რუსთავში 800 დევნილი ოჯახისთვის ოთხი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე ობიექტი
მშენებარე ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2025
გამოწერა
მიმდინარე წელს სრულად გარემონტებული ბინები, ჯამში 1 614 დევნილ ოჯახს გადაეცა.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. რუსთავში დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება - 4 ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებულ ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
დევნილთა სააგენტომ რუსთავში აღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექსში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განაცხადების შეფასების პროცესი უკვე დაიწყო. თითოეულ ოჯახს, კანონმდებლობის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე წინასწარი ქულა მიენიჭება.
რუსთავში იძულებით გადაადგილებული 800 ოჯახის განსახლება მომდევნო წელს იგეგმება.
უწყების ცნობით, სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით გათვალისწინებულია სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნის და სავარჯიშო სივრცეების მოწყობა. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება თითქმის 81 მლნ ლარს შეადგენს.
მიმდინარე წელს სრულად გარემონტებული ბინები, ჯამში, 1.614 დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის, 762 ოჯახი თბილისში ცოტა ხნის წინ განსახლდა. ამ ეტაპზე რუსთავის პარალელურად საცხოვრებელი კომპლექსები 3 ქალაქში - თბილისში, ზუგდიდსა და ბორჯომში შენდება.
საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0