საწვავის ფასები: კობახიძე მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

© Sputnik / Alexander Imedashviliბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2026
გამოწერა
ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური გახდა კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც საკვებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ხელოვნურად გაბერილ ფასებს შეეხებოდა.
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში საქართველოში მოქმედი საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
20 იანვარს სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.
კომისიის სხდომაზე განიხილეს საქართველოში საწვავზე არსებული ფასები და მისი შესაძლო შემცირების რესურსი.
როგორც აღინიშნა, რომ სასურსათო პროდუქციისგან განსხვავებით, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასები გაცილებით დაბალია, რაც მათ შორის განპირობებულია იმით, რომ აქციზის გადასახადი საქართველოში ევროპულ ქვეყნებში დაწესებულ შესაბამის გადასახადზე დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია, თუმცა ამის მიუხედავად, გარკვეული დისკუსია ფასების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით შესაძლებელია.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო რეჟიმში დიალოგი გაგრძელდება.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით დისკუსია მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომისიის ფორმატში გადაინაცვლებს. კერძოდ, 3 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება და მომავალი სესიის მთავარი თემა იქნება სურსათზე, საწვავსა და მედიკამენტებზე ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნა. 14 წევრიან კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და, შესაძლოა, კარტელური გარიგებების ნიშნები არსებობდეს. სურსათზე ფასების საკითხს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ისე პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეისწავლის.
სამთავრობო საკოორდინაციო კომისია 2025 წლის დეკემბერის ბოლოს შეიქმნა, კომისიის შემადგენლობა კი 5 იანვარს დამტკიცდა. სამთავრობო კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და მუშაობას, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად.
ყველა ახალი ამბავი
0