აკრძალვა პლასტიკის ბოთლებზე - ბიზნესის რეაქცია მთავრობის გადაწყვეტილებაზე

© photo: Nabeghlavi / FB„ნაბეღლავი“
„ნაბეღლავი“ - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2026
გამოწერა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2027 წლის 1 თებერვლიდან პლასტმასის ბოთლებით სასმელების გაყიდვა სრულად აიკრძალება.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აკრძალოს სამ ლიტრზე ნაკლები მოცულობის პლასტმასის ბოთლებით სასმელების გაყიდვა და იმპორტი, ბიზნესი მოსალოდნელ ზარალსა და ფასების ზრდაზე ალაპარაკდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2027 წლის 1 თებერვლიდან პლასტმასის ბოთლებით სასმელების გაყიდვა სრულად აიკრძალება. ხოლო 2026 წლის 1 ივლისიდან პლასტმასის ბოთლებით სასმელების აკრძალვა კაფეებსა და რესტორნებზე გავრცელდება. საქართველოს მთავრობამ ამ მკვეთრი გადაწყვეტილების მიზეზად ეკოლოგიაზე ზრუნვა დაასახელა.
ექსპერტების აზრით, ბაზრიდან პლასტმასის ბოთლების ამოღება გამოიწვევს ორი და მეტი ლიტრის მოცულობის გაზიანი სასმელების გაქრობას, რადგან მსგავსი მოცულობის შუშის ბოთლების წარმოება სასმელის ღირებულებას მინიმუმ 50%-ით გაზრდის. სხვა მოცულობის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების წარმოების ღირებულება დაახლოებით 20-30%-ით გაიზრდება.
კომპანია Coca-Cola Bottles Georgia-ს ხელმძღვანელი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ კომპანიისთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა პლასტიკის გადამუშავების საკუთარი სისტემის შექმნა, ვიდრე მინის ან თუნუქის ქილებზე გადასვლა.
„რეციკლირება და გადამუშავება გაცილებით მოგებიანია, ვიდრე [პლასტიკის] აკრძალვა - ფინანსურად, ბუნებასთან ურთიერთობაში, დასაქმებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში - გაცილებით მოგებიანია“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
მისი თქმით, მისი კომპანია მზადაა ნარჩენების გადამუშავების ინდუსტრიის შესაქმნელად.
„ამ ინდუსტრიის შესაქმნელად ყველა საშუალება გვაქვს, რომ შევქმნათ ახალი შემოსავლები, ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ტექნოლოგიები, რაც მთელ მსოფლიოში წარმოუდგენლად მოგებიანი ბიზნესია“, - აღნიშნა ჭყონიამ.
კომპანიაში „წყალი მარგებელი“, რომელიც მინერალურ და სასმელ წყალთან ერთად წვენებსა და ლიმონათს უშვებს, განაცხადეს, რომ აკრძალვამ შესაძლოა ფინანსური ზარალი, კადრების ოპტიმიზაცია, კომპანიების ნაწილის დახურვა გამოიწვიოს.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აკრძალვა არ არსებობს. ამავდროულად, ინდუსტრიაში განხორციელებულია მრავალმილიონიანი, გრძელვადიანი ინვესტიციები, რის ფონზეც აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ადგილობრივ წარმოებას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის ვარაუდით, ამ რეგულაციის არსებული ფორმით ამოქმედება აღნიშნული დარგისთვის ნიშნავს მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს და შექმნის თანამშრომლების სერიოზული ოპტიმიზაციის საჭიროებას.
„არსებობს რეალური რისკი, რომ ზოგიერთმა კომპანიამ სრულად შეწყვიტოს საქმიანობა ან მნიშვნელოვნად შეამციროს წარმოება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წელს საქართველომ 79,2 მილიონი დოლარის ღირებულების შუშის ბოთლები შეიძინა.
საქართველოს შუშის ბოთლების მთავარი მომწოდებლები რუსეთი და სომხეთი არიან, ამ ქვეყნებიდან შუშის ბოთლების იმპორტი 83,7%-ს შეადგენს.
საქართველო შუშის კონტეინერებს ასევე აზერბაიჯანიდან, ჩინეთიდან და უკრაინიდან ყიდულობს.
ყველა ახალი ამბავი
0