საქართველომ ვაიმარის სამკუთხედთან შეხვედრაზე ევროკავშირთან დიალოგისთვის მზაობა დაადასტურა

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაციის შენობა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2026
გამოწერა
ხელისუფლება განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას.
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე იქნება დაფუძნებული, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ჟორჟოლიანი თბილისში შეხვდა გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის — ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების — წარმომადგენლებს. მოლაპარაკებებში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მიმოიხილეს, ხაზი გაესვა კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, საქართველო კვლავაც ადასტურებს მზაობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან დიალოგისა და წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჟორჟოლიანის თქმით, ხელისუფლება განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ნიკლას ვაგნერმა, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა ბრის როკფეიმ და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაიკლ გიერგონმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
ყველა ახალი ამბავი
0