კობახიძე: საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის მტკიცედ ერთგული რჩება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ჩინეთის დროშები
საქართველოს და ჩინეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2025
გამოწერა
მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინეთთან თანამშრომლობა ხელშესახებ შედეგებს იძლევა ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების სფეროში.
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის მტკიცედ ერთგული რჩება, გვსურს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო, მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია და გავაღრმავოთ თანამშრომლობა სექტორების ფართო სპექტრში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ქართული დელეგაცია, პრემიერ კობახიძის მეთაურობით, შანხაიში ვიზიტით 3 ნოემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ რიგ შეთანხმებებს მოეწერება ხელი. გარდა ამისა, საქართველო მონაწილეობას იღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც დღეს, 5 ნოემბერს გაიხსნა.
„ძლიერ ეკონომიკურ ფუნდამენტურ მახასიათებლებთან ერთად, საქართველოს ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ქვეყანას ჩინეთსა და ევროპას შორის მთავარ სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტად აქცევს, აძლიერებს რეგიონულ კავშირს და მხარს უჭერს მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობას“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩინეთის მერვე საერთაშორისო იმპორტის გამოფენა, დაარსების დღიდან გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა ვაჭრობის გაძლიერების, პარტნიორობის ხელშეწყობისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების პოპულარიზაციისთვის. მისი განცხადებით, გამოფენა ხელს უწყობს უფრო ღია და მდგრადი გლობალური ეკონომიკის ჩამოყალიბებას.
„ჩინეთსა და საქართველოს ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებთ. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებამ ჩვენს ურთიერთობებში ახალი თავი გახსნა. საქართველო სულ უფრო მეტად იძენს ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული დამაკავშირებლის როლს. ჩვენი თანამშრომლობა კვლავ იძლევა ხელშესახებ შედეგებს ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების სფეროში, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ მდგრადობას“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველო და ჩინეთი
ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 2024 წელს დაახლოებით 1,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (17%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე), რაც მთლიანი ბაზრის 8,2%-ს შეადგენს.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
ყველა ახალი ამბავი
0