პრემიერმა ევროკავშირის ლიდერებს ღია წერილი გაუგზავნა

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2026
გამოწერა
საქართველო ევროკავშირის ხელმძღვანელობისგან ელოდება მკაფიო განმარტებებს ევროკავშირის მომავალ სტრატეგიულ კურსთან და გაერთიანების შიგნით მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით, ნათქვამია განცხადებაში.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროსაბჭოს თავმჯდომარე ანტონიუ კოშტასა და ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართა, რომელშიც ევროკავშირის სტრატეგიულ კურსთან და თანამშრომლობის ღირებულებით საფუძვლებთან დაკავშირებული საკითხები წამოჭრა.
როგორც წერილშია ნათქვამი, საქართველო ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა, სადაც ადამიანის ღირსება, ჰუმანიზმი, თავისუფლება და ეროვნული თვითმყოფადობა არა დეკლარირებული პრინციპები, არამედ საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული, სისხლხორცეული ღირებულებებია.
„სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ცალმხრივად, თქვენი ინიციატივით, შეწყდა პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყანასთან, რის შემდეგაც არაერთხელ იქნა უარყოფილი ჩვენს მიერ შეთავაზებული დისკუსიისა და თანამშრომლობის ფორმატები. ამგვარი ვითარების გათვალისწინებით, იძულებულნი ვართ, ღია წერილით, საჯაროდ მოგმართოთ", - ნათქვამია წერილში.
ქართულმა მხარემ არაერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ფორმალური ინტეგრაციის სურვილით არ არის განპირობებული. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპა, უპირველეს ყოვლისა, აღიქმება როგორც ღირებულებითი და ცივილიზაციური სივრცე, რომელიც ეფუძნება წინაპრების ისტორიულ არჩევანს და ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ქრისტიანული მორალი, თავისუფლება, თანასწორობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და დემოკრატიული ფასეულობები.
„ჩვენთვის ევროკავშირი საერთო, ევროპული ცივილიზაციური სივრცეა, გაერთიანება, რომელიც არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას, ევროპელ ლიდერს თუ ევრობიუროკრატს, არამედ ევროპელ, მათ შორის, ქართველ ხალხს ეკუთვნის", - ნათქვამია განცხადებაში.
ამ კონტექსტში საქართველო, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა, შეშფოთებას გამოთქვამს კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების გამო, რომლებიც, მისი ხელისუფლების შეფასებით, არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და ევროპის სულისკვეთებას.
13 მაისს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში 100-ზე მეტმა პროპალესტინელმა აქტივისტმა საპროტესტო აქცია გამართა, რითაც ისრაელისთვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთების გადაზიდვა და კომპანია Maersk-ის ამ პროცესებში შესაძლო მონაწილეობა გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა სატრანსპორტო გიგანტ Maersk-ის სათავო ოფისის ბლოკირება მოახდინეს. დანიის პოლიციამ საპროტესტო აქციის დაშლისას, დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა.
„ქალბატონო ურსულა, ბატონო ანტონიო, ქალბატონო რობერტა, მოგმართავთ კითხვით თქვენ, როგორც ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლებს - როგორ აფასებთ იმ ძალადობას, რომლიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს?", - ნათქვამია წერილში.
პრემიერ-მინისტრმა ასევე შეშფოთება გამოხატა ზოგადად ევროპაში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების საკითხებზე, მიგრაციულ პროცესებსა და საზოგადოებრივ-ღირებულებით სფეროში მიმდინარე ცვლილებებზე.
როგორც წერილშია აღნიშნული, დემონსტრაციის დარბევის კადრებმა საერთაშორისო რეაქცია გამოიწვია და „შემაშფოთებელ ტენდენციებს“ ასახავს. ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ თუ ადრე ევროპა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ნიმუშად აღიქმებოდა, დღეს საპირისპირო პროცესები ძლიერდება.
„საქართველოსთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია, კატეგორიულად მიუღებელია როგორც ის ძალადობა, რომელიც კოპენჰაგენში ვიხილეთ, ისე ის ფაქტი, რომ ევროკავშირი აღარ იცავს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც დაეფუძნა", - ნათქვამია წერილში.
დასასრულს აღნიშნულია, რომ საქართველო ევროკავშირის ხელმძღვანელობისგან ელოდება მკაფიო განმარტებებს ევროკავშირის მომავალ სტრატეგიულ კურსთან და გაერთიანების შიგნით მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0