ვოლსკი: ლომჯარია ევროპელ ელჩებს ქართველებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას სთხოვს

© press-service of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2026
გამოწერა
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ყოფილი სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია ევროპის ელჩებთან საიდუმლო შეხვედრებს მართავს და ითხოვს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, რათა თავის ქვეყანას ზიანი მიაყენოს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ექსკლუზიური კადრები ნინო ლომჯარიასა და საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერს შორის საიდუმლო შეხვედრის შესახებ. „იმედის“ მონაცემებით, საელჩოში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი განიხილეს.
„ეს არ არის მხოლოდ გამოთქმა, ეს არის გეგმა, რომელსაც მიყვება ნინო ლომჯარია და ის გუნდი, რომელსაც ჩვენ ექსტრემისტებს, უსამშობლოებს ვუწოდებთ. საუბარი არ არის მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, ზოგადად ფართო სპექტრი განიხილება იმაზე, რა რესურსით შეიძლება საქართველოს ხელისუფლება და მთლიანად საქართველო დაზიანდეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს ფინანსების შემოტანის და ექსტრემისტების საქმიანობისთვის მათი გამოყენების საკითხები, რევოლუციის სცენარი, ხელისუფლებაში მარიონეტული ხელისუფლების მოსვლის საკითხები.
„ნინო ლომჯარიას ფრთიანი გამოთქმა, რომ ჯობია ბომბები გვეცემოდეს თავზე, ვიდრე შერცხვენილები ვიყოთ და არ ვიყოთ ომში ჩართულები, რასაკვირველია დღის წესრიგში დგას და კონკრეტულ ამოცანას ემსახურება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, რადიკალების აზრით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ერთადერთი დარჩენილი რესურსია.
„ყველა მცდელობამ, რომ ეკონომიკური პრობლემები შექმნილიყო, ბიზნესმენების მხრიდან საბოტაჟი ყოფილიყო, რომ დარტყმები წასულიყო ვალუტის კურსზე, არ გაამართლა, არ მოხდა და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ საქართველო მაინც უმაღლეს დონეზეა შეფასებული - ეს არ მოხდა, ვერ განხორციელდა. აქედან გამომდინარე, ახლა იხილავენ შესაძლებლობას, რომ როგორმე ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით საქართველოს ხელისუფლებას მიადგეს ისეთი ზარალი, რომელიც განპირობებული იქნება აღშფოთებული საზოგადოების ქუჩაში გამოსვლით“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ევროკომისიამ 6 მარტიდან შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის.
ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 6 მარტიდან საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს ვიზის ფლობა მოეთხოვებათ შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნებისთვის შესვლისას.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოხდა ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმის გამოყენება, რომელიც 2025 წლის ბოლოს ამოქმედდა, რაც მესამე ქვეყნებისთვის სავიზო მოთხოვნების სწრაფად აღდგენის საშუალებას იძლევა 12-დან 36 თვემდე ვადით.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
ყველა ახალი ამბავი
0