იმედს ვიტოვებთ მოვძებნით საერთო პოზიციას ბიზნესთან: ვოლსკი ფასების დარეგულირებაზე

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2026
გამოწერა
მომავალ კვირაში ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია შეიქმნება, რომელსაც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. იმედს ვიტოვებთ, რომ მოვძებნით საერთო პოზიციას ბიზნესთან, რათა არც ბიზნესი დაზარალდეს და, რასაკვირველია, ფასებთან მიმართებაში მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც შეამსუბუქებს მომხმარებელთა მდგომარეობას, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ ორი კვირის განმავლობაში შეისწავლა სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასების საკითხი. კომისიამ გამართა შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან და მათი არგუმენტები მოისმინა.
ვოლსკი დარწმუნებულია, რომ ფასები, უწყებების კოორდინირებული მუშაობით, დარეგულირდება.
„არამხოლოდ დაინტერესებული მხარეები, საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები და ბიზნესის წარმომადგენლები უნდა იყვნენ ინფორმირებული თუ რა პროცესი მიმდინარეობს, ვის რა პოზიცია გააჩნია და სად არის ფასების შემცირების რეზერვი, არამედ საზოგადოება უნდა იყოს სრულად ინფორმირებული რა პრობლემები არსებობს", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო სივრცეში დებატებისა და განხილვების გამართვა უზრუნველყოფს საზოგადოების ფართო ინფორმირებას და გამჭვირვალობას.
ფასების დარეგულირების საკითხს მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომისია შეისწავლის, რომელსაც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. პირველი სხდომა მას შემდეგ გაიმართება, რაც საკითხს ორშაბათის ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებენ და დამტკიცდება კომისიის შემადგენლობაც.
კომისია 14 წევრისგან შედგება, რომელთაგან შვიდი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იქნება, სამ-სამი - ფრაქციებიდან „ხალხის ძალა“ და „საქართველოსთვის“, ხოლო ერთი - „ევროპელი სოციალისტებიდან“.
ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური თემა გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც ეხებოდა სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს.
ყველა ახალი ამბავი
0