გორში პოლიციელების მიერ პაპუნა ლოცულაშვილის ცემის ფაქტმა პოლიტიკური რეზონანსი გამოიწვია

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2026
გამოწერა
პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტი ადგილობრივმა მედიამ გადაიღო
თბილისი, 29 მაისი - Sputnik. გორში მომხდარმა ინციდენტმა ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია, რომელმაც ხელისუფლება სისტემურ დარღვევებში დაადანაშაულა, მმართველმა პარტიამ კი განაცხადა, რომ რაც შეიძლება მკაცრად უპასუხებს მსგავს ინციდენტებს.
პროკურატურამ გორში მოქალაქის ცემის ფაქტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით ექვსი პოლიციელი დააკავა. უწყების ინფორმაციით, 2026 წლის 27 მაისს გორში ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა. ბრალდებულებს 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გორში მომხდარი ფაქტი არ არის ერთეული შემთხვევა, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც ჯგუფურად, რამდენიმე პირის მონაწილეობით განხორციელდა და საჭიროებს სრულ, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას, განაცხადა დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „საქართველოსთვის“ გიგია ფარულავამ.
„ყველა მონაწილე პირი უნდა იყოს იდენტიფიცირებული და კანონის სრული სიმკაცრით დასჯილი. ასევე აუცილებელია, ასეთ ადამიანებს სამომავლოდ აეკრძალოთ სამართალდამცავ სისტემაში საქმიანობა“, - განაცხადა ფარულავამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოებას აქვს უფლება იცხოვროს ქვეყანაში, სადაც პოლიცია იცავს მოქალაქეებს და არ ძალადობს მათზე, სადაც მთავრობა პასუხს აგებს ხალხის წინაშე.
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, ინციდენტს სისტემური ძალადობის გამოვლინება უწოდა.
იგი მიიჩნევს, რომ რამდენიმე სპეცრაზმელის დაკავება მხოლოდ „ზღვაში წვეთია“, რადგან ძალადობაში მონაწილე ყველა პირი და ბრძანების გამცემი პირი არ არის გამოვლენილი და დასჯილი.
„ეს არის სისტემური ძალადობა, რომელსაც ფესვი აქვს გადგმული. რაც უფრო დაუნდობელია სისტემა საკუთარი მოქალაქეების მიმართ, საკუთარ თავს მალევე შეჭამს“, - განაცხადა დეკანოიძემ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები რეგულარულად ხდება, ამ შემთხვევაში კი დაკავება ვიდეოჩანაწერის არსებობის გამო მოხდა.
„პოლიციელები ადამიანებს ეგრე ექცევიან ამ ქვეყანაში ყოველდღე, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. უბრალოდ ეს მოხვდა ვიდეოკადრებში... უბრალოდ ახლა დაფიქსირდა... ვიდეოზე გამოჩნდა და მაგის გამო მოუწიათ დაკავება. “ჩასვამენ” და მერე ისე გამოუშვებენ, მომკითხავი არ იქნება არავინ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
გორის ინციდენტის ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ ხელისუფლებას სწრაფი რეაგირების საშუალება მისცა, განაცხადა საპასუხოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მან ინციდენტს „ძალიან მძიმე შემთხვევა“ უწოდა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების დაკავება აუცილებელი იყო იმისათვის, რომ მსგავს ინციდენტებს სისტემური ხასიათს არ მიეღო.
„ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და, რა თქმა უნდა, აქ იყო საჭირო მყისიერი სამართლებრივი რეაგირება. საზოგადოებამ იხილა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ადეკვატური, სათანადო, ჯანსაღი რეაქცია ამ მძიმე ფაქტზე“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, არც ერთი სამართალდარღვევა, მითუმეტეს ასეთი ტიპის სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშაონ მაქსიმალურად დახვეწილი ხელწერით. ეს არის ის, რაც მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ და ეს არის ის ხელწერა, რასაც მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
თავის მხრივ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა, პოლიციის თანამშრომლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა თავის მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებს და მსგავსი ინციდენტები აღარ უნდა განმეორდეს.
„მე მინდა ყველა პოლიციელს მივმართო, კიდევ ერთხელ ვუთხრა იმათ, ვინც კანონის დაცვით გვიცავს, ასეთია 99%-ზე მეტი და გვაძლევს ამ ქვეყანაში დაცულობის განცდას, მინდა, მოვუწოდო სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები და მათი აზრით, თქვენ უნდა დაზიანდეთ. გაუხარდათ გუშინ რაც მოხდა, საზარელი სანახავი იყო ეს ყველაფერი და იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო, ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
2026 წლის 27 მაისს პაპუნა ლოცულაშვილის ცემის ამსახველმა კადრებმა ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. ცემის ფაქტი ადგილობრივმა მედიამ გადაიღო. კადრებში ჩანს, როგორ ურტყამენ პოლიციელები დაკავებულს ფეხებს და ხელბორკილების დადების შემდეგ აგრძელებენ მის ცემას. დაზარალებულს ნეკნი აქვს გატეხილი, აქვს დაჟეჟილობები, გარდა ამისა, ის არის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში.
კადრების გავრცელებისთანავე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა სიტუაციაზე, პოლიციის ქმედებებს მიუღებელი უწოდა და შესაბამის ორგანოებს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0