ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა

© Government of Georgiaვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2025
გამოწერა
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში თავად გომელაურმა გაავრცელა.
გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად პირველად 2015 წელს დაინიშნა. შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. 2019 წლის 8 სექტემბერს კი მან კვლავ ჩაიბარა მინისტრის პორტფელი.
„საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები. 2011 წლიდან ვიყავი იმ ბრძოლის თანამონაწილე, რომელსაც სათავეში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა და რომელმაც ჩვენს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები მოუტანა", - დაწერა გომელაურმა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, მისთვის ძვირფასი და საამაყოა ყველა ის მიღწევა, რომელიც ქვეყანამ სამთავრობო გუნდის ხელმძღვანელობით მიაღწია.
„აქედან გამომდინარე, ვრჩები ამ გუნდის ერთგული. მომავალშიც, ნებისმიერ დროს, მზად ვარ გვერდში დავუდგე სახელმწიფოს და მმართველ გუნდს, თუ ამას საჭიროება მოითხოვს", - დაწერა მან.
როგორც გომელაურმა დაწერა, 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იგი იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს.
„რასაკვირველია, ამდენი წლის მანძილზე უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნა ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდ ენერგიას მოითხოვს. დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს – მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო", - დაწერა გომელაურმა.
მან მადლობა გადაუხადა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და სამთავრობო გუნდს.
„ვრჩები ჩემი ქვეყნისა და გუნდის ერთგული. ჩემს ქვეყანას და ხელისუფლებას მშვიდობას, უსაფრთხოებას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას ვუსურვებ. პატივისცემით, პოლიციის გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური“, – ნათქვამია განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0