საქართველო და ინდოეთი განათლების სფეროში თანამშრომლობას გააფართოვებენ

© фото - Министерство спорта и по делам молодежи Грузииსაქართველოს და ინდოეთის განათლების მინისტრები ალექსანდრე წულაძე და სუკანთა მაჯუმდარი
საქართველოს და ინდოეთის განათლების მინისტრები ალექსანდრე წულაძე და სუკანთა მაჯუმდარი - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2025
გამოწერა
საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დაამყარეს.
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოსა და ინდოეთის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოების, ასევე ერთობლივი გაცვლითი და სადოქტორო პროგრამების განხორციელების საკითხები განიხილა ინდოეთში ვიზიტიტით მყოფმა საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ინდოეთის განათლების სახელმწიფო მინისტრ სუკანთა მაჯუმდართან შეხვედრისას.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების მინისტრმა ოფიციალური შეხვედრა გამართა ინდოელ კოლეგასთან. მხარეებმა ერთმანეთს განათლების სფეროში არსებული მიღწევები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს. ასევე განიხილეს საქართველოსა და ინდოეთს შორის საგანმანათლებლო კავშირებისა და ინსტიტუციურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას, ერთობლივი გაცვლითი და სადოქტორო პროგრამების განხორციელებას, ასევე, საერთო პუბლიკაციების მომზადებას", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს განათლების მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა და დასძინა, რომ ინდოეთსა და საქართველოს გრძელვადიანი წარმატებული პარტნიორობა აკავშირებთ.
თავის მხრივ, მაჯუმდარმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები, მადლობა გადაუხადა მინისტრს თანამშრომლობისთვის და საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ინდოეთში, რომლის ფარგლებშიც ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში Raisina Dialogue.
ღონისძიებაზე მსოფლიო ლიდერებმა, დიპლომატებმა, ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებმა და მეცნიერებმა განიხილეს გეოპოლიტიკური დინამიკა, გლობალური უსაფრთხოების საკითხები, ეკონომიკური ტენდენციები და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები ამ სფეროებში.
საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დაამყარეს. ამჟამად ინდოეთს არ ჰყავს წარმომადგენლობა თბილისში, ხოლო მისი ელჩი სომხეთში, რომლის რეზიდენცია ერევანში მდებარეობს, საქართველოშიც არის აკრედიტებული.
ყველა ახალი ამბავი
0