სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerგანათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2026
გამოწერა
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციის გავლა სტუდენტებს ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 8 ივნისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. სავალდებულოა, კონკურსში მონაწილემ 5 ივნისის 18:00 საათამდე გადაიხადოს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასური (10 ლარი) და 8 ივნისის 18:00 საათამდე დაასრულოს რეგისტრაცია.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც შეუძლია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს სტუდენტებს, ყურადღებით გაეცნონ კონკურსში მონაწილეობის აუცილებელ პირობებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში დაასრულონ.
უმაღლესი განათლების რეფორმის თანახმად, 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება ყველა ჩარიცხულისთვის უფასო, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში ფასიანი და იქ უკვე წელს ჩარიცხულ სტუდენტებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს. 2026 წლამდე ჩარიცხულებისთვის კი, მინისტრის ახალი ბრძანებით, კვლავ დარჩება გრანტების მიღების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა, მანამ ვიდრე ისინი სწავლას არ დაასრულებენ. ამის შემდეგ კი, მიმდინარე კანონმდებლობით, საგრანტო გამოცდები აღარ ჩატარდება.
უმაღლესი განათლების რეფორმა
უმაღლესი განათლების რეფორმის პირველი პაკეტი უნივერსიტეტებში სწავლის ვადების შემცირებას და მთავრობისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების ჩარიცხვის კვოტების დაწესების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.
უმაღლესი განათლების რეფორმის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლება შემდეგი მოდელით განხორციელდება: ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სამი წელი, მაგისტრის ხარისხის მისაღებად ერთი წელი და დოქტორანტურისთვის მოსამზადებლად ერთი წელი. კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს.
ამგვარად, სრული პროგრამის დასრულების შემდეგ, 300 კრედიტის მქონე სტუდენტს შესაძლებლობა ექნებათ დოქტორის ხარისხის მისაღებად სწავლა ევროპის უნივერსიტეტებში გაააგრძელონ.
სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველ და მეორე საფეხურებზე სწავლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება, თუმცა ფაკულტეტებზე კვოტებს შემოიღებენ. ცვლილებების თანახმად, უქმდება საგრანტო დაფინანსება. კანონებიდან ყველა ის ნორმა ამოიღეს, რომელიც სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სამაგისტრო გრანტს ეხებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0