არ პასუხობს ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს: საქართველოში ევროსაბჭოს რეზოლუცია შეაფასეს

© photo: Sputnik / Алексей Витвицкийევროკავშირის დროშები
ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2026
გამოწერა
ევროპის საბჭოს კონგრესის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულმა კრიტიკულმა რეზოლუციამ თბილისის საკრებულოს წარმომადგენლების მხრიდან მკაცრი წინააღმდეგობა გამოიწვია - მათი თქმით, დოკუმენტი ქვეყანაში არსებულ ვითარებას ამახინჯებს და ქართველი ხალხის ინტერესებს უგულებელყოფს.
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. ევროპის საბჭოს კონგრესზე წარდგენილ რეზოლუციაში ასახული შეფასებები და მოთხოვნები არ შეესაბამება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, განაცხადა თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის 50-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის 50-ე პლენარული სესია სტრასბურგში 31 მარტიდან 2 აპრილამდე მიმდინარეობს. სესიაზე კონგრესმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში ასახულია სპეციალური დელეგაციის მიერ საქართველოში 2025 წლის სექტემბერში, 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ ვიზიტის დასკვნები. კონგრესმა დაასკვნა, რომ ქვეყანაში ადგილობრივი დემოკრატია საფრთხის ქვეშაა დემოკრატიული უკუსვლის, მაღალი პოლარიზაციის, ადგილობრივ თვითმმართველობაში ერთპარტიული მმართველობისა და დემოკრატიული სტანდარტების აღდგენის მიზნით ადრე გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო.
„სამწუხაროდ, რეზოლუციაში ასახული შეფასებები და მოთხოვნები არ შეესაბამება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს... სინამდვილეში ყველამ იცის, რომ საქართველოში ჩატარდა თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები, რომელიც სრულად ასახავდა ქართველი ხალხის ნებას“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
მისი თქმით, რეზოლუცია მთლიანად ეწინააღმდეგება სინამდვილეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა სწორად აფასებს წარსულს და გონივრულ არჩევანს აკეთებს მომავალზე.
ვარდოსანიძის თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის შეფასებებსა და დასკვნებზე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების პარალელური დათვლით მანიპულირებდა.
„რეზოლუცია ფეიერვერკებს დადებითად აღწერს, როგორც პროტესტის სიმბოლოს, რომელიც სინამდვილეში ძალადობის სიმბოლო იყო. ძალადობრივი მიტინგები, მათ შორის პრეზიდენტის ან პარლამენტის სასახლის შტურმი, მშვიდობიან პროტესტად არის აღწერილი. ეს რამდენიმე მაგალითი უკვე აჩვენებს, თუ რამდენად აბსურდულია რეზოლუცია, რომელსაც დღეს მხარს დაუჭერთ“, - განაცხადა ვარდოსანიძემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას, ისევე როგორც ქართველ ხალხს, ექნება ადეკვატური რეაქცია ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებზე.
ვარდოსანიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს რთულ გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე, რეგიონულ პრობლემებზე და ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე.
„ყველა უნდა გავერთიანდეთ იმ იდეის გარშემო, რომელსაც მშვიდობის შენარჩუნება ჰქვია. ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კარგად ვიცით, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში ხალხის დაკვეთა რეალურად არის პროგრესი, მშვიდობა, სტაბილურობა. ამ იდეისთვის ყველანი ერთ მხარეს უნდა ვიყოთ და ევროპასა და მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ“, - განაცხადა მან.
დასასრულს ვარდოსანიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა საკმაოდ ავტორიტეტული საზოგადოებრივი ინსტიტუტია და ხელისუფლება მის განმტკიცებაზე მუშაობას აგრძელებს.
„ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მზად ვართ ყველა სახის საქმიანი და თანასწორი თანამშრომლობისთვის. იმედი მაქვს, ერთობლივი მუშაობა საერთო სიკეთემდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
მასთან ერთდ სესიაში მონაწილეობა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ მიიღო.
როგორც აბაშიძემ აღნიშნა, მოსალოდნელი იყო, რომ კონგრესის მოხსენებაში საქართველოში 4 ოქტომბერს მომხდარი მოვლენები თუნდაც ერთ წინადადებაში იქნებოდა დაგმობილი.
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
„მათი შეფასებები ადასტურებს, რომ კენჭისყრა მიმდინარეობდა შეუფერხებლად, ინციდენტების გარეშე და დემოკრატიულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც ვიხილეთ 4 ოქტომბერს არჩევნების დასრულებისთანავე“, - განაცხადა აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში 64 მერი და საკრებულოების წევრები აირჩიეს. მან ამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მოწვევის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევნებში ჩართულმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს ხმის მიცემის პროცესის ორგანიზების მაღალი სტანდარტი, თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენება, კენჭისყრის ფარულობის დაცვა და პროცედურების გამჭვირვალობა.
აბაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ კონგრესს შეუძლია კონსტრუქციული როლი შეასრულოს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევის პროცესის ხელშეწყობაში.
ყველა ახალი ამბავი
0