ, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში.
საქართველოს მთავრობამ 2026 წელს საჯარო უმაღლესი განათლების რეფორმა დაიწყო - რამდენიმე ფაკულტეტზე კვოტები შეიცვალა, აბიტურიენტების განაცხადს პროფესიული განათლება დაემატა. რეფორმები უშუალოდ უნივერსიტეტებსაც შეეხო.
დაფინანსების ახალი სისტემა
მინისტრის თქმით, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ეფუძნება ორკომპონენტიან სისტემას – საბაზო დაფინანსებასა და შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას.
„ეს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფო უნივერსიტეტების ინსტიტუციურ მდგრადობასა და ფინანსურ ავტონომიას, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ხარისხზე, შედეგებსა და ეროვნულ პრიორიტეტებზე ორიენტირებულ განვითარებას“, - განმარტა მიქანაძემ.
მისი თქმით, საბაზო დაფინანსება განისაზღვრება სტუდენტთა რაოდენობის, პროგრამების ღირებულებისა და უნივერსიტეტის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ძირითადი საჭიროებების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს უნივერსიტეტების სტაბილური ფუნქციონირების, ინსტიტუციური მდგრადობისა და ფინანსური ავტონომიის უზრუნველყოფას.
შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება, დაკავშირებული იქნება უნივერსიტეტების მიერ კონკრეტული შედეგების მიღწევასთან, მათ შორის: განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან, კვლევისა და ინოვაციების განვითარებასთან, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებასთან და რეგიონული განვითარების ხელშეწყობასთან.
„აღნიშნული მოდელი ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიმართული იყოს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდისკენ, კვლევითი პოტენციალის გაძლიერებისა და უნივერსიტეტების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარებისკენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
უფასო განათლება
მინისტრის თქმით, 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე საქართველოს მოქალაქეების სწავლება სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ“, - განაცხადა მან.
მინისტრის თქმით, წარმოდგენილი დაფინანსების მოდელის დანერგვა შექმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა შეძლონ შრომის ბაზრისა და ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებთან შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, მაღალი ხარისხის სწავლებისა და კვლევითი გარემოს უზრუნველყოფა, აგრეთვე აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისთვის ღირსეული და კონკურენტუნარიანი შრომის ანაზღაურების პირობების შექმნა.
მისი განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელებული შრომის ბაზრის ანალიზმა უნივერსიტეტებსა და შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებს შორის არსებული მასშტაბური დისბალანსი გამოავლინა.
„რეფორმის კონცეფციის შემუშავების პროცესში, სამინისტრომ შეისწავლა როგორც ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) მიდგომები, ისე ცალკეული ქვეყნების პრაქტიკა, სადაც სახელმწიფო აქტიურად მონაწილეობს უმაღლესი განათლების სისტემის სტრატეგიულ დაგეგმვაში, რესურსების კონსოლიდაციაში, ხარისხის შეფასებასა და შრომის ბაზართან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. თუმცა, პრიორიტეტს, ცხადია, ეროვნული საჭიროებები წარმოადგენს“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.
სიახლეები აბიტურიენტებისთვის
მინისტრის თქმით, სკოლის საშუალო საფეხური და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ერთმანეთთან ისეთ ბმაში უნდა იყოს, რომ მშობელს არ დასჭირდეს დამატებითი რესურსის ხარჯვა მოსწავლის მომზადებაში. უმაღლესში ჩასაბარებელი გამოცდები სრულ თანხვედრაში იქნება იმ პროგრამასთან, რაც სკოლის მე-11 კლასში იქნება შეთავაზებული.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, საბაზო ცოდნა მოსწავლემ სრულად უნდა მიიღოს საბაზო საფეხურზე, ხოლო X-XI კლასებში უკვე მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს პროფილურ და მისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე.
„მნიშვნელოვანია ზოგადი და პროფესიული განათლების უფრო მჭიდრო დაკავშირება. სწორედ ამიტომ, წელს პირველად, აბიტურიენტებს გამოცდებზე რეგისტრაციის დროს მიეცათ შესაძლებლობა, უნივერსიტეტებთან ერთად პარალელურად აერჩიათ პროფესიული კოლეჯებიც“, - განმარტა მინისტრმა.
მისი თქმით, გამოცდების დასრულების შემდეგ კი მათ ექნებათ შესაძლებლობა, უკვე მიღებული შედეგებისა და ინტერესების საფუძველზე მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება, თუ სად გააგრძელებენ სწავლას.
რაც შეეხება XII კლასს, ეს რჩება მოსწავლეებისთვის არჩევით კომპონენტად.
ყველა ახალი ამბავი
0