თბილისის მერმა გერმანელ ხალხს „სამძიმრის წერილით“ მიმართა

© Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2026
გამოწერა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზაარბრიუკენის გადაწყვეტილების მიზეზად გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შემცირება დასახელდა.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოსა და გერმანიის ხალხებს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მიუხედავად, სამწუხაროდ, „დიფ სთეითის“ მორჩილი გერმანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო, ისტორიული მეგობრობაც კი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება, ნათქვამია თბილისის მერის კახა კალაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „გერმანელი ხალხისადმი სამძიმრის წერილში“.
18 მაისს გერმანულმა გამოცემა Saarbrücker Zeitung-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 51-წლიანი პარტნიორობის შემდეგ, გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი საქართველოს დედაქალაქ თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტას გეგმავს. გამოცემის ცნობით, ქალაქის სათათბირო ორგანო მეგობრობის შეწყვეტის საკითხს ხუთშაბათს, 21 მაისს განიხილავს. ზაარბრიუკენის გადაწყვეტილების მიზეზად გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შემცირება დასახელდა.
„გერმანელი ბიუროკრატები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებას ჩქარობენ და „გადამჭრელ ზომებს“ იღებენ, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი 50-ზე მეტი წლის წინ დაძმობილებულ თბილისთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს", - დაწერა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ „ცალმხრივი პოლიტიკური კონიუნქტურის" გამო ზიანდება ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული კულტურული და პარტნიორული კავშირები.
„საქართველოსა და გერმანიის ხალხებს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მიუხედავად, სამწუხაროდ, „დიფ სთეითის“ მორჩილი გერმანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო, ისტორიული მეგობრობაც კი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება“, - ნათქვამია წერილში.
მისი თქმით, თუ გერმანიას ევროპულ სახელმწიფოებში არსებული პოლიტიკური ვითარება რეალურად აწუხებთ, ამ აბსურდული გადაწყვეტილებების მიღების ნაცვლად სჯობდა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით მომხდარ იმ უმძიმეს მოვლენაზე გაემახვილებინა ყურადღება, რაც ამ დღეებში დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მოხდა.
„იქ მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს", - დაწერა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, ყოველივე ზემოთქმული ყველაზე უკეთ ასახავს იმ „აბსურდულ, ამავდროულად კი ტრაგიკულ მდგომარეობას, რაშიც გერმანიის მოსახლეობა არსებული ბიუროკრატიის პირობებში აღმოჩნდა".
„არსებული ბიუროკრატიის პირობებში, რომელიც არა გერმანელების, არამედ „დიფ სთეითის“ ინტერესს ემსახურება საუბარია რაციონალურ გერმანელ ხალხზე და ქვეყანაზე, რომელიც მაღალი პოლიტიკური კულტურით და ევროპული ღირებულებების პატივისცემით გამოირჩეოდა", - დაწერა კალაძემ.
როგორც ქალაქის მერი მიიჩნევს, ალბათ, ამიტომაცაა, რომ გერმანულ საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვები იმის შესახებ, რამდენად პასუხობს არსებული ბიუროკრატიული მმართველობა თავად გერმანელი ხალხის ინტერესებსა და საჭიროებებს.
„ჩვენ გვჯერა, რომ გერმანულ საზოგადოებას აქვს საკმარისი სიბრძნე და შესწევს ძალა, რათა შეინარჩუნოს დამოუკიდებელი აზროვნება, დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები და შეძლოს იმგვარი პოლიტიკური ძალის მოყვანა ხელისუფლებაში, რომელიც გერმანიისა და გერმანელების რეალური პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს და გერმანელი ხალხის ნებას დაემორჩილება,“ - ნათქვამია წერილში.
ზაარბრიუკენამდე, პირველი ქალაქი, რომელმაც საქართველოს დედაქალაქთან პარტნიორობა შეწყვიტა, არის საფრანგეთის ქალაქი ნანტი. ნანტმა, რომელიც 1979 წლიდან იყო დაძმობილებული თბილისთან, აღნიშნული გადაწყვეტილება 2025 წლის ივნისში მიიღო. მიზეზებს შორის დასახელდა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, დემოკრატიული პროცესების გაუარესება, ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების დევნა და საპროტესტო აქციების მონაწილეებზე ძალადობა.
ყველა ახალი ამბავი
0