მიქანაძე: ისრაელში შოთა რუსთაველის სახელობის ქართველოლოგიის ცენტრი გაიხსნება

© Courtesy of Givi Mikanadzeგივი მიქანაძე
გივი მიქანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2026
გამოწერა
აღნიშნული ცენტრის გახსნა ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას და მსოფლიო მასშტაბით ქართული ენის ცნობადობის ამაღლების კუთხით
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე წელს იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის ქართველოლოგიის ცენტრი გაიხსნება, ნათქვამია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ისრაელში ვიზიტით 30 იანვარს გაემგზავრა, სადაც ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენციაში – EducAItion 2026 მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში მიქანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ისრაელის განათლების მინისტრ იოავ კიშთან, ისრაელის ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრ გილა გამლიელთან და ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერ ამირ ოჰანასთან.
უწყების ცნობით, საქართველოს განათლების მინისტრი დღეს იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტს ეწვია, სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა.
„დეტალურად განვიხილეთ ის კონკრეტული ასპექტები, რომლებიც ქართველოლოგიის ცენტრის დაფუძნებასა და განვითარებას ეხება. მივიღეთ სრული მხარდაჭერა როგორც უნივერსიტეტის რექტორისა და ხელმძღვანელობის, ასევე ჰუმანიტარული ფაკულტეტის წარმომადგენლების მხრიდან. უახლოესი თვეების განმავლობაში ყველა საჭირო პროცედურას გავივლით, რის საფუძველზეც ჩვენ უკვე შევძლებთ, რომ მიმდინარე წელს იერუსალიმის უნივერსიტეტში გავხსნათ შოთა რუსთაველის სახელობის ქართველოლოგიის ცენტრი“, - განაცხადა მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქართული ენის და ქვეყნის პოპულარიზაციას.
„რაც მთავარია, ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს საქართველოს გაძლიერებისა და მსოფლიო მასშტაბით ქართული ენის ცნობადობის ამაღლების კუთხით“,-აღნიშნა მიქანაძემ.
მინისტრმა საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. როგორც მან აღნიშნა, ებრაულ უნივერსიტეტს მდიდარი ტრადიციები და ისტორია აქვს, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტი მსოფლიო რეიტინგში დღესაც საპატიო ადგილს იკავებს.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი უკვე შეხვდა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქ უნეტარეს თეოფილე III-ს, საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების და ხელოვნური ინტელექტის კომპანია CyberProAI-ის პრეზიდენტ გაბი აშკენაზის და ისრაელში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ეწვია საკვირაო სკოლა „მამულს“.
ყველა ახალი ამბავი
0