ფაშისტური პროვოკაციები: „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს თავს დაესხნენ

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2025
გამოწერა
პარლამენტის სპიკერის თქმით, საარჩევნო კამპანიის დროს უცხო ქვეყნის ელჩის მიერ ექსტრემისტების მხარდაჭერა და ძალადობის არდაგმობა არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია, რომელიც არღვევს ვენის კონვენციას.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერის მხარდაჭერილი „ტიტუშკები“ ფაშისტური შეძახილებით თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ შტაბს, დაწერა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ორშაბათს, 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა - ვითარების განმუხტვა ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა შეძლეს.
„გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები“ დღეს, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს", - დაწერა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის დროს უცხო ქვეყნის ელჩის მიერ ექსტრემისტების მხარდაჭერა და ძალადობის არდაგმობა არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია, რომელიც არღვევს ვენის კონვენციას.
კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა ლევან მაჭავარიანმა მომხდარს საარჩევნო პროცესში უხეში ჩარევა უწოდა - დეპუტატმა გაკვირვება გამოხატა ევროკავშირის ელჩისა და დიპლომატიური კორპუსის დუმილის გამო.
მისი თქმით, „ლიბერალური ფაშიზმის" მომხრეებმა შტაბის წინ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია მოაწყვეს.
„ამ შტაბში იმყოფება ძალიან ბევრი ადამიანი და შესაბამისად, ძალიან რთულია, ამ ადამიანების მოთოკვა, ვინაიდან ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია ჩვენი ღირსება. როდესაც ეხებიან შენს ღირსებას და ამას აკეთებენ გამიზნულად, საშინელი სიტყვებით ხდება შეძახილები და ასე შემდეგ, ძალიან რთულია, შტაბში მყოფი ადამიანების მოთოკვა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
„ლიბერალური ფაშიზმის“ უკან მმართველი პარტია მოიაზრებს ტყუილს, განსხვავებული აზრის სრულ მიუღებლობას და საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივებას უცხოური დაფინანსების დახმარებით.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მმართველი პარტიის მომხრეები აქციის მონაწილეებზე ხუთჯერ მეტნი იყვნენ.
„ამ ყველაფრის მიუხედავად, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ ჩვენს ყველა მხარდამჭერს, თავი შეიკავონ, რადგანაც ეს პირდაპირ მიმართულია და ემსახურება მათ მიზნებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მელიქიშვილის გამზირზე მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბი 3 სექტემბერს გაიხსნა. შტაბ-ბინიდან რამდენიმე კილომეტრში, რუსთაველის გამზირზე ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები 2024 წლის ნოემბრიდან ყოველდღე იკრიბებიან.
საქართველო და დასავლეთი
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
დასავლეთი ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში და ანტიდასავლურ რიტორიკაში. ხელისუფლება აცხადებს, რომ ურთიერთობები გაუარესებულია დასავლეთის უკმაყოფილების გამო, მათ არ მოსწონთ ქვეყნის პოზიცია უკრაინაში კონფლიქტის საკითხზე, სუვერენიტეტის შენარჩუნების მისწრაფება.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.
ყველა ახალი ამბავი
0