საქართველოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 12 მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2025
გამოწერა
ამ დროისთვის დაკავებულთა მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად ბოლო 24 საათში თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი დააკავეს, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი დონდოლაძემ ბრიფინგზე.
ყველა დაკავებული თურქეთის მოქალაქეა. ისინი თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდნენ.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 12 პირიდან 8 პირი საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა, 4 პირი კი საქართველოში შემოსულია უკანონოდ, რის საფუძველზეც მიმდინარეობს შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პროცედურები“,- განაცხადა დონდოლაძემ.
მისი თქმით, დაკავებულ პირთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში ბრალდებული პირები, კერძოდ:
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის (მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის), მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნისა და წევრობის, გამოძალვის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, ნარკოტიკული დანაშაულის, დოკუმენტების გაყალბების, საინვესტიციო თაღლითობასა და მითვისების 178 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები.
ამასთან, სამართალდამცველების მიერ ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე უკანონოდ ინახავდა.
ამჟამად თორმეტივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ირაკლი დონდოლაძემ ასევე აღნიშნა, რომ , ძებნილი პირების ადგილსამყოფელის დადგენისა და მათი დაკავების ოპერაციას წინ უძღოდა ხანგრძლივი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რომელთა დაგეგმარებაშიც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ასევე, ჩართული იყო თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის ბიურო, თურქეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფები და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის პოლიციისა და ჟანდარმერიის ატაშეები.
ყველა ახალი ამბავი
0