ერთჯერადად: პირველკლასელი გახდება ბავშვი, რომელსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება

© Sputnik / STRINGERპირველკლასელები
პირველკლასელები - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2026
გამოწერა
თებერვლის ბოლოს პარლამენტში 500-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია შევიდა, რომლის ავტორებიც ითხოვდნენ გამონაკლისის სახით პირველ კლასში იმ ბავშვების ჩარიცხვას, რომლებსაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.
თბილისი, 3 მარტი - Sputnik. გამონაკლისის სახით, 2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაციას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი. აქამდე პირველ კლასში იმ ბავშვებსაც იღებდნენ, რომლებსაც ექვსი წელი 31 დეკემბრამდე უსრულდებოდათ.
მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში საზოგადოების განხილვის საგნად იქცა.
„საბოლოოდ შევჯერდით და გაცნობებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი", - განაცხადა მიქანაძემ.
თებერვლის ბოლოს პარლამენტში 500-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია შევიდა. პეტიციის ავტორებმა ხელისუფლებას საკითხის გადაჭრის ორ გზა შესთავაზეს - მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, პირველ კლასში ჩარიცხვის უფლება 2020 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დაბადებული ბავშვებისთვის მიეცათ ან ამ ბავშვების მზაობა შეეფასებინათ და პირველ კლასში ჩარიცხვაზე გადაწყვეტილება შეფასების საფუძველზე მიეღოთ.
თუმცა, მაშინ როგორც განათლების სამინისტრომ, ისე პარლამენტის განათლების კომიტეტმა დასმულ საკითხზე განხილვის გაგრძელება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
როგორც კომისიის სხდომაზე განათლებისა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განაცხადა, 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში ე.წ. ფრესკულები მოეწყო და 6 წლამდე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ სასკოლო მომზადება ფიზიკურად სკოლის გარემოში გაიარონ, ხოლო მომდევნო წელს სწავლა სკოლაში განაგრძონ. მისი ინფორმაციით, 2025-2026 სასწავლო წლისთვის 6 წელი 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში დაბადებულ 14.687 ბავშვს შეუსრულდა, მათგან სკოლაში 8.329 ბავშვი დარეგისტრირდა.
სიახლეები ახალი სასწავლო წლიდან:
საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც ქვეყანაში სასკოლო განათლების რეფორმის საფუძველი გახდება. ცვლილებები პირველკლასელების რეგისტრაციასაც შეეხო. კერძოდ:
2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი. აქამდე პირველ კლასში მხოლოდ იმ ბავშვებს იღებდნენ, რომლებსაც ექვსი წელი 31 დეკემბრამდე შეუსრულდებოდათ.
2026-2027 სასწავლო წლიდან ცვლილება შედის პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესშიც. საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების ეტაპამდე, დაემატა მესამე „ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპი, რომლის მიზანს მოსწავლეთათვის საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილთან ახლომდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდა წარმოადგენს.
„ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპში ჩართული იქნება 12 ქალაქი – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, რომლებიც სასკოლო უბნებად იყოფა და ფოთი, ზუგდიდი, თელავი, ამბროლაური, ახალციხე, ოზურგეთი, მცხეთა და გორი, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრებით შემოიფარგლება.
თბილისის შემთხვევაში მოსწავლეებს, უფლება ექნებათ დარეგისტრირდნენ მომიჯნავე სასკოლო უბნის იმ სკოლებშიც, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულია არაუმეტეს 1 კილომეტრით.
ყველა ახალი ამბავი
0